
„ნაცებმა" თავიანთი თავი თვითონ გააქრეს, „ლელო" თვითონ მიდის პოლიტიკიდან, ახლა ვართ მარტო „ქოცები" და „გირჩები", ამის შესახებ პარტია „გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ოპოზიციას დღევანდელი სიტუაცია ძალიან სჭირდება, ამიტომ ეს მდგომარეობა გაგრძელდება.
„მე არ ვფიქრობ, რომ შეიძლება გახარიამ და სხვებმა დატოვონ პარლამენტი, მაგრამ ეს სიტუაცია სჭირდებათ, რომ თქვან, აი, პოლიტიკოსებს გვდევნიან", - განაცხადა ანალიტიკოსმა პეტრე მამრაძემ „რეზონანსთან".
„ნაცებიც" ხომ აღარ არიან და აღარ არიან, თავიანთი თავი თვითონ გააქრეს; „ლელო", მე მგონი, თვითონ მიდის პოლიტიკიდან, ალბათ ცოტა ხანში გააკეთებს განცხადებას ხაზარაძე, წავედი, კარგად იყავითო. გიჟი უნდა იყოს, რომ არ წავიდეს. ასეთი გიჟიც არ მგონია და ამიტომ ველოდები, რომ ხაზარაძე წავა. შესაბამისად, „ლელოსგან" არაფერი არ დარჩება, „ნაცებისგან" არაფერი არ არის დარჩენილი, საბოლოო ჯამში, და დავრჩით ჩვენ.
„მე ეს კი არ მიხარია, რადგან ჩვენ ძალიან სუსტები ვართ იმისთვის, რომ ოპონირება გავუწიოთ ამხელა რესურსების მქონე ხელისუფლებას, მაგრამ სად არიან პოლიტიკოსები, მართლა სად არიან? თქვენი კოლეგები ნახეთ ოპოზიციურ არხებზე, პოლიტიკოსების მაგივრად ჰყავთ ვიღაც ახალგაზრდა აქტივისტები, ვიღაც დაკავებულის ოჯახის წევრები, ვიღაც ახალგამოჩეკილი პოლიტიკოსები თუ მოპოლიტიკოსო ელემენტები.
„არ არსებობენ პოლიტიკოსები, გაქრნენ, წავიდნენ. ზოგი ციხეში ზის და რომ გამოვლენ, მერე რა კონფიგურაციით გადალაგდებიან, ვერ გეტყვით ამწუთას და მაგაზე მერე ვილაპარაკოთ; ენჯეოს დიდი ნაწილი, მე მგონი, წავიდა ან, რა ვიცი, სამსახური დაკარგეს და, შესაბამისად, ეძებენ ახალ სამსახურებს და ძალიან ცოტა ნაწილი ჩანს მათი ფრონტზე. ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილს უბრალოდ, ვინაიდან დაიმალნენ და ციხეში არ სხედან მას შემდეგ, რაც 4 ოქტომბერი თვითონ დააანონსეს, ხალხი თვითონ დააჭერინეს, თვითონ წააქეზეს და მერე ვერ გაბედეს, წინ დამდგარიყვნენ, მათ ავტომატურად მოუწევთ პოლიტიკიდან გასვლა", - განაცხადა ხვიჩიამ.
ანალიტიკოს პეტრე მამრაძის აზრით, ოპოზიციას დღევანდელი პოლიტიკური სიტუაცია სჭირდება.
„საქართველოს დიდიხანია ოპოზიცია არ ჰყავს და ვინც თავს ოპოზიციონერებად ასაღებენ, ანტიეროვნული ძალებია, რომლებსაც აფინანსებენ. მათ თავიანთი ქცევებით თავი გაიქრეს და ხალხიც გააწბილეს. მე მაგონდება 1992 წლის არჩევნები, როდესაც მთელი ქუჩის ოპოზიცია და მომიტინგეები პარლამენტში შევიდნენ და 24 საათის განმავლობაში პირდაპირი ეთერი იყო ჩართული. მერე ვნახეთ, სულ მალე რა მოუვიდა მათ რეიტინგს - გაქრნენ. არ ვფიქრობ, რომ ამის გამო შეიძლება გახარიამ და სხვებმა დატოვონ პარლამენტი, მაგრამ ეს ეს სიტუაცია სჭირდებათ, რომ თქვან, აი პოლიტიკოსებს გვდევნიან. ამას შეინარჩუნებენ, მაგრამ ეს არავითარ გავლენას არ მოახდენს ქვეყნის შიგნით და გარეთ პოლიტიკურ ცხოვრებაზე", - განაცხადა პეტრე მამრაძემ „რეზონანსთან".
ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის შეფასებით, იაგო ხვიჩიას ინტერესია, რომ რაც შეიძლება ნაკლები კონკურენტი ჰყავდეს.
„ყველა ადამიანი იმას ამბობს, რაც უნდა. მთავარი ინტერესებია და „გირჩის" ინტერესი არის, რომ რაც შეიძლება ნაკლები კონკურენტი ჰყავდეს ოპოზიციურ ფლანგზე. მე პირადად ვემხრობი მას, რომ ამ განაცხადის შესრულება მოახერხოს. იმას არ ვეთანხმები, რომ ყველა ჩამოშორებულია", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".