
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შეხვედრა, რომელიც პუტინ-ტრამპის სამიტამდე უნდა გამართულიყო, გაურკვეველი ვადით გადაიდო. ეს კი, თავის მხრივ, მომავალ კვირას ბუდაპეშტში დაგეგმილ დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრას კითხვის ქვეშ აყენებს..
როგორც „სი-ენ-ენი" თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, ლავროვი-რუბიოს შეხვედრის გადადების მიზეზი უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით განსხვავებული მოლოდინები გახდა.
„სი-ენ-ენ"-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის უთანხმოება უკრაინის ომისთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხო. სავარაუდოდ, მოსკოვისა და ვაშინგტონის პოზიციები უკრაინის ომთან დაკავშირებით ისევ შეუთავსებელია.
სერგეი ლავროვისა და მარკო რუბიოს საუბრის მთავარი თემა ტრამპი-პუტინის შეხვედრის მომზადება უნდა ყოფილიყო. თუმცა, მოსკოვში აცხადებენ, რომ ლავროვი-რუბიოს შეხვედრა არც კი იყო დაგეგმილი.
„მოსკოვის მხრიდან წამოსული ახალი სიგნალებით თუ ვიმსჯელებთ, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინს შორის ბუდაპეშტში დაგეგმილი შეხვედრის პერსპექტივები, როგორც ჩანს, ქრება", - წერს ამასთან დაკავშირებით „პოლიტიკო".
ტრამპმა გასულ კვირას განაცხადა, რომ მას და პუტინს შორის ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომლის დროსაც „დიდ პროგრესს მიაღწიეს" და გამოაცხადა, რომ ორი ლიდერი უნგრეთის დედაქალაქში