
„ოცნებაში" აცხადებენ, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი საბოლოოდ ჩავარდა, რისთვისაც მადლობასაც კი უხდიან შესაბამის ქვეყნებს, რომლებიც მხარს არ უჭერენ ამ სანქციას. ახალი რეგულაციები, რომელიც ვიზლაიბერალიზაციის შეჩერებას ამარტივებს, ნოემბრიდან შევა ძალაში და როგორც თავად ბლოკში განაცხადეს, ეს საქართველოს კონტექტში სავიზო შეზღუდვები „გარკვეულ ჯგუფებს" შეიძლება შეეხოს - ევროკომისია უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესახებ ანგარიშს წლის ბოლომდე წარადგენს.
ანალიტიკოსთა ნაწილი ამბობს, რომ მთლიან მოსახლეობაზე საკითხს არც არავინ არ სვამდა და შესაბამისად ვერც ჩავარდებოდა, ნაწილი კი აცხადებს, რომ საკითხი "უბრალოდ გადაიდო". "შესაბამის ჯგუფებში" კი მათი თქმით, მოიაზრებიან "ოცნებასთან" დახალოებული ის წრეები, რომლებიც ხელს უშლიან ევროინტეგრაციის პროცესს.
ამის შესახებ ევროგაერთიანების საგარეო საქმეთა მინისტრების 20 ოქტომბრის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა სამიტის შემდეგ გააკეთა კომენტარი:
„კომისია უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესახებ ანგარიშს მიმდინარე წლის ბოლომდე წარადგენს. ვიზებზე ახალი რეგულაციები, რომლებიც ნოემბერში შევა ძალაში, ჩვენ საშუალებას მოგვცემს, რომ ზოგიერთი ჯგუფებისთვის უვიზო რეჟიმი გავაუქმოთ".
ევროპარლამენტმა 7 ოქტომბერს მიიღო საბოლოო მოსმენით მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის გამარტივება. 17 ნოემბერს კი ამ დოკუმენტს ევროპის კავშირის საბჭო უყრის კენჭს.
რას აცხადებენ „ოცნებაში"
პრემიერი ირაკლი კობახიძე მადლობას უხდის ევროკავშირის შესაბამის წევრ ქვეყნებს, რომლებიც საქართველოსთვის ვიზლაიბერალიზაციის შეჩერების წინააღმდეგები იყვნენ.
„იცით, რომ იყო მცდელობები სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით. თუმცა ეს გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული და მინდა ყველა შესაბამის ევროკავშირის წევრ ქვეყანას გადავუხადო მადლობა მხარდაჭერისთვის. მათი მხარდაჭერის შედეგად რეალურად ქართველი ხალხის წინააღმდეგ სანქციები არ ამოქმედდა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმედი გვაქვს, რომ სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ", - განაცხადა კობახიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ ვიზლაიბერალიზაციის შეჩერება-არშეჩერების საკითხი ბრიუსელის ხელში „შანტაჟის იარაღია", „შანტაჟის მცდელობა ჩავარდა".
„საქართველო და ქართული საზოგადოება არ ექვემდებარება შანტაჟს და ეს ძალიან კარგად იციან. ბოლო რამდენიმე არჩევნებზე ნახეს, რომ რეალურად ჩვენ შანტაჟს ნამდვილად არ ვექვემდებარებით. რა თქმა უნდა, ჩავარდა კიდევ ერთი შანტაჟის მცდელობა ამ ე.წ. ვიზალიბერალიზაციის შეჩერების თემაზე", - განაცხადა კირცხალიამ.
საბოლოოდ ჩავარდა თუ არა ვიზალიბერალიზაციის შეჩერება
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეს საკითხი უბრალოდ გადაიდო ზამთრის დასაწყისამდე.
„ვიტყოდი, საკითხის განხილვა უბრალოდ გადაიდო, რადგან ამ სხდომაზე საერთოდ რამე გადაწყვეტილოების მიღება არც იგეგმებოდა. უბრალოდ პოზიციების შეჯერება მიდიოდა იმის თაობაზე, რომ ეს ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, ან შეწყვეტა გავრცელებულიყო ყველა მოქალაქეზე საქართველოში, თუ მხოლოდ გარკვეულ ჯგუფებზე. როგორც ჩანს, შეთანმება ვერ მოხერხდა, რადგან ევროკავშირშიც არიან საღად მოზაროვნე ადამიანები, რომლებიც საკუთარ ცხვირზე უფრო შორს იხედებიან და მიიჩნევენ, რომ თუკი ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს მათ მოკავშირე პოლიტიკურ ძალებს, ანუ როგოც უწოდებენ - პროევროპულ ძალებს - დიდად არაფერში წაადგებათ, ხოლო საქართველოში შეიძლება ევროსკეპტიკური განწყობები გააძლიეროს და საქართველო-ევროკავშირი კიდევ კიდევ უფრო დააშოროს. ამით ვინ ისარგებლებს, მემგონი ცხადია.
