მარიამ ვეკუა
25.10.2025

რუსულ სამხედრო ქარხნებში წარმოების შემცირება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „მოსკოუ ტაიმსი" რუსეთის სახელმწიფო სტატისტიკური სააგენტო როსსტატის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. მიუხედავად მზარდი ეკონომიკური წნეხისა, რუსეთი უკრაინაზე იერიშს აგრძელებს და რიტორიკას არ ცვლის. ანალიტიკოსების ნაწილი ვარაუდობს, რომ რუსეთი სამხედრო მიზნებს არ შეცვლის და სანქციებს აიტანს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ შესაძლოა რუსულ ეკონომიკაში გადატვირთვა მოხდეს.

როსსტატის მონაცემებით, ომის შემდეგ პირველად სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებული ინდუსტრიები თითქმის სამწლიანი ორნიშნა ზრდის შემდეგ სტაგნაციას განიცდის ან შემცირდა. მაგალითად, დამუშავებული ლითონის წარმოება, რომელმაც აგვისტოში 21.2%-იანი ზრდა აჩვენა, სექტემბერში მოულოდნელად შემცირდა

Raiffeisenbank-ის შეფასებით, წინა თვესთან შედარებით, ლითონის მზა პროდუქციის წარმოებაც 6%-ით შემცირდა, ხოლო „სხვა სატრანსპორტო საშუალებების" წარმოება 20%-ით.

ანალიტიკოსები სამხედრო ინდუსტრიის მონაცემებს „შოკისმომგვრელს" უწოდებენ:

PSB-ის მთავარი ანალიტიკოსის, დენის პოპოვის თქმით, წარმოება ეკონომიკის უდიდესი სექტორია და მისი ზრდა გასულ თვეში 2023 წლის დასაწყისიდან ყველაზე დაბალი იყო. საერთო ჯამში, ინდუსტრიამ, რომელიც რუსეთის მშპ-ს დაახლოებით 30%-ს შეადგენს, პრაქტიკულად ზრდა შეწყვიტა.

„ამ ფონზე ფინანსთა სამინისტროს მეოთხე კვარტალში ხარჯების შემცირება მოუწევს - რაც ეკონომიკური გადატვირთვის ძალიან მაღალ რისკს ქმნის", ამბობს პოპოვი.

ნატალია ორლოვა, ალფა ბანკის მთავარი ეკონომისტი კი მიიჩნევს, რომ ინდუსტრიის პრობლემები ბიუჯეტის შეზღუდვებს უკავშირდება. მანქანათმშენებლობის სექტორი, რომელიც სახელმწიფო კონტრაქტებზეა დამოკიდებული, სექტემბერში 0.1%-ით შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოში სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წყალობით სწრაფად იზრდებოდა - „ეს შეიძლება იყოს ნიშანი იმისა, რომ უახლოეს მომავალში ბიუჯეტის პოლიტიკის გამკაცრების გეგმები ინდუსტრიულ ზრდაზე გავლენას მოახდენს."

პარალელურად, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა „უზარმაზარი" ახალი სანქციები რუსეთის ორი უმსხვილესი ნავთობკომპანიის წინააღმდეგ, რათა მოსკოვზე ზეწოლა გაიზარდოს და უკრაინაში ომის დასრულებისკენ უბიძგოს.

რიტორიკა უცვლელია

მიუხედავად სანქციებისა, რუსეთის რიტორიკა კვლავ უცვლელია. რუსებმა კიევს გუშინაც ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, არიან დაშავებულებიც.

„მოსალოდნელია, რომ რუსეთი ბრძოლის ველზე წინსვლას გააგრძელებს. თუმცა, რადგან ზამთარი სახმელეთო ბრძოლის ტემპს ანელებს, და სასტიკი სიცივე ლოჯისტიკას ამძიმებს, ენერგეტიკული ბრძოლა, სავარაუდოდ, მომდევნო თვეებში ყველაზე აქტიურ ფრონტად დარჩება". - წერს „ნიუ იორკ ტაიმსი".

ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ რუსეთს შეუძლია თავისი საომარი მიზნების შეცვალოს და სანქციების ატანა არჩიოს, რადგან მოსკოვმა დასავლური სანქციებისადმი გაძლების უნარი მანამდე არაერთხელ აჩვენა.

პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხუთშაბათს აღიარა, რომ სანქციები ეკონომიკას დააზარალებს, მაგრამ აღნიშნა, რომ ისინი ომში კრემლის გეგმებს არ შეცვლის. საპასუხოდ, ტრამპმა თქვა, რომ პუტინი სავარაუდოდ ექვს თვეში, როგორც კი სანქციები ძალაში შევა, თავს სხვაგვარად იგრძნობს. „ვნახოთ, როგორ განვითარდება ყველაფერი", - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უცხო ქვეყნებთან ინვესტიციებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში, კირილ დმიტრიევმა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ამერიკული მედიის წარმომადგენლებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ „უკრაინის კონფლიქტის მოგვარება ძალიან სწრაფად მოხდება, თუ ტერიტორიული საკითხების, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებისა და უკრაინის ნეიტრალიტეტის შესახებ დიპლომატიური გადაწყვეტის მოძებნა შესაძლებელი იქნება".

„რამდენიმე ელემენტი არსებობს. ერთ-ერთი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებია. რუსეთმა განაცხადა: „დიახ, რუსეთი ღიაა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებისთვის". რა თქმა უნდა, არსებობს ტერიტორიული საკითხი, რაც რუსულ მოსახლეობას უკავშირდება, რომელსაც უკრაინული ძალები ჯერ კიდევ კონფლიქტის დაწყებამდე თავს ესხმოდნენ. ასევე, არსებობს უკრაინის ნეიტრალიტეტის საკითხი, რომელიც რუსეთის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია", - აღნიშნა პუტინის სპეცწარმომადგენელმა.

„ენერგეტიკული ფრონტი"

ბოლო კვირის განმავლობაში, უკრაინამ მთელი ქვეყნის მაშტაბით საგანგებო გათიშვის დაწესება დაიწყო, რათა ელექტროენერგიის დეფიციტს გაუმკლავდეს , რომელიც რუსების მიერ ელექტროსადგურებსა და ქვესადგურებზე თავდასხმებითაა გამოწვეული. მაგალითად, ჩერნიგოვში, სადაც 270 ათაი ადამიანი ცხოვრობს, ელექტროენერგიის გათიშვამ ცხოვრება შეაჩერა, წერენ ადგილობრივი გამოცემები. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა შეჩერდა და სადგურებში ელექტროენერგიის გათიშვის გამო წყლის მიწოდებაც კი შეფერხდა.

რუსეთი ომის პირველი წლიდან უკრაინის ელექტროინფრასტრუქტურას უმიზნებს და ხშირად ამ ტქატიკას ზამთრის მაოხლოებასთან ერთად ააქტიურებს, როცა ელექტროენერგიაზე მოთხოვნა პიკს აღწევს.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×