
საქართველოში ეკონომოკური ვითარება დადებითისკენ სრულად შემობრუნდა. უკვე ყოველ მესამე კომპანიაში ამბობენ, რომ დაიმატებენ ახალ თანამშრომელებს და სამუშაო ადგილებს. ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორი ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ დინამიკა აბსოლუტურად პოზიტიურია. მიმდინარე წლის მესამე კვარტალიდან მდგომარეობა საგრძნობლად შეიცვალა.
2025 წლის III კვარტალში გამოკითხულმა კომპანიებმა თავიანთი მიმდინარე მდგომარეობა და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი დადებითად შეაფასეს. 2025 წლის III კვარტალში, ბიზნეს ასოციაციის ბიზნეს-კლიმატის მაჩვენებელმა 43.2 ქულა შეადგინა, მათ შორის, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის მაჩვენებელი - 30.6, ხოლო ბიზნესის მოლოდინის მაჩვენებელი - 56.5 ქულაა.
მთლიანობაში, გამოკითხული კომპანიების 65%-მა განაცხადა, რომ 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, მათ მიერ განხორციელებული ჯამური ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა. ამასთან, გამოკითხული კომპანიების 26%-მა განაცხადა, რომ აღნიშნულ პერიოდში მათ მიერ განხორციელებული ჯამური ინვესტიციების მოცულობა უცვლელი დარჩა, ხოლო დანარჩენი 9%-ისთვის შემცირდა.
2025 წლის III კვარტალში გამოკითხული კომპანიების 66%-მა განაცხადა, რომ 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, მათ მიერ ჯამურად განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა გაიზრდება. იმავდროულად, გამოკითხული კომპანიების 28% ჯამურად განხორციელებულ ინვესტიციებში ცვლილებას არ მოელის, ხოლო 6% კლებას ვარაუდობს.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის III კვარტალში, 2025 წლის I კვარტალთან შედარებით, მცირედით გაუმჯობესებულია საინვესტიციო პროგნოზი. ნაცვლად კომპანიების 64%-ისა, რომელიც გეგმავდა ინვესტიციების ზრდას 2025-ში, ახლა 66% გეგმავს ინვესტიციების გაზრდას. სექტორების მიხედვით, ინვესტიციების პროგნოზი ყველაზე მეტად (7 პროცენტული პუნქტით) ვაჭრობის სექტორში გაიზარდა. კერძოდ, 2025 წლის I კვარტალში, კომპანიათა 61% თვლიდა, რომ 2025-ში გაიზრდებოდა მათი ინვესტიციები, ხოლო III კვარტალში - 68%.
სექტორებს შორის, ყველაზე ოპტიმისტური მოლოდინი 2025 წელს, ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით მომსახურებისა და ვაჭრობის სექტორშია. მომსახურების სექტორში გამოკითხულ კომპანიათა 70% გეგმავს ჯამური ინვესტიციების ზრდას, ხოლო ვაჭრობის სექტორში ინვესტიციების ზრდის მოლოდინი გამოკითხულ კომპანიათა 68%-ს აქვს. ამასთან, მრეწველობის სექტორში კომპანიათა 47% გეგმავს ჯამური ინვესტიციების ზრდას, ხოლო მშენებლობის სექტორში - 40%.
ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ „რეზონანსს“ აუხსნა, რომ ეს არის მათი ასოციაციის ყოველკვარტალური კვლევა, რომელიც 2019 წლიდან ქვეყნდება:
„ეს არის ბიზნეს-კლიმატთან დაკავშირებული კვლევა და მათ შორისაა ისეთი საკითხები, როგორებიცაა: საინვესტიციო მზაყოფნა, დასაქმების ბარომეტრი, ბიზნეს-კლიმატის ინდექსი და ასე შემდეგ. ეს იყო მესამე კვარტლის კვლევა, სადაც კონკრეტული რიცხვებია და კომპანიების თითქმის ორი მესამედი ამბობს, რომ მზადაა, ინვესტიციები განახორციელოს. დასაქმების ნაწილში, თუ არ ვცდები, დაახლოებით, 30% ამბობს, რომ გაზრდის სამუშაო ადგილების რაოდენობას შემდეგ კვარტალში. კვლევას ჩვენ არ ვაკეთებთ, ჩვენთვის ამზადებს "პიემსის კვლევითი ჯგუფი" და მეთოდოლოგია ეფუძნება გერმანული ეკონომიკური ინსტიტუტის მეთოდოლოგიას“, - განუცხადა „რეზონანსს“ ლევან ვეფხვაძემ.
