
რუსთაველზე უწყვეტი პროტესტის პარალელურად, დროდადრო ხალხმრავალი აქციებიც იმართება, თუმცა ორგანიზატორები ვერ ახერხებენ პროცესის პოლიტიკურ შედეგებში გადათარგმნას, რაც, ანალიტიკოსთა აზრით, ნიშნავს იმას, რომ აქციის ორგანიზატორებს შედეგზე ორიენტირებული სტრატეგია არ აქვთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსთაველის პროტესტი ჯერ ვერ გადაიქცა მთელი ქვეყნის პროტესტად და ფრიად ლიმიტირებული ხასიათი აქვს როგორც გეოგრაფიული, ასევე მასობრიოვობის კუთხით.
„ბოლომდე გამარჯვებამდე"- ამ ლოზუნგით 26 ოქტომბრს, საპარლამენტო არჩევნების წლისთავთან დაკავშირებით მსვლელობა დაანონსდა რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე. პროტესტის მონაწილეები აპროტესტებენ „ქართული ოცნების" პოლიტიკას, ითხოვენ ახალ საპარლამენტო არჩევნებს და აქციების ფარგლებში დაკავებულთა გათავისუფლებას. საწლისთავო აქცია ასევე მოსალოდნელია პრემიერ ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადების დაკავშრებითაც.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე გვიყვება იმ სამ მთავარ პრობლემაზე, რაც ამ პროტესტს აქვს და რის გამოც ვერ ახერხებს პროცესის გარდაქმნა-გადაყვანას კონკრეტულ პოლიტიკურ შედეგებში. მისი თქმით, არ ჩანს სტრატეგია, რაც თითქმის ერთწლიან პროტესტს რეალურ შედეგებამდე მიიყვანს.
„სტრატეგია არ ჩანს, რომელმაც ფართო საზოგადოებას უნდა უთხრას, თუ რა შეიცვლება მას შემდეგ, რაც ისინი დეკლარირებულ მიზანს მიაღწევენ, რომ „ქართული ოცნება" ხელისუფლებას ჩამოაშორონ. ყოველდღიური მიტინგის მონაწილეებისგან რაიმე ღირებული ალტერნატივა ჯერჯერობით არ გამიგია. ახალ არჩევნებს ითხოვენ და პრეტენზია აქვთ, რომ ძველი ლიდერები ჩაანაცვლონ და თავად მოვიდნენ პოლიტიკაში, და შეიძლება 330 დღის განმავლობაში საზოგადოებას ჩამოყალიბებული სახით ალტერნატივა ვერ შესთავაზონ "ოცნების" მიერ შეთავაზებული პროგრამის საპირწონედ?
„მას შემდეგ, რაც ქუჩის გადაკეტვებთან დაკავშირებით შემზღუდველი კანონები შემოვიდა, აქციის მონაწილეებისთვის ეს მაინც უნდა გამხდარიყო რაღაც სტიმული. არაა საჭირო აუცილებლად რუსთაველი გადაკეტო რამდენიმე წუთით, ან საათით, რომ საზოგადოების ყურადღება მიიქციო, არამედ ტროტუარზე ცივილიზებულად დადექი და საზოგადოებას მოახსენე თუ რისთვის იბრძვი. მარტო იმის დეკლარირება, რომ, აი, ჩვენ ევროპაში გვინდა და ხელისუფლება ევროპულ გზას გვიკეტავს, საზოგადოებისთვის საკმარისი არაა. ქართული საზოგადოების მენტალიტეტს და მის მოთხოვნებს ძალიან ცუდად უნდა იცნობდე, რომ თვლიდე, ისინი ასეთი ემოციური მყვირალა ლოზუნგებით დაკმაყოფილდებიან.
„მეორე, ესაა პიროვნული ფაქტორი. ყველა კვლევა, რაც კი ბოლო ოცი წლის განმავლობაში საქართველოში ჩატარებულა, აჩვენებს, რომ ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მაინც პოლიტიკის პერსონალიებზეა ორიენტირებული, ანუ პიროვნულ ფაქტორს უფრო მეტ ყურადღებას აქცევს, ვიდრე პროგრამებს და დოქტრინებს. შესაბამისად, ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა, რომელიც მეინსტრიმულ ოპოზიციას და ქუჩის პროტესტის ნიადაგზე დაბადებულ ახალ მოძრაობებს აქვთ, ლიდერების პრობლემაა.
„არ უნდათ, რომ წინა პლანზე დისკრედიტირებული პოლიტიკოსები წამოსწიონ და მონაწილეთა რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდეს, ისინი ხომ იმაზე აკეთებენ აქცენტს, ჩვენ სუფთა ბიოგრაფიის მქონე ხალხი ვართ, არავითარი კავშირი არ გაქვს იმ წარსულთან და საქართველოს ნათელი ევროპული მომავლისთვის ვიბრძვითო. ამის ისე არტიკულირებას ვერ ახერხებენ, რომ ხალხმა დაიჯეროს და პროცესების თანამონაწილე გახდეს. შევხედოთ პროტესტის ფონზე წარმოიშობილ იგივე „თავისუფლების მოედანს" და სხვებს, რას ლაპარაკობენ მათი ლიდერები, საზოგადოებას რას და როგორი ფორმით აწვდიან. რასაც მე ვუყრებ და არა მარტო მე, ესაა რადიკალიზმით გაჟღენთილი ლოზუნგები, ძალიან მცირე კონკრეტიკა იმისა, თუ რას გააუმჯობესებენ, რას შეცვლიან და ესეც იწვევს იმას, რომ ხალხი მათ დაძახილზე აღარ მიდის, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ არიან აფილირებული იმ წარსულთან, რაც ენმ-ს უკავშირდება.