„ახლა ამიტომაც მიდის აზრთა ჭიდილი იმის თაობაზე, ეს ვიზალიბერალიზაციის აკრძალვა განავრცონ ყველა მოქალაქზე, თუ მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მათთან დაახლოებულ პირებზე. ჩემი ვარაუდით, ყველაზე უფრო ახლო ეს შეიძლება მოხდეს ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში", - განაცხადა ანჯაფარიძემ.
ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ საქართველოს მთელი მოსახლეობისათვის უვიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს არც არავინ არ სვამდა. შესაბამისად, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების ჩავარდნაზე საუბარი არარელევანტურია.
„არც არავის არ დაუსვამს ასე საკითხი და პირიქით, ყოველთვის ლაპარაკი იყო იმაზე, რომ მოსახლეობას ეს არ უნდა შეეხოს. მემგონი ჩვენთან ოპოზიციური პარტიების უმრავლესობაც ზუსტად იგივე აზრზე იყვნენ, რომ უნდა დასანქცირდნენ და უვიზო მიმოსვლა შეეზღუდოთ ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს და იმ ადამიანებს, ვინ საქართველოს ევროინტეგრაციას და ევროპულ კურსს ეწინააღმდეგება და არა მთელ მოსახლეობას", - განაცხდა ზურაბიშვილმა.
ვინ მოიაზრება „გარკვეულ ჯგუფებში"
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე გვეუნება, რომ „გარკვეულ ჯგუფებში", რომლებსაც ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა შეიძლება შეუჩერდეს, დიდი ალბათობით მოიაზრება ხელისუფლებასთან დაახლოებული წრეები, მათ შორის ბიზნესმენები, პოლიტიკოსები, ძალოვანი სტრუქტურების მაღალჩინოსნები, ასევე მოსამართლეების გარკვეული წრე.
„თვითონ არ იციან ეს ჯგუფები ვინ არიან. აქ თავიანთი პროქსი ჯგუფები ჰყავთ, მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები, მოკავშირე ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ხშირად ჩადიან ბრიუსელში, ისინი უდგენენ მათ სიებს, აწვდიან ინფორმაციას. ამ სიებში შეიძლება, მაგალითად, იყვნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის წარმომადგენლები, ისინი, ვინც გასაკუთრებით ხშირად ჩანან მედიასაშუალებებში და ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რაც ევროკავშირის ყურს და თვალს ხვდება.
„არიან დეპუტატები, რომლებიც საერთოდ არაფერს არ აკეთებენ და ამნაირი განცხადებებით არ გამოირჩევიან, მაგრამ აქ კრიტერიუმებია - შეიძლება დეპუტატი, ან რომელიმე ბიზნესმენი განცხადებას არ აკეთებდეს, მაგრამ ის იყოს მიჩნეული „ქართული ოცნების" მხარდამჭერად, ან სპონსორად.
„ბიზნესწრეებსაც არ გამოვრიცხავ. ასევე შეიძლება იყოს ძალოვანი სტრუქტურების მაღალჩინოსნები, გარკვეული ტიპის მოსამართლეები. ახლა ქუჩის გადამკეტავ აქტივისტებს რომ ასამართლებენ, დარწმუნებული ვარ, იმ მოსამართლეების ყველა გვარი სიაში იქნება შეტანილი. ამაზე შესაბამისი ორგანიზაციები მუშაობენ.
„არ მგონია მუნიციპალურ დონეზე ვინმე დაასანქცირონ, თუ მუნიციპალური მოხელე რაღაც ისეთს განსაკუთრებულს არ აკეთებს.
„კავკასიის კვლევით რესურსცენტრმა", რომელიც უფრო ხელისუფლების ოპონენტია, ჩაატარა გამოკითხვა, რომლის მიხედვით, ჩვენი მოქალაქეების მხოლოდ 22% სარგებლობს უვიზო რეჟიმით (მე თუ მკითხავთ, ესეც ძალიან გაზრდილი რიცხვია). დანარჩენები ამ სიკეთით ვერ სარგებლობენ იმის გამო, რომ ამის ფინანსური რესურსები არ აქვთ.
„ძალიან მძიმე გადაწყვეტილება რომც მიიღონ და მთელს მოსახლეობას ჩამოართვან უვიზო რეჟიმით სარგებლობის უფლება, არ მგონია ამან დიდი და განსაკუთრებული ვნებათაღელვა გამოიწვიოს. კი, ქუჩაში ხალხი გამოვა, მიტინგები იქნება, მაგრამ ხელისუფლებას 150-200 ათასიანი მიტინგები ასე თუ ისე გადაუგორებია. მათი ნაბიჯი, რისკენაც აქაური ოპოზიცია უბიძგებს იმის იმედით, რომ ეს მათ საპროტესტო აქციებზე წაეხმარება, არ მგონია, რომ ეს რამეში დაეხმაროს და აქ სიტუაცია შეცვალონ", - განაცხადა ანჯაფარიძემ.
კითხვაზე, გარკვეულ ჯგუფებში ვინ შეიძლება მოიაზრებოდეს, ანალიტიკოსმა დავით ზურაბიშვილმა „რეზონანსს" უთხრა, რომ „ალბათ ყველა ის, ვინც ხელს უშლის ევროინტეგრაციის პროცესს. ძირითადად ესაა მთავრობა, პარლამენტი, მოსამართლეები".