ნატალია ჯვარიძე
21.10.2025

აქციებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის გამკაცრების შემდეგ, ხელისუფლების წინააღმდეგ გამართული ყოველდღიური აქციების ინტენსივობა და მასშტაბები თვალსაჩინოდ მცირდება. თავად ხელისუფლების ოპონენტებშიც უკვე ისმის მოსაზრება, რომ ყოველ საღამოს რუსთაველის გამზირის გადაკეტვა არ იწვევს სასურველ ეფექტს და საჭიროა ახალი სტრატეგიის შემუშავება.

ანალიტიკოსებიც ასევე ფიქრობენ, რომ გზის გადაკეტვამ, როგორც პროტესტის ფორმამ, უკვე ამოწურა თავისი თავი. აქედან გამომდინარე ელიან, რომ ახლო მომავალში ეს პრაქტიკა, რაც უკვე თითქმის 11 თვეა გრძელდება, თანდათან შეწყდება.

„თითქოს მოსალოდნელია, რომ რუსთაველის გამზირის გადაკეტვა შეწყდეს. რთული სათქმელია რამდენ ხანში, მაგრამ ამის საფუძველი არსებობს",- განაცხადა ანალიტიკოსმა პეტრე მამრაძემ „რეზონანსთან".

პარლამენტმა 16 ოქტომბერს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შეკრებებსა და მანიფესტაციებთან დაკავშირებით ინიცირებული ცვლილებები მიიღო. მესამე მოსმენით კენჭისყრაზე კანონპროექტს 80-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ცვლილებების თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის, ცრემლმდენი ან/და მომწამვლელი ნივთიერების ქონის, ასევე, გზის გადაკეტვის ან დროებითი კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია - ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.

ამასთან, ცვლილებების მიხედვით, იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეობა, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით. ასევე, 60 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება იმ პირს, რომელიც შეკრებისას იქონიებს იარაღს, პიროტექნიკას, ან იქონიებს ისეთ საგანს, რომელიც გამოიყენება სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მისაყენებლად.

ამგვარი აკრძალული ქმედებების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ერთ წლამდე ვადით, ხოლო მესამე და ყოველი შემდეგი იგივე კანონსაწინააღმდეგო ქმედება - ორ წლამდე ვადით.

ახალი კანონის მიღებიდან მალევე, პოლიციამ გზის გადაკეტვისთვის დაკავებები დაიწყო. დაკავებულებს შორის არიან ტელეკომპანია „ფორმულა" ჟურნალისტები - ვახო სანაია და ქეთა ციცქიშვილი.

პოლიცია საღამოობით აქციის მონაწილეებს არ უშლის რუსთაველის გადაკეტვას, მაგრამ აფრთხილებს, რომ ამის გამო შეიძლება დააკავონ. აქციის დაშლის შემდეგ კი ქუჩაში აჩერებენ აქტივისტებს, ახდენენ მათ იდენტიფიკაციას და აპატიმრებენ. ამის ფონზე თვითონ აქციის მონაწილეებს შორის გაჩნდა აზრთა სხვადასხვაობა - საჭიროა თუ არა ყოველ საღამოს რუსთაველის გადაკეტვა, ხომ არ ჯობია ამაზე უარის თქმა და სტრატეგიის შეცვლა.

შეწყდება თუ არა გზის გადაკეტვა

პეტრე მამრაძე ვარაუდობს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ გზის გადაკეტვა შეწყდება.

„თითქოს მოსალოდნელია, რომ რუსთაველის გამზირის გადაკეტვა შეწყდეს, რთული სათქმელია რამდენ ხანში, რადგან ამ დიდ ანტიეროვნულ ძალებს თავისი სტრატეგია აქვთ. თუმცაღა ასე ვფიქრობ, რომ გარკვეული დროის შემდეგ ასეც მოხდება", - აღნიშნა მამრაძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ უმჯობესია, როცა ხალხი ცოტაა, გზა არ გადაიკეტოს.

„ხელისუფლება იძახის, რომ გზის გადაკეტვა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როცა ეს ბუნებრივად ხდება. ასეთ შემთხვევაში, პროპაგანდის თვალსაზრისით, „ოცნება" მომგებიან პოზიციაშია. ამიტომ არ მგონია, რომ როცა ხალხი ცოტაა, გზის გადაკეტვა კარგი აზრი იყოს. თუ ოპოზიციას სურს, რომ რეალურად გააპროტესტოს, მაშინ აირჩიონ ის ფორმა, რაც გულისხმობს, გზის არგადაკეტვას, როცა ხალხის დიდი რაოდენობა არ არის", - თქვა ძაბირაძემ.

რამდენად მომგებიანია

პეტრე მამრაძე ფიქრობს, რომ ხელისუფლების ოპონენტებისთვის გზის გადაკეტვა პირიქით, წამგებიანია.

„გზის გადაკეტვა მათთვის წამგებიანია, რადგან მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ამით უკმაყოფილოა. ბევრისგან გამიგია, განსაკუთრებით სოლოლაკში მცხოვრები ხალხისგან, რომ როდემდე ვითმინოთ და ჩვენ ხომ არ მივხედოთ ამ საქმესო...

„თუ გადაწონის ის, რომ ეს გზის გადაკეტვა უაზრობაა და ამით ხელისუფლებას ვერ ავნებენ, ასევე თუ დაფინანსება შეუწყდებათ, მაშინ დადგება ეს მომენტი, როცა გაიაზრებენ, რომ მათთვის წამგებიანია", - განაცხადა პეტრე მამრაძემ „რეზონანსთან".

ვახტანგ ძაბირაძის თქმით, ოპოზიცია ისედაც წამგებიან პოზიციაშია და გზის გადაკეტვა მათთვის მომგებიანი არ არის.

„ჩემი აზრით, არასწორია, თუ ოპოზიცია რუსთაველზე ჩაიკეტება. საჭიროა ხალხში გასვლა, მაგალითად, რეგიონებში ჩასვლა. ეს უფრო მიმზიდველი იქნება მომავალში ოპოზიციისთვის. არ ვლაპარაკობ, რომ პროტესტი საჭირო არ არის, მაგრამ აუცილებელი რაც არის, იმას ვუსვამ ხაზს. ოპოზიცია ისედაც მძიმე ვითარებაშია და გზის გადაკეტვა წამგებიანია.

„გამართლებულია ყველაფერი, რაც შედეგს მოიტანს. ამ გზის გადაკეტვამ თავისი რესურსი ამოწურა, რაღაც შესაცვლელია", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×