მარიამ ვეკუა
21.10.2025

ეპქსპრემიერ ღარიბაშვილისა და „ოცნების" სხვა მაღალჩინოსნების სახლებში ჩხრეკის შემდეგ 5 დღე გავიდა, თუმცა კითხვებზე, რომელიც ამის შედეგად გაჩნდა, კვლავ არაა პასუხი გაცემული. გაურკვეველია რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება და რა სტატუსი აქვთ მასში ყოფილ მაღალჩინოსნებს.

ანალიტიკოსები „რეზონანსთან" საუბარში ამ დუმილისა და გაურკვევლობის შესაძლო მიზეზებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, პრაქტიკულად გამორიცხულია, რომ ამ მასშტაბურ ჩხრეკას კონკრეტული ბრალდებების წამოყენება და დაკავებები არ მოყვეს.

17 ოქტომბერს დილის 10 საათიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ერთდროულად, ჯამში 22 ლოკაციაზე, მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა - ჩხრეკა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი ბინებსა და სახლებში. ჩატარდა პირადი ჩხრეკებიც - ამის შესახებ ინფრომაცია შსს-მ გაავრცელა.

გამოძიება ამბობს, რომ დიდი რაოდენობით თანხასა და ძვირფასეულობასთან ერთად, ამოღებულია რამდენიმე ათეული ელექტრონული მოწყობილობა და ატაშობით ფურცელი დოკუმენტაცია. გამოძიება, სავარაუდოდ, ახლა სწორედ ამ მასალებს სწავლობს.

ამის პარალელურად კი სოციალურ ქსელსა და მედიაში პერიოდულად ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც პრემიერ მინისტრობის თანამდებობაზე ორჯერ იმყოფებოდა, საქართველო დატოვა. თუმცა, უფრო ადრე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი ამტკიცებდა, რომ ღარიბაშვილს პასპორტი ჩამორთმეული ჰქონდა და მისი დაკავება იგეგმებოდა.

კორუფცია, თუ უფრო მძიმე ბრალდება

კითხვაზე ელოდება თუ არა კორუფციაზე უფრო მძიმე ბრალდების წარდგენას, ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე გვპასუხობს: „არ გამოვრიცხავ"

„მართლა შეუძლებელია პროგნოზი, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ პროცესი ბოლომდე მივა. ამდენი ხანი რომ გაგრძელდა სიჩუმე ამიტომ ვვარაუდობ, რომ იქ რაღაც რეალური მოტივებია, ისეთი, რომელზეც ლაპარაკი ჯერჯერობით ვერ გადაუწყვეტიათ - ღირს თუ არა იმ თემებზე საუბარი, რაც ამ პიროვნებებს უკავშირდება. ეტყობა საქმე უფრო რთულადაა, ვიდრე ერთი შეხედვით წარმომიდგენია.

„მეორეს მხრივ, ამდენი ხანი გაჩერება ისე, რომ ამას არაფერი მოჰყვეს, ესეც გამორიცხულია. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ვიცით ივანიშვილის ისტორია: თავის ნათესავი გაუშვა ციხეში მოპარვისთვის, მერე კი ზრუნავდა ამ ნათესავის ოჯახზე, მაგრამ პატიებით არ აპატია ქურდობა. ამ შემთხვევაშიც არ მგონია, რომ ლმობიერი იყოს", - განაცხადა საყვარელიძემ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი ვარაუდობს, რომ ბრალდება კორუფციას უკავშირდება:

„საკმაოდ არასრული სურათია იმისა, თუ რა ხდება გამოძიებაში - რა ეტაპზეა, რა მუხლებითაა, რა საქმეზე და ა.შ. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ სუს-ის ანტიკორუფციული დანაყოფი მონაწილეობდა ამ ჩხრეკა-ამოღების აქტივობაში, უნდა ვივარაუდოთ, რომ ფინანსურ დანაშაულებებთან გვაქვს საქმე. ფინანსური დანაშაულებები კი ფართოა - ეს შეიძლება იყოს ქრთამის აღება, სახელმწიფო შესყიდვები, ყალბი ტენდერი და ა.შ. ამიტომ ამ ბუნდოვანებაში კონკრეტიკა რთულია, მით უმეტეს იმის ფონზე, რომ მმართველი გუნდიდან კომენტარები მწირია. თავად პრემიერმაც თქვა, რომ არ სურს წინ გაუსწროს გამომძიებლების განცხადებებს".

აბაშიძეს აზრით, „ყველაფერი სწრაფად არ მოხდება".

„ვფიქრობ, იქიდან გამომდინარე, რომ არსებული მართლმსაჯულება რადიკალურად განსხვავებულია სააკაშვილის ეპოქისგან, ეს ყველაფერი არ მოხდება სწრაფად და შეთითხნილად. ეს ყველასთვის საეჭვოა - დიდძალი ფულადი თანხა, თუკი ეს პატიოსანი შრომით არის მიღებული, სახლში ხალიჩების ქვეშ არ იმალება. შეკითხვები ბევრია, თუმცა დაველოდოთ არგუმენტებს", - განაცხადა აბაშიძემ „რეზონანსთან".

რა მოყვება დაკავებებს

რა შეიძლება მოყვეს ექსპრემიერსა და ყოფილი მაღალჩინოსნების დააკავებებს - ამ თემაზე საუბრისას საყვარელიძე ამბობს, რომ ჯერჯერობით, პროცესების განვითარებას უნდა დაველოდოთ.

„დიახ, შესაძლოა მოჰყვეს გარდატეხა... ამომრჩევლებში (ღარიბაშვილი) სარგებლობდა პოპულარობით და ახლაც სარგებლობს. მას ჰყავს თავისი გულშემატკივარი. სერიოზული ფიგურა იყო ლილუაშვილიც - სახელმწიფოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სამსახური მას ებარა. ასე რომ, ქვეყნისთვის დაშავება ერთსაც შეეძლო და მეორესაც.

„თუმცა ნუ ვიქნებით ბრალმდებლები - არ ვიცით რა იშიფრება ამ მოვლენების უკან, იმიტომ, რომ დანაშაულიც კი შესაძლოა იყოს უნებლიე ან მიზანმიმართული. დანაშაულის ქვეშ კორუფციას, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ - თუ მათ სხვა ტიპის რაიმე დანაშაული აღმოაჩნდათ, იქ დადგება ეს საკითხი. ამიტომ ნუ ვიქნებით მსაჯულები", - განაცხადა საყვარელიძემ.

გია აბაშიძეც მიიჩნევს, რომ ამ მხრივ პროგნოზების გაკეთება რთულია და გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ.

„სანამ კონკრეტული ბრალდებები არ არსებობს, პასუხიც არ არის. რასაკვირველია, ღარიბაშვილი ძალიან გავლენიანი ფიგურაა „ქართულ ოცნებაში", ის იყო და რჩება ერთგულად, როგორაც მისი თანაგუნდელები მოიხსენიებენ. ხატოვნად რომ ვთქვათ, ცხენის წინ ვერ დავდგები, რომელმაც უნდა გააჭენოს, შეიძლება ამ ცხენმა საერთოდ,არ გააჭენოს."-განაცხადა აბაშიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×