კითხვაზე, კონკრეტულად რა ფაქტორმა განაპირობა ის, რომ მეწარმეების 65% მზადაა, ინვესტიციები მესამე კვარტლიდან განახორციელონ, ლევან ვეფხვაძემ გვიპასუხა, რომ მეწარმეები საკუთარი პროდუქციის და მომსახურების მოთხოვნას უყურებენ. შესაბამისად, სწორედ ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე იღებენ გადაწყვეტილებებს წარმოების გაფართოების, ინვესტიციებისა, თუ სამუშაო ადგილების გაზრდის შესახებ:
„თუ ბაზარზე მოთხოვნა ეცემა, მათი განწყობა ცუდია, ხოლო თუ ხედავენ, რომ მოთხოვნა იზრდება, მათი განწყობაც დადებითია. პირველ რიგში, ყველა მეწარმე, მინიმუმ, საკუთარ ფინანსურ ნაკადებს უყურებს, რომელიც მას აქვს და ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც გავრცელდება, შესაძლოა, მისთვის ინფორმაციის დამატებითი წყარო იყოს. თუ ვხედავდით, რომ პირველ კვარტალში, განწყობა არცთუ ისე პოზიტიური იყო, დღეს პირიქითაა - აშკარად პოზიტიურია.რეალიზაციისა და მოთხოვნის მხრივ მათი პროდუქტის მნიშვნელოვანი ზრდაა მესამე კვარტალში.
აქედან გამომდინარე, ისინი იღებენ პოზიტიურ გადაწყვეტილებას გაფართოებაზე. როდესაც ხედავ, რომ ბაზარზე მოთხოვნაა, რას აკეთებ? - ცდილობ, ამ მოთხოვნას გაჰყვე, ეს ხდება წარმოების გაფართოებით და ა.შ.“, - განუცხადა „რეზონანსს“ ლევან ვეფხვაძემ.
ასეთ შეხედულებას არ ეთანხმება ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელს ეკონომისტი და რატომ აქვს განსხვავებული პოზიცია პაატა შეშელიძეს. „რეზონანსთან“ საუბრისას, ეკონომისტმა აღნიშნა, რომ არავითარი ხელშემშლელი ფაქტორი მეწარმეებს არ აქვთ იმისთვის, რომ თუ გუშინ არ განახორციელეს, დღეს მაინც განახორციელონ ინვესტიციები და არა მაინცდამაინც მესამე კვარტალში:
„არასერიოზული განცხადებაა, უბრალოდ, პოლიტიკური შეფასებაა, რომელიც მთავრობის წასახალისებლად და მის საამებლად არის გაკეთებული. 65% როგორ დათვალეს და თუ დათვალეს, საიდან მოდის ეს თანხები? რეინვესტიციას თუ გულისხმობენ, აქ ერთი ვარიანტია - შემოსავლები მიიღეს, არ გაიტანეს მოგება და ისევ წარმოებაში აბანდებენ. ეს არის რეინვესტიცია. მზად არიან მესამე კვარტლიდან განახორციელონ, რას ნიშნავს? მოგება სახლში არ მიაქვთ, ისევ წარმოებაში დებენ და ჩვენ გვაყვედრიან, თუ რა ხდება, ვერ გავიგე“, - განუცხადა „რეზონანსს“ პაატა შეშელიძემ.
„რეზონანსის“ კითხვაზე, შესაძლოა, გასული წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა და არჩევნების შემდეგ, რუსთაველზე განვითარებულმა საპროტესტო ტალღამ გამოიწვია მეწარმეების სიფრთხილე, მაგრამ ახლა, როდესაც რევოლუციური სცენარი ჩავარდა, გადაწყვიტეს რეინვესტირება - პაატა შეშელიძემ გვიპასუხა:
„პირიქით, აქ საუბარი სულ სხვა რამეზეა, რასაც მალავენ და არ ამხელენ. ყოველდღიურად ვხედავთ, რომ ვიღაცას კორუფციის გამო ამხელენ, მათ შორის, ორი პრემიერი, რომელთაგან ერთი საერთოდ გაქცეულია, ამხილეს თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალური პროკურორი და ასე შემდეგ. ხომ უნდა დაისვას კითხვა, საიდან ამდენი ფული? რა ხდებოდა ქვეყანაში? ხომ არ იყო ბიზნესის რეკეტი ან იძულების წესით ისეთი რაღაცის კეთება, რაც აქამდე არ ვიცოდით, ღიად? ხომ არ იყვნენ „ატკატებზე“ დამოკიდებულები? ამაზე არავინ საუბრობს, ამიტომ ახლა რომ ამბობენ მეწარმეები, მზად ვართ, მესამე კვარტალში განვახორციელოთ ინვესტიციებიო, გუშინ რატომ არ იყვნენ მზად? ამაზე დაფიქრდით, თორემ ინვესტიცია თუ სურთ, განახორციელონ, ვინმე უშლის ხელს?
თუ ვინმე ართმევდა ადრე, მაშინ თქვას, რომ ესა და ეს მიშლიდა ხელს, მართმევდა, მგუდავდა, მახდევინებდა არალეგალურად თანხებს, მაგრამ დღეს არავინ მართმევს და ამიტომ, მზად ვარ, ინვესტიცია განვახორციელოო. საიდან გაჩნდა ეს ფული დღეს და გუშინ რა უშლიდათ ხელს“, - განუცხადა "რეზონანსს" შეშელიძემ.