
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2013-2030 წლების რეალური და მსყიდვეულნარიანი ეკონომიკური კეთილდღეობის პროგრესით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია და ევრაზიაში პირველ ადგილს იკავებს. ქართველი ეკონომისტები პირდაპირ მიუთითებენ, რომ ასეთი შეფასების მთავარი კრიტერიუმია მშვიდობა საქართველოში, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რეგიონის ქვეყნებს შორის, ომია გაჩაღებული.
ეკონომიკური კეთილდღეობა სავალუტო ფონდმა ერთ სულ მოსახლეზე რეალური და მსყიდვეულნარიანი ეკონომიკის სიდიდით გაზომა. ფონდის შეფასებით, საქართველოს რეალური ეკონომიკა ერთ სულზე, 2024-25 წლებში, ჯამში - 18.7%-ით იზრდება, რითაც მსოფლიოში ორწლიანი ზრდის ტემპით მეორე ადგილზეა, გაიანას შემდეგ. გარდა ამისა, 2024-2030 წლებში, ერთ სულზე მსყიდველუნარიანი ნომინალური ეკონომიკის შვიდწლიანი ზრდის ტემპით, საქართველო ევრაზიაში პირველობს.
„ამ პერიოდში, კეთილდღეობის ეს მაჩვენებელი საქართველოში 75%-ით გაიზრდება და 2030 წლისთვის, 43 560 აშშ დოლარს გადააჭარბებს. ევრაზიაში მეორე ადგილზე, შვიდწლიანი ზრდის ტემპით ინდოეთია, რომლის მსყიდველუნარიანი ეკონომიკა ერთ სულზე 2024-2030 წლებში, 67%-ით უმჯობესდება. რაც შეეხება ისტორიულ პროგრესს იმ პერიოდიდან, როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია (2012 წლის შემდეგ), სავალუტო ფონდის შეფასებით, როგორც 2013-2025, ისე 2013-2030 წლებში, ერთ სულზე მსყიდველუნარიანი ეკონომიკის ზრდის ტემპით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია, ხოლო ევრაზიაში პირველ ადგილს იკავებს“, - აღნიშნულია სსფ-ს შეფასებაში.
ფონდის შეფასებით, 2025 წელს საქართველოს რეალური ეკონომიკა 7.2%-ით იზრდება, ხოლო ამერიკულ დოლარში ნომინალური ეკონომიკის ზრდის ტემპი ორნიშნა მაჩვენებელი - 10.7% გახდება და ერთ სულ მოსახლეზე, ისტორიაში პირველად, გადააჭარბებს 10 000 აშშ დოლარს. სსფ-ს პროგნოზით, 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი 13 500 აშშ დოლარს გადააჭარბებს, რაც ამ პერიოდიდან, მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსის მოპოვების პერსპექტივასაც რეალურს ხდის.
საქართველოს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი კაპანაძემ „რეზონანსთან“ საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ავტორიტეტული და მასშტაბური ორგანიზაციის პროგნოზი როგორიც სავალუტო ფონდია:
„კარგია, როდესაც ქვეყანა ახერხებს, რომ ევრაზიაში, რეგიონში და, ზოგადად, ევროპაში იყოს მოწინავე, ეკონომიკური ზრდის მიმართულებით. ამის ერთ-ერთი, მთავარი განმაპირობებელი არის ის ეკონომიკური პოლიტიკა და მაკროეკონომიკური ფაქტორები, რომელიც დღეს, საქართველოში არსებობს. უფრო კონკრეტულად, მაღალი ეკონომიკური ზრდა, ჯანსაღი მაკროეკონომიკური ფაქტორები, სწორი ფისკალური პოლიტიკა, რამაც განაპირობა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური წარმატებ. თუ კვლავ გაგრძელდება სწორი და ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება ხელისუფლების მხრიდან, თუკი ჩვენს ქვეყანაში შენარჩუნდება მშვიდობა და სტაბილურობა, სსფ-ს პროგნოზი სრულიად რეალურია“, - განუცხადა „რეზონანსს“კაპანაძემ.
