რეზონანსი
22.10.2025

გერმანიის სტატისტიკის სამსახურის წინასწარი მონაცემებით, ჩინეთმა 2025 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში კვლავ დაიბრუნა გერმანიის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის სტატუსი და გადაუსწრო აშშ-ს, რადგან მაღალმა ტარიფებმა გერმანიის ექსპორტზე შეერთებულ შტატებში, გავლენა მოახდინა.

როიტერის გათვლებით, გერმანიის იმპორტმა და ექსპორტმა ჩინეთთან იანვრიდან აგვისტომდე 163.4 მილიარდი ევრო (190.7 მილიარდი აშშ დოლარი) შეადგინა, ხოლო აშშ-სთან ვაჭრობის მაჩვენებელი 162.8 მილიარდ ევროს გაუტოლდა.

2024 წელს გერმანიის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი აშშ გახდა, რითაც დასრულდა ჩინეთის რვაწლიანი ლიდერობა. ამ ცვლილების მიზეზი იყო გერმანიის მცდელობა, შეემცირებინა ჩინეთზე დამოკიდებულება - ბერლინი ამას პოლიტიკური უთანხმოებებით ხსნიდა და პეკინს არაკეთილსინდისიერ სავაჭრო პრაქტიკაში სდებდა ბრალს. თუმცა, წელს სავაჭრო დინამიკა კვლავ შეიცვალა დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებისა და განახლებული ტარიფების გამო.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის ტარიფები უარყოფითად მოქმედებს გერმანულ ექსპორტზე. კერძოდ, ტარიფების გამო შემცირდა გერმანული ექსპორტი შეერთებულ შტატებში - 2025 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში ექსპორტის მოცულობა 2024 წელთან შედარებით 7.4%-ით დაეცა და 99.6 მილიარდ ევროს მიაღწია. აგვისტოში კი, გერმანიიდან აშშ-ში ექსპორტი წლიურად 23.5%-ით შემცირდა, რაც მიუთითებს, რომ ეს ტენდენცია კიდევ უფრო ძლიერდება.

„ეჭვგარეშეა, რომ აშშ-ის ტარიფები და სავაჭრო პოლიტიკა გაყიდვების შემცირების მნიშვნელოვანი მიზეზია“, - თქვა დირკ იანდურამ, გერმანიის საგარეო ვაჭრობის ასოციაციის, BGA-ს პრეზიდენტმა.

ჩინეთიდან გერმანიაში იმპორტი 8.3%-ით გაიზარდა და 108.8 მილიარდ ევროს მიაღწია. კარსტენ ბჟესკიმ, ING-ის გლობალურმა მაკროეკონომიკურმა ხელმძღვანელმა, ჩინეთიდან იმპორტის განახლებულ ბუმს შემაშფოთებელი უწოდა, „განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მონაცემები აჩვენებს, რომ ეს იმპორტი დემპინგური ფასებით ხორციელდება“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×