
საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად გაითვალისწინა, ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით ერთ მილიონიანი გირაო შეეფარდა. მოსამართლე ეკა ბარბაქაძის გადაწყვეტილებით ექსპრემიერს პასპორტი ჩამოერთვა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა აეკრძალა.
ღარიბაშვილის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლომ 24 ოტომბერს იმსჯელა. ადვოკატების პოზიციის მოსმენის შემდეგ, მოსამართლე ბარბაქაძემ ექსპრემიერს კითხვით მიმართა, ეთანხმებოდა თუ არა აღნიშნული ღონისძიებების გამოყენებას, რის საპასუხოდაც ღარიბაშვილმა განაცხადა: „ვეთანხმები, რა თქმა უნდა". ამაზე დამატებით რამის თქმა კი ყოფილმა პრემიერმა აღარ მოისურვა.
ღარიბაშვილი სასამრთლოში სხდომის დაწყებამდე გამოცხადდა, და შენობაში ცენტრალური შესასვლელის ნაცვლად, გვერდითა შესასვლელიდან შეიყვანეს.
ის სხდომათა დარბაზში მყოფ ჟურნალისტებს მიესალმა და შემდეგი რეპლიკით მიმართა: „ხომ არ გავცვალოთ ადგილები?"
პროცესის დასრულების შემდეგ, მან სასამართლოს შენობა ისევ გვერდითა შესასვლელიდან დატოვა. ღარიბაშვილმა მხოლოდ ერთ კითხვაზე უპასუხა ჟურნალისტებს - მისცა თუ არა ვინმეს წინააღმდეგ ჩვენება? ექსპრემიერმა უთხრა, რომ ჩვენება არავის წინააღმდეგ არ მიუცია.
ღარიბაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-3 ნაწილი "გ" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლავს განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
მანამდე გენპროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, რომ ღარიბაშვილმა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ. მილიონლარიანი გირაოს უზრუნველყოფა კი შესაძლებელია, როგორც ფულადი თანხით, ისე უძრავი ქონებით.
ღარიბაშვილზე გამოძიება სუს-ის ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა ჩაატარა, რომლის მიხედვით დადგინდა, რომ ღარიბაშვილს, რომელიც 2019-24 წლებში თავდაცვისა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობებს იკავებდა, რომელსაც ეკრძალებოდა ნებისმიერი ტიპის სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობა და თანამდებობრივი სარგოს გარდა სხვა ანაზღაურების მიღება, თუმცა „ფარულად და შენიღბულად აქტიურად ახორციელებდა სხვადასხვა ტიპის ბიზნესსაქმიანობას და იღებდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, არალეგალური წარმომავლობის შემოსავლებს. მას, როგორც თანამდებობის პირს, გააჩნდა როგორც შემოსავლების, ისე გაწეული ხარჯების დეკლარირების ვალდებულება. ზემოხსენებული უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მიზნით, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ წარდგენილ დეკლარაციებში უთითებდა ყალბ მონაცემებს, რომ თითქოს ოჯახის წევრისგან ყოველწლიურად საჩუქრად იღებდა დიდი ოდენობით თანხებს".
აქვე უნდა აღინიშნოს ის, რომ ღარიბაშვილმა 2023 წლის 30 ოქტომბერს შეავსო დეკლარაცია, რომელიც 1-ელ ნოემბერს გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნულია, რომ მშობლებმა 180 ათასი ლარი აჩუქეს. 2022 წელს ღარიბაშვილმა ხელფასის სახით ჯამში დაახლოებით 41 ათასი ლარი აიღო (თვეში დაახლოებით 3400ლ).
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, 17 ოქტომბერს, ირაკლი ღარიბაშვილის ბინის ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილი და ამოღებული იქნა 6 500 000 აშშ დოლარი.
„აღნიშნული გზით, წარმომავლობა ხელოვნურად შეექმნა მის მიერ კერძო ბიზნესში არალეგალურად მონაწილეობის შედეგად მიღებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ნაწილს - 830 000 ლარს, რაც მოექცა ლეგალურ ბრუნვაში. გარდა აღნიშნულისა, დაუსაბუთებელი ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, ირაკლი ღარიბაშვილმა 2023-2024 წლებში შეიძინა და მასთან დაკავშირებული პირის სახელზე დაარეგისტრირა 463 630 ლარად ღირებული ორი ავტომანქანა, ასევე, ოჯახის წევრის მეშვეობით 210 000 ლარად შეიძინა ერთ-ერთი კომპანიის 100% წილი, რომელსაც საკუთრებაში გააჩნდა უძრავი ქონება. პარალელურად, მისი ოჯახის წევრის სახელზე რეგისტრირებულ შპს-ში ინვესტირებულ იქნა ჯამში 3 670 172 ლარი.
„ამავდროულად, დაუსაბუთებელი თანხის ძირითადი ნაწილი მისი ნამდვილი ბუნებისა და წარმოშობის წყაროს შენიღბვის მიზნით, დააკონვერტირა უცხოურ ვალუტაში, რის შედეგადაც მიღებული 6 500 000 აშშ დოლარი აღმოჩენილი და ამოღებული იქნა 2025 წლის 17 ოქტომბერს ღარიბაშვილის ბინის ჩხრეკის შედეგად ", - განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.
2023 წლის აგვისტოში მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაშინდელი პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვილთან ერთად აშშ-ში ჩარტერული რეისით გაემგზავრა კერძო ვიზიტით. მაშინ მთავრობაც და თავად ღარიბაშცვილიც ამტკიცებდა, რომ ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა.
„არასოდეს მისარგებლია ბიუჯეტით და არ დამიფინანსებია ჩემი პირადი ან ჩემი ოჯახის რაღაც, იქნება ეს მგზავრობა თუ სხვა. არცერთი თეთრი არ დახარჯულა ბიუჯეტიდან არც ჩემს მგზავრობაში, არც ჩემი ოჯახის წევრების მგზავრობაში.
„მადლობა ღმერთს, შეძლებული ოჯახი მყავს. მე არასდროს ვიყავი გაჭირვებული, მას შემდეგ რაც დავამთავრე უნივერსიტეტი და პოლიტიკამდეც მე ვმუშაობდი ამ ქვეყნის უმდიდრეს ადამიანთან და ვმართავდი ყველაზე მდიდარ ფონდს და ჩემი ოჯახი არასდროს ყოფილა გაჭირვებული, ამ თემაზე ძალიან მერიდება საუბარი, მაგრამ რადგან მისვამთ კითხვას, გპასუხობთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.