მარიამ ვეკუა
25.10.2025

რუსთაველის გამზირზე პროტესტის 330-ე დღეს მოქალაქეებმა გზა კვლავ გადაკეტეს, თუმცა მალევე ტროტუარზე გადაინაცვლეს. წუხელ გამთენიამდე გაგრძელებულ სასამართლო პროცესებზე კი რამდენიმე ადამიანი პატიმრობაში დატოვეს. ოპოზიცია ხელისუფლებაზე ზეწოლის გაძლიერების აუცილებლობაზე საუბრობს- ექსპრეზიდენტი ზურაბიშვილი ამბობს, რომ ახლა „საჭიროა გამძლეობა", მმართველი გუნდი კი მოქალაქეებს კანონმორჩილობისკენ მოუწოდებს.

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის შეფასებით, პარლამენტის წინ მიმდინარე პროტესტი „330 დღის მანძილზე უმეტეს შემთხვევაში, კანონს სცდებოდა". მან რუსთაველის გადაკეტვას „აკვიატება" უწოდა და განაცხადა, რომ „არ შეიძლება ათმა, ოცმა და თუნდაც ასმა კაცმა" გადაადგილება შეაფერხოს.

„ზოგადად, გზა იკეტება იმ შემთხვევაში, თუ არის ამისთვის საკმარისი რაოდენობის ადამიანი. მთელი ამ 300 დღის მანძილზე, ჩვენ ვადევნებდით თვალყურს დღეებს, როდესაც იყო საკმარისი რაოდენობის ადამიანი და იკეტებოდა გზა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ამ ადამიანების რაოდენობა არ იყო შესაბამისი იმისთვის, რომ გზა გადაკეტილიყო, თუმცა გზა მაინც იკეტებოდა.

„მთავარი არის, რომ ეს პროპორცია იყოს დაცული - დაცული უნდა იყოს ადამიანის გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ამავე დროს იმ ადამიანების გადაადგილების უფლება, ვინც რუსთაველის გამზირზე მოძრაობს, არ შეიძლება 10-მა, 20-მა, გინდაც 100-მა კაცმა შეაფერხოს, გადაკეტოს," - განაცხადა იოსელიანმა.

„ქართული ოცნების" მიერ მიღებულ აქციების შემზღუდველ კანონებთან დაკაშირებით, სახალხო დამცველმა თქვა, რომ „კანონი ყველგან ასეთია".

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ „ხელოვნური დესტაბილიზაციის შექმნის მიზნით არიან აქციის მესვეურები დაკავებულები, ეს დავალება აქვთ", - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა, რითაც რუსთაველის გამზირზე აქტივისტების შეკრებებს გამოეხმაურა.

„ეს რომ დავალებაა, ამაში ეჭვი არავის ეპარება. თუ დავალება არ არის, არ შეიძლება ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვიდეს და 20-კაციან ხელოვნურად გადაკეტილ აქციაზე დადგეს და ის სიტყვები ილაპარაკოს, რაც ილაპარაკა. ეს არის ანტიქართული ძალების სულჩადგმული აქციები", - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

„ბრძოლა უნდა გაგრძელდეს"

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლებაზე წნეხი უნდა გაძლიერდეს, და ახლა ბოლო ეტაპია, რომელიც „გაძლებაზეა".

„ეს არის ბოლო ეტაპი, რომელსაც ვუყურებთ და უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ შეიძლება ცოტა ხანს კიდევ გაგრძელდეს, მაგრამ ჩვენგან საჭიროა გამძლეობა ამ რეპრესიების ფონზე, კიდევ მეტი სოლიდარობა, რაც არის ჩვენი ყველაზე დიდი თვისება და ამას ნამდვილად ვაჩვენებთ," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრის, გიორგი სიორიძის განცხადებით, ხელისუფლების მიმართ წნეხის გაძლიერება არის ბრძოლის „შეუპოვრად, თანმიმდევრულად და დაუღალავად" გაგრძელება.

„ეს გულისხმობს, როგორც ეროვნულ დონეზე მშვიდობიანი წინააღმდეგობის მოძრაობას, ასევე საერთაშორისო დონეზე პარტნიორებთან მუშაობას. ჩვენი დასავლელი პარტნიორები ყოველთვის ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს გვერდით იყვნენ. „ქართული ოცნება" არის მჩაგვრელი, ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის შემომღები, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ რეპრესიული მანქანის გამომყენებელი ძალა. ამიტომ უნდა გაგრძელდეს ბრძოლა იმ ფორმებით, რომელიც მიმდინარეობს", - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით კი რუსთაველის გამზირი არშეგუების წერტილად რჩება.

„რუსთაველის გამზირი არის საზოგადოების არშეგუების, საზოგადოების დაუმორჩილებლობის, წინააღმდეგობის მოძრაობის ყველაზე კარგად გამოხატული მოვლენა. ... ეს წინააღმდეგობის მოძრაობა არათუ უკან იხევს, არამედ ძლიერდება ანუ ეკონომიკური ბერკეტები არ გავიდა, სამართლებრივი ბერკეტები არ გავიდა, პროპაგანდისტული ბერკეტები არ გავიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული საზოგადოების ლოიალურობა ამ რეჟიმმა ვერ მოიპოვა. შეიძლება, ვიღაცებში შეჩვევა მოხდა, ვიღაცები გადაიღალნენ პროტესტის აქტიური გამოხატვით და აღარ გადიან რუსთაველზე ყოველ ღამე, მაგრამ ეს არ ნიშნავს პროტესტის შენელებას", - განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.

პროტესტის 330 დღე

თბილისის საქალაქო სასამართლოში 24-25 ოქტომბერს, დილის 4 საათამდე გაგრძელდა რუსთაველის გამზირზე, გზის გადაკეტვისათვის დაკავებული დემონსტრანტების სასამართლო სხდომები.

მწერალ ზვიად კვარაცხელიას, მოსამართლემ 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა დააკისრა:

„გზა მე კი არა, ოლიგარქიულმა რეჟიმმა გადაკეტა. ამის გასაპროტესტებლად გამოვდივარ რუსთაველის გამზირზე", - თქვა კარაცხელიამ სამართლო სხდომაზე.

გარდა ამისა, რუსთაველის გამზირის გადაკეტვის გამო 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა დააკისრა მოსამართლე ნინო ენუქიძემ რეჟისორ გიორგი ლიფონავასაც. მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება გამთენიის 3 საათისთვის გამოაცხადა.

დაკავებული აქტივისტის, ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურაბ ცეცხლაძე კი მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა 7 დღით გაუშვა ადმინისტრაციულ პატიმრობაში. შსს მის პატიმრობას მოითხოვდა და აღნიშნავდა, რომ ის „45-ჯერ არის დაჯარიმებული"

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 18 ოქტომბრის შემდეგ, რუსთაველის გამზირის გადაკეტვისა და სახის დაფარვის საბაბით, 70-ზე მეტი დემონსტრანტი, მათ შორის, ჟურნალისტები დააკავა. სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული თამარ ლორთქიფანიძე, რომელიც პროტესტის ნიშნად საპატრულო პოლიციის ავტომობილზე ავიდა, პარალელურად კი შელაპარაკება და ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოუვიდა „ბოლტის" ტაქსის მძღოლთან. პროკურატურამ მას ბრალად წარუდგინა ძალადობა და პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა, რაც 7 წლამდე პატიმრობით ისჯება

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×