„მესამე ფაქტორი, ესაა გარე ფაქტორი - ამ ყველაფერში დასავლეთის როლი, თვალნათლივ ჩანს, რომ ეს პროცესები შეიძლება ბოლომდე არა, მაგრამ გარკვეულწილად გარედან იმართება. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მისვლა და დემონსტრაციული გამოჩენა, ღია მხარდაჭერა და ა.შ. ამის ერთ-ერთი ინდიკატორი იყო, სხვა ინდიკატორებთან ერთად. საზოგადოებაში უკვე გაჩნდა აღქმა. ამ აღქმის გამყარებას „ოცნების" საინფორმაციო პროპაგანდისტულმა კამპანიამაც ხელი შეუწყო და სხვათა შორის არცთუ წარუმატებლად, რომ ეს ყველაფერი გარედანაა მართული, რაც ამ პროტესტის მიმართ ნდობას ამცირებს. ესაა არასრული ჩამონათვალი იმისა, თუ რატომაა ქუჩის პროტესტი გაყინული იმ ადგილას, სადაც არის და ვერ ახერხებს ამ პროცესის კონვერტირებას კონკრეტულ პოლიტიკურ შედეგებში", - უთხრა ანჯაფარიძემ „მთელ კვირას".
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი მიიჩნევს, რომ რუსთაველის უწყვეტმა პროტესტმა დიდი შედეგი მოიტანა, კერძოდ ის, რომ „ოცნებას" დღეს სერიოზული ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს, თუმცა ბევრი რამ კიდევ გასაკეთებელია, რათა პროცესი კონკრეტულ შედეგამდე მივიდეს.
„ნებისმიერ აქციას თავისი ამოცანა და რესურსი აქვს, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ მუშაობს დადებითად, ან უარყოფითად. რუსთაველის უწყვეტმა პროტესტმა ძალიან დიდი შედეგი მოიტანა, მისი დამსახურებაა, რომ „ქართულ ოცნებას" ლეგიტიმაციის საკითხი სერიოზულად უდგას და მას ფაქტიურად არავინ არ აღიარებს. ჯერჯერობით არც მკვეთრი განცხადებებია, მაგრამ ფაქტობრივად არ აღიარებენ არც ჩვენი მოკავშირეები, არც დემოკრატიული სამყარო. ეს სწორედ იმ უწყვეტი აქციების შედეგია, რაც რუსთაველზე მიმდინარეობს.
„თუ ადრე, როდესაც ასეთი ხალხმრავალი პროტესტი იყო, მის უკან ლამის საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა იდგა, დღეს ეს საპროტესტო ელექტორატს ვერ აერთიანებს - ოპოზიციას ეს სერიოზული პრობლემა უდგას. ოპოზიციამ ერთიანი გუნდის შეკვრა რომც მოახერხოს, ის ოპოზიციური ამომრჩევლის გაერთიანებას ვერ ახერხებს. ეს პრობლემა კი მხოლოდ რუსთაველზე დგომით და იქ მუდმივი საპროტესტო აქციებით ვერ გადაიჭრება.
„როდესაც ქუჩა იკეტება, მაშინ ეს დემონსტრაციულად უნდა მოხდეს, მაგრამ ამას ძალიან დიდი ადამიანური რესურსი სჭირდება, დღეს ოპოზიციას და რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს ასეთი რესურსი თუ არ აქვს, მაშინ ამ დემონსტრაციულ გადაკეტვებისგან თავი უნდა შეიკაონ, რადგან ეს გადაკეტვები შედეგს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიტანს, თუ მის მართვას ხელისუფლება ამ ხალხის იზოლირებას მართლაც ვეღარ შეძლებს. ამის რესურსი აქვთ თუ არა, ამის თქმა დღეს გამიჭირდება.
„მიუხედავად ყველაფრისა, თუ რუსთაველზე აქცია როგორ გაგრძელდება, ოპიზიცია უნდა გავიდეს რუსთაველიდანაც და თბილისიდანაც, არ ვგულისხმობ, რომ ეს აქციები უნდა შეწყდეს, მაგრამ მხოლოდ რუსთაველის პროტესტი ქვეყნის პროტესტად ვერ გადაიქცევა, არაა ახლა ის სიტუაცია, რომ რუსთაველის პროტესტი ქვეყნის პროტესტი იყოს, ამიტომ საჭიროა საპროტესტი მოძრაობები და კერები სხვა დიდ ქალაქებშიც და რეგიონებშიც გაჩნდეს. თუ ჩვენ გვინდა, რომ ოპოზიციური ამომრჩეველი და ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი რაღაცნაირად თანაფარდი გავხადოთ, ესაა გასაკეთებელი. თუ ოპოზოცია ამას შეძლებს, მაშინ რაღაც შედეგამდე აუცილებლად მივალთ",- განაცხადა ძაბირაძემ.