
„ოცნების" ნაბიჯების საპირწონედ, „ლელოს" საკონსტიტუციო სასამართლოში შეაქვს სარჩელი იმ ახალშემოღებულ ზომებზე, რომელიც აკრძალულ პარტიებთან დაკავშირებულ პირებს ფაქტიურად პოლიტიკურად კლავს. ხაზარაძის პარტიაში ამბობენ, რომ ამის შემდეგ სტრასბურგის სასამართლოსაც მიმართავენ.
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე გვეუბნება, რომ „ლელოს" აქვს სამართლებრივი საფუძველი შეიტანის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, თუმცა, სტრასბურგში კანონის ნორმა ვერ გასაჩივრდება და საჩივრის შეტანა მხოლოდ იმ პირს შეიუძლია, რომლის მიმართაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება.
„პროცესი სამართლებრივი თვალსაზრისით ლოგიკური და საფუძვლიანია. სამართლებრივად არაერთი არგუმენტი არსებობს იმისა, რომ ამ ბოლო პერიოდში მიღებული ცვლილებები არაკონსტიტუციურია - ეს ეხება როგორც საარჩევნო კოდექსში, ასევე პოლიტიკური გაერთიანებებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონებში შეტანილ ცვლილებებს.
„რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტუტუციო სასამართლო, მიიღებს თუ არა კონსტიტუციის შესაბამის გადაწყვეტილებას, ანუ თუ არაკონსტიტუციურად ცნობს ამ ცვლილებს, მე ამის დიდი იმედი არ მაქვს. ეს სამწუხარო რეალობაა.
„სტრასბურგში კანონის ნორმა ვერ გასაჩივრდება. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საჩივრის შეტანა შეუძლია იმ პირს, რომლის მიმართ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კონსტიტუციისა და კანონის დარღვევით. ანუ, როცა კონკრეტულ პირს რაღაცას აუკრძალავენ, მას უკვე შეეძლება ეს გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივროს. იქ უკვე ამ საჩივარს სერიოზული პერსპექტივა ექნება", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ „რეზონანსთან".
16 ოქტომბერს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აკრძალული პარტიის წევრები და მასთან დაკავშირებული პირები ვერ ისარგებლებენ პასიური საარჩევნო უფლებით, შეეზღუდებათ კონსტიტუციაში დასახელებული ორგანოების ხელმძღვანელი თანამდებობების დაკავების უფლება, ვეღარ შეძლებენ გახდნენ სხვა პარტიის წევრები. ასევე, ვერ გახდებიან სხვა პარტიების შემომწირველები.
კანონის 36-ე მუხლს მე-2 პუნქტი დაემატება, რომლის მიხედვით საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი და შემადგენლობა „არსებითად იმეორებს" სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს, საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას.
„ძლიერი საქართველო-ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერი, ირაკლი კუპრაძე ეხმაურება „ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში შეაქვს სარჩელი კონკრეტული პირებისთვის პარტიული საქმიანობის აკრძალვის შესახებ.
„პოლიტიკური პარტიების აკრძალვისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის პოლიტიკაში მონაწილეობის უფლების ჩამორთმევა, „ოცნების" რეჟიმის მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია, რომელიც ქვეყანას საბოლოოდ აბრუნებს საბჭოთა წარსულში, ივანიშვილის "რუსულ ოცნებას" ასრულებს და ამყარებს დიქტატურას.ჩვენ, „ძლიერ საქართველო-ლელოს" მზად გვაქვს კონსტიტუციური სარჩელი, რომელსაც უახლოეს დღეებში (ორშაბათს) შევიტანთ საკონსტიტუციო სასამართლოში, ხოლო შემდეგ კი მივმართავთ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რადგან მიგვაჩნია, რომ „ქართული ოცნების" ანტიკონსტიტუციური ქმედება, პირველ რიგში ლახავს, ევროკონვენციით განსაზღვრულ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.განსაკუთრებით აბსურდული და ანტიდემოკრატიულია კანონი, რომელიც აკრძალულ პარტიებთან დაკავშირებული პირებისთვის, პოლიტიკურ აქტივობაში მონაწილეობის შეზღუდვას ისახავს მიზნად, რადგან ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლს და საერთაშორისო ნორმებს." - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
პარტიის ერთ-ერთი წევრის გიორგი სიორიძის თქმით კი, პარტიასთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკაში მონაწილეობის აკრძალვა წინააღმდეგობაში მოდის ევროპული კონვენციის მე-11 მუხლთან (გაერთიანების თავისუფლება), რომლის მიხედვით, ისევე როგორც სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის 22-ე მუხლით, ეუთოს წევრ სახელმწიფოებს აკისრიათ ვალდებულებას დაიცვან ინდივიდების უფლება - თავისუფლად შექმნან და შეუერთდნენ პოლიტიკურ პარტიებს.
„პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნის უფლება ასევე პირდაპირ არის აღიარებული კოპენჰაგენის დოკუმენტის 7.6 პარაგრაფით.გარდა ამისა, წარმოდგენილი ცვლილებები კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ აფართოებს საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატს. საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას და გამორიცხავს მიმდინარე კანონმდებლობით მის გაფართოებას.საკონსტიტუციო სასამართლოს არ აქვს უფლებამოსილება აუკრძალოს მოქალაქეს პოლიტიკური საქმიანობა!ზემოთ აღნიშნული რეპრესიული ცვლილებების მიღება საბოლოო ჯამში მნიშვნელოვან დემოკრატიულ რღვევას იწვევს, რაც დიქტატურული რეჟიმის გამყარებაა.„ძლიერი საქართველო-ლელო"-ს გზა ყოველთვის იყო რეჟიმთან ბრძოლა, წარსულშიც და ახლაც. ჩვენ, „ძლიერი საქართველო-ლელოს" პოლიტიკური გუნდი ვაცხადებთ, რომ რუსულ რეჟიმთან ბრძოლაში ვიქნებით ყველა სამართლებრივი და კონსტიტუციური ფორმით და ეს ბრძოლა იქნება ბოლომდე, რეჟიმის დამარცხებამდე!", - განაცხადა „ლელოს" წევრმა, გიორგი სიორიძემ.