რაც შეეხება საგარეო შოკებს, რომელიც გარკვეულწილად, გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ორ, ძირითად სავაჭრო პარტნიორს - რუსეთსა და უკრაინას შორის ომია. გიორგი კაპანაძემ დაადასტურა, რომ საგარეო შოკი ყოველთვის უარყოფით გავლენას ახდენს ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკაზე:
„ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები ერთმანეთთან საომარ ვითარებაში იმყოფებიან, მაგრამ ისინი კვლავ აგრძელებენ ეკონომიკურ ურთიერთობებს, როგორც საქართველოსთან, ასევე სხვა ქვეყნებთანახ. შესაბამისად, ამ მოცემულობას მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენის მოხდენა არ შეუძლია. გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა ვაჭრობის, ბაზრების დივერსიფიკაციას მიმართულებით, რათა ჩვენს მეწარმეებს მიეცეთ შესაძლებლობა, გაიტანონ საკუთარი პროდუქცია ახალ-ახალ ბაზრებზე და არ იყვნენ დამოკიდებულნი ერთ ან ორ ქვეყანაზე. ეს მარტივი არ არის, ამას წლები, ხანგრძლივი ეკონომიკური ურთიერთობები და ცნობადობა სჭირდება, მაგრამ ჩენ აქეთკენ მივდივართ“, - აღნიშნა გიორგი კაპანაძემ.
თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ, ოთარ ანგურიძემ „რეზონანსს“ განუცხადა, რომ სსფ-ს ასეთი პოზიტიური და მაღალი დონის შეფასება იმის შედეგია, რომ საქართველოს მთავრობამ მკაფიოდ განაცხადა - ქვეყანაში არ იქნება ომი, იქნება მხოლოდ მშვიდობა!
„გვაქვს კონფლიქტური რეგიონები, მაგრამ მათთან ურთიერთობას ვაპირებთ მხოლოდ დიალოგის გზით და არა - იარაღის ტრიალით. ჩვენს გარშემო, პრაქტიკულად, ყველა სახელმწიფო იარაღზე იყურება და საქართველო რეგიონში რჩება ერთადერთ ქვეყნად, რომელიც გაცხადებულად ამბობს, რომ არ იქნება ომი. სწორედ ამან მოგვიტანა ის, რომ მეზობელი სახელმწიფოებიდანაც კი ინვესტიციები გადმოვიდა ჩვენს ქვეყანაში. მანამდე რომ ნახოთ სტატისტიკა, ძალიან ხშირი იყო მოგებების გატანა ქვეყნიდან და ძალიან დაბალი იყო რეინვესტირების მაჩვენებელი. დღეს კი პირიქითაა - საგრძნობლად გაზრდილია რეინვესტირება, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებული კომპანიები, რომლებიც ოპერირებენ ჩვენს ქვეყანაში, გვენდობიან, აღარ გააქვთ ფული და ისევ აბანდებენ საქართველოში.
ამან ყველაფერმა მოგვცა ის, რომ ეკონომიკა გაიზარდა, დასაქმებულთა რაოდენობამაც მოიმატა, რამაც საბოლოო ჯამში, მოგვცა ის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებიც როდესაც უყურებენ ჩვენს ქვეყანას, მაღალ შეფასებებს აკეთებენ“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ ოთარ ანგურიძემ.
მისი თქმით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციები, როგორც სავალუტო ფონდია, შეფასებებს განსაკუთრებული სიფრთხილით აკეთებენ, რადგან მათთვის რეპუტაციული ფაქტორი გადამწყვეტია.
„სიფრთხილით აკეთებენ პროგნოზს, რაც ნიშნავს, რომ უფრო დაბალ შეფასებას წერენ, ვიდრე რეალობაა. სსფ-ს ბოლო ხუთი წლის პროგნოზებს რომ გადავხედოთ, ყოველი ახალი პროგნოზი გაზრდილია - დაზუსტების დროს, მუდმივად უმატებენ შეფასებებს, ეს ნიშნავს იმას, რომ ასეთი პრაქტიკა ჩამოყალიბდა. ვფიქრობ, რასაც ისინი ამბობენ, იმაზე გაცილებით მეტი რესურსი აქვს საქართველოს“, - დასძინა ანგურიძემ.
რაც შეეხება საგარეო შოკების გავლენას საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე, ეკონომიკის ექსპერტმა აღნიშნა, რომ საგარეო შოკებს ვერ გავექცევით და ვერც განსაკუთრებულად დავიცავთ თავს:
„ქვეყანამ ისწავლა ცხოვრება საგარეო გამოწვევებით. ამის ნათელი და კარგი მაგალითია კოვიდპანდემიის პერიოდი, როდესაც ძალიან სწრაფად მოახდინა ჩვენმა ქვეყანამ აღდგენა. მეორე მხრივ, ვნახეთ, რა სწრაფი იყო რეაგირება რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, როდესაც ევროპის ძალიან ბევრი ქვეყანა ჯერ კიდევ ვერ გამოსულა ამ შოკიდან. მთავარია, ვისწავლოთ მართვა კრიზისების ფონზე, რადგან კრიზისები კი მუდმივად იქნება“, - განუცხადა „რეზონანსს“ ოთარ ანგურიძემ.