თამარ ვეფხვაძე
22.10.2025

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი პირველ გემს 2029 წელს მიიღებს. ასეთი თამამი  განცხადება გააკეთა საქართველოს ეკონომიკის განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე. 2029 წლამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი, ამიტომ  საინტერესოა, დასრულდება თუ არა პროექტი დათქმულ ვადამდე და რამდენად რეალურია მინისტრის მოადგილის დაპირება. სპეციალისტთა ნაწილს დათქმული ვადა აეჭვებს, ხოლო მეორე ნაწილი თვლის, რომ სამუშაოები ახლაც ინტენსიურად მიმდინარეობს და ცხადია, პროექტი დათქმულ ვადებში დასრულდება. 

ეკონომიკის განვითარების მინისტრის მოადგილის შეფასებით, ანაკლია არ არის პორტი, ეს არის პლატფორმა, რათა გარკვეული მიმართულებით, მომსახურება განხორციელდეს. თამარ იოსელიანის განცხადებით, ანაკლიის საზღვაო პორტის მახლობლად შეიქმნება საჭირო ინფრასტრუქტურა და ყურადღება მიექცევა ინოვაციების დანერგვას იმის მიხედვით, თუ რას მოითხოვს სამუშაო რეჟიმი.

„ჩვენ უკვე კონკრეტულად ვიცით, რა სარგებელს მოუტანს ქვეყანას ეს პორტი. საწყის ფაზაში, დაახლოებით, 300 სამუშაო ადგილი უკვე შექმნილია და ვფიქრობთ, რომ ამავე, პირველივე ეტაპზე სამუშაო ადგილების რაოდენობა ათასს მიაღწევს“, - აღნიშნა იოსელიანმა.

ეკონომისტი დემურ გიორხელიძე „რეზონანსთან“ საუბრისას დაუფარავად აცხადებს, რომ ის კარგად იცნობს ანაკლიის სატრანსპორტო კვანძის პროექტს, რომელზეც თავადაც მუშაობდა:

„ეს პროექტი ბრწყინვალედ დამუშავდა საქართველოში ძალიან ცნობილი ინჟინრის, სპარტაკ ზერაგიას ხელმძღვანელობით. სხვათა შორის, ბადრი პატარკაციშვილის დაკვეთით, ყულევის პორტიც მან დააპროექტა და ააგო. ჩემთვის დიდი პატივი იყო, როდესაც ანაკლიის პორტის პროექტზე მუშაობა შემომთავაზა, თუმცა ეს შესანიშნავი პროექტი საქართველოს ხელისუფლების მიერ იგნორირებულ იქნა. აქედან გამომდინარე, ვერ გეტყვით, რას აგებს ახლა საქართველოს ხელისუფლება ან რა პროექტზეა საუბარი? თუ საუბარია რაღაც პორტზე, რომელმაც გემი უნდა მიიღოს, პრობლემა არ არის, ძალიან მარტივად კეთდება, მაგრამ ანაკლიის სატრანსპორტო კვანძის პროექტი და არა პორტის პროექტი, გაცილებით მასშტაბურია, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება განხორციელდეს, თუ სახელმწიფოთაშორის კონსენსუსი იქნა მიღწეული, შუა დერეფნის ფუნქციის შესრულებაზე“, - განუცხადა „რეზონანსს“ დემურ გიორხელიძემ.  

მისი თქმით, ახლა გაუგებარია, რა ტიპის გემი მოადგება ანაკლიის პორტს ან კონკრეტულად, რა პროექტი ხორციელდება? 

„ეს დეტალები აუცილებლად უნდა ვიცოდეთ. ტომები მაქვს წაკითხული ანაკლიის პორტის პროექტზე და სხვათა შორის, მე ჩამოვიყვანე „ჩაინა ჰარბორ კორპორეიშენი“, რომელიც ამ ხელისუფლების ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებს წინ დავუსვი! ყველანაირად გარკვეული ვარ ამ საკითხში, მაგრამ ანაკლიაში რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, შემიძლია, სანაძლეოც კი დავდო, რომ თვითონაც ვერ ჩამოაყალიბებს“, - აღნიშნა გიორხელიძემ.  

სხვაგვარი მოსაზრება აქვს „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელს, ეკონომისტ გიორგი აბაშიშვილს. მან „რეზონანსთან“ საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს:

„ამას ვხედავთ არა მხოლოდ განცხადებებით, არამედ - ბევრი კონკრეტული ფაქტით. მე პირადად მქონდა შესაძლებლობა, ადგილზე დამეთვალიერებინა სამშენებლო სამუშაოები და გარწმუნებთ, სამუშაოების დასრულების ვადები რეალისტურია! დარწმუნებული ვარ, რომ შედეგი, რომელიც დასახელებულია, კონკრეტულ დროში დადგება. ანაკლიის პორტი მნიშვნელოვანი პროექტია, ამას ყველა იაზრებს და როდესაც პროექტი პრიორიტეტულია, აქედან გამომდინარე, ხდება კიდეც ვადებზე აქცენტირება. შესაბამისად, პროექტი კონკრეტულ ვადებში დასრულდება“, - განუცხადა „რეზონანსს“ გიორგი აბაშიშვილმა. 

ოქტომბრის დასაწყისში, ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები შეჩერდა. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ სამუშაოები არ შეჩერებულა:

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო დროს, ზოგიერთ მედიასაშუალებასა და სოციალურ სივრცეში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის პროექტის მშენებლობა შეჩერდა და იქ სამშენებლო სამუშაოები აღარ მიმდინარეობს. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ეს ინფორმაცია არის ტყუილი და მიზანმიმართულად ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. 

გვსურს, განვმარტოთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმდინარეობა: შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურსა“ და საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ ერთობლივ საწარმოს შორის 2024 წლის 29 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება შედგება ორი ეტაპისაგან: მობილიზაცია/პროექტირება და უშუალოდ მშენებლობა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ტერიტორიაზე სამობილიზაციო სამუშაოები (I ეტაპი) ოფიციალურად დაიწყო 2024 წლის 16 სექტემბერს. გასული თვეების განმავლობაში, ტერიტორიაზე შემოტანილი იქნა ტალღმტეხის მშენებლობისათვის საჭირო 200 000 კუბურ მეტრზე მეტი კლდოვანი მასა/ქვის ლოდები დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. პარალელურ რეჟიმში ჩატარდა ყველა საჭირო კვლევა (ზღვის ფსკერის ბათიმეტრია, ასაშენებელი ტალღმტეხის ჰიდრო-დინამიკური ზეგავლენის კვლევა-შეფასება და ა.შ).

გარდა ამისა, ტერიტორიაზე მოეწყო სამიმოსვლო გზები, სამშენებლო მოედანზე მოხდა ყველა საჭირო კომუნიკაციის შეყვანა, დასრულდა ბეტონის ქარხნისა და ბეტონის დამცავი ბლოკების საწარმოო პოლიგონის მონტაჟი. პროექტის პირველი ეტაპი, რომელიც გულისხმობდა სამობილიზაციო და საპროექტო სამუშაოებს, დასრულებულია და უკვე გაცემულია შესაბამისი სამშენებლო ნებართვაც. ამჟამად მიმდინარეობს სამობილიზაციო ეტაპზე ჩატარებული სამუშაოების საბოლოო შეფასება, რის შემდეგაც კონტრაქტორი სამშენებლო სამუშაოებს ოფიციალურად შეუდგება.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სამშენებლო პროექტის ფარგლებში საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობაზე ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების გაწევის მიზნით, პროექტში ერთვება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, რომელთანაც უახლოეს დღეებში გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება.

აქტიურად გრძელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორის შესარჩევ პროცესში მონაწილე კონსორციუმის მიერ წარმოდგენილ წინადადებასთან დაკავშირებით საკითხების დაზუსტების პროცესი, რომლის დასრულების შემდეგაც ხელი მოეწერება საბოლოო ხელშეკრულებას“,- აღნიშნული იყო სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

2026 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და პორტამდე მისასვლელი გზის მშენებლობაზე, საერთო ჯამში, 195 მილიონი ლარი დაიხარჯება. ფინანსთა სამინისტროს მიერ პარლამენტში წარდგენილი ბიუჯეტის პროექტის თანახმად, პორტის ფსკერის დაღრმავების სამუშაოებსა და ტალღმჭრელის მოწყობაზე - 150 მილიონი ლარი დაიხარჯება, რაზეც მიმდინარე წელსაც 150 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

ამასთან, მომდევნო წელს უნდა დაიწყოს პორტამდე მისასვლელი 18-კილომეტრიანი გზის მშენებლობა, რისთვისაც 45 მილიონი ლარი გამოიყოფა; 2027 წელს, გზის მშენებლობაზე - 125 მილიონი ლარი დაიხჯარება; პორტის ინფრასტრუქტურის მოწყობაზე კი - 125 მილიონი ლარი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×