ნატალია ჯვარიძე
24.10.2025

 გამკაცრებული კანონებისა და დაპატიმრებების მიუხედავად ხელისუფლების ოპონენტები რუსთაველის გამზირის გადაკეტვას მაინც ცდილობენ. გუშინ ღამით, აქციის მონაწილეებმა ცოტა ხნით ისევ მოახერხეს ქალაქის მთავარი გამზირის ჩაკეტვა, თუმცა პოლიციის მოთხოვნის შემდეგ, საავტომობლო გზის მოძრაობა აღდგა. კანონის დარღვევის ბრალდებით პოლიცია დაკავებების სერიას აგრძელებს.

ბოლო ინფორმაციით, ჟურნალისტ ვასილ-ივანოვ ჩიქოვანი და მისი ცოლი, მაიკო ბოკერია დააკავეს. ბოკერია, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის საბაბითაა დაკავებული.

დღის განმავლობაში უკვე 10-მდე ადამიანის დაკავების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

სოციალურ ქსელში ვრცელდება დაკავებულთა სახელები და გვარები, რომელთა შორის არიან აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურაბ ცეცხლაძე, ასევე, იურისტ გიორგი მშვენიერაძის შვილი, დავით მშვენიერაძე და „ფედერალისტების" წევრი თენგო კირთაძე.

ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლომ თეონა ტალახაძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. მოსამართლის, თორნიკე ქოჩქიანის გადაწყვეტილებით მას 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

„არ მქონია მზაობა, რომ გზა გადამეკეტა. ტროტუარზე ვიდექი და გზაზე გადავირბინე, როდესაც საავტომობილო მოძრაობა აღდგენილი იყო, თუმცა გზაზე არ დავმდგარვარ", - განაცხადა თეონა ტალახაძემ.

თეონა ტალახაძეს შინაგან საქმეთა სამინისტრო 22 ოქტომბერს რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა.

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეების მხრიდან გზის გადაკეტვის მცდელობები ქვეყნის გარედან არის დაფინანსებული და წახალისებული.

„ეს პირველი შემთხვევა ხომ არ არის. ჩვეულებრივად დავალებას ასრულებენ, ფულს იღებენ ამაში. თქვენ იცით, რომ გარედან ხდება ამ ყველაფრის დაფინანსება, მითითებების მიცემა, თუ როგორ უნდა იმოქმედონ, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ვინც წავა კანონის წინააღმდეგ, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. თქვენ იცით, რომ კანონი გამკაცრებულია - დამრღვევი პირველ ჯერზე იხდის ჯარიმას და რამდენიმე დღიანი სასჯელია, ხოლო განმეორებით იგივე კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის შემთხვევაში, მაგალითად, თუ გადაკეტავს გზას, ეს კანონით განსაზღვრული სისხლის სამართლის დანაშაულია და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება", - განაცხადა თბილისის მერმა.

გარე ჩარევებზე საუბრობს ასევე, „ხალხის ძალის" თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე. მისი თქმით, ეს ყველაფერი ქვეყანას ზიანს აყენებს.

„კანონმდებლობა შეიცვალა, მაგრამ გარედან მათი წახალისება არ იცვლება. ამიტომ,ისინი ამ წახალისების იმედად ცდილობენ, საკუთარ ქვეყანას დისტრუქცია მოუწყონ და ამ ფორმით უმცირესობამ უმრავლესობაზე იძალადოს. ეს დაუშვებელია და ამ ყველაფერს დასასრული ექნება", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ამასთან, „ფედერალისტების" ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი წერს:

„ქუჩაში დგომას რა აზრი აქვს? ესაა კითხვა, რომელიც არა მხოლოდ იმ ხალხისგან ისმის ვინც ქუჩაში არასოდეს მდგარა, არამედ მათგანაც, ვინც იდგა და აღარ დგას, იმიტომ რომ აზრს ვერ ხედავს.

ეს კითხვა არაფრით განსხვავდება ბაქტერიული ინფექციის დაავადებული პაციენტის კითხვისგან - „ამ თეთრი პატარა აბების მიღებას რა აზრი აქვს?" - რავი ძმაო, ანტიბიოტიკია, შედის ორგანიზმში და ანადგურებს ბაქტერიას.

იგივეა პროტესტიც. წარმოვიდგინოთ ივანიშვილი ბაქტერიად, რომელმაც ჩვენი სახელმწიფოს ორგანიზმის განადგურება დაიწყო.

რეჟიმის ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯებზე საქართველოს მოქალაქეების პროტესტი - ანტიბიოტიკად", - წერს ჩერგოლეიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×