რეზონანსი
23.10.2025

მსახიობმა გია ბურჯანაძემ მიმდინარე პოლიტიკურ სიტუაციაზე გააკეთა კომენტარი. თავის დროზე იგი ძალიან აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. ასე რომ, მისი შეხედულება ყველასთვის საყურადღებოა.

„ქვეყანაში ოპოზიცია ძლიერი უნდა იყოს, ამას კი ოპოზიცია არ ჰქვია - ქვეყნის გაყიდვაზე არიან გადასული. როგორ უნდა გძულდეს შენი ქვეყანა, ეს რომ გააკეთო? აგერ ლაშა ტალახაძე, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი გყავს. რატომ ლანძღავ, იამაყე, შენი ქვეყნის სახელი მსოფლიოში რომ გაიტანა. ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი რომ ვერ გაიტანა, ლანძღვა დაუწყეს... იქ დვალიშვილმა მოიგო ბრძოლა და ამ დროს კომენტარს უწერენ, თბილისში ოპოზიცია რა დღეშია და შენ რა გიხარიაო?! კაცი მსოფლიო ჩემპიონი გახდა... ამერიკაში ცხოვრობს. მოდი, მე მკითხე, აქ ვცხოვრობ და გეტყვი ვინცა ხარ! თქვენ ხართ 20-30-იანი წლების ბოლშევიკები, "კამსამოლები". ბოლშევიკებშიც იყო ჭკვიანი და განათლებული ხალხი, სტალინის ჩათვლით. ამათში განათლებული რომელია? პაატა ბურჭულაძეს რომ ჩაიყენებ, რომელიც ფულის გულისთვის ყველაფერზე ხელის მომწერია. 16 წლის ვიყავი, რომ გავიცანი, პირველივე წელს გამალახვინა თავი...

ან ეს კანონი რომ აიჩემეს, რუსულიაო. წავიკითხე რუსულიც და ქართულიც. 5 გვერდია ქართული კანონი და თან სისხლის სამართალი არ შედის, ადმინისტრაციული სასჯელი ყველაზე დიდი 25 ათასი ლარია ჯარიმად. წავიკითხე რუსულიც, იქ 10 გვერდია, იქ სისხლის სამართალიც არის, ქონების თუ მოქალაქეობის წართმევაც, პატიმრობები... მართლა საშინელი კანონია.

ერთს ვუთხარი, წავიკითხე ქართული კანონი, არ მომეწონა, მე-7 თუ მე-8 გვერდზე რომ არის, მე-12 პარაგრაფი, და კიდევ, 23-ე გვერდზე ერთი პასაჟი, ძალიან არ მომეწონა-მეთქი. იმ სულელმა თავი დამიქნია, ხო, აი, მაგიტომაც არის რუსულიო... შენი დედა ვატირე, წაკითხულიც არა გაქვს... მერე გამოვიდა მოცეკვავე, ტანით ვგრძნობ, რუსულიაო. მოდი, წაიკითხე და ეგება ტვინითაც იგრძნო.

მარტინ ჰაიდეგერი, მე-20 საუკუნის გერმანელი უდიდესი ფილოსოფოსი, 1933 წელს პარტიაში შევიდა და ერთი, რაც დააშავა, ის იყო, რომ თავისი მასწავლებელი ფუსლერი გადააყენა. მერე, იმის გამო, რომ პარტიის წევრი იყო, აუკრძალეს 5 წლით საჯარო ლექციები. რატომ ვამბობ ამას? იმ ხალხს უნდა აუკრძალო სტუდენტებთან ურთიერთობა, ვინც ათაყვანებს მათ და ეუბნება, რომ თურმე ტანით უნდა იგრძნო კანონი, კი არ უნდა წაიკითხო.

დღეს ხშირად მეუბნებიან, შენც ხომ იყავი ოპოზიციონერი და ხომ დაგიჭირესო. კი დამიჭერეს, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რა მინდოდა. განა არ ვიცოდი, რომ იმას, რასაც ვაპროტესტებდი, არ მაპატიებდნენ? ბოლოს და ბოლოს, უნდა მიეჩვიოს ჩვენი საზოგადოება, რომ კანონი უზენაესია. პოლიციას თავში ურტყამ, ჯებირებს ანგრევ და წვავ. დაგიჭირეს და ამბობ, სინდისის პატიმარი ვარო", - განუცხადა "კვირის პალიტრას" გია ბურჯანაძემ.

"კვირის პალიტრა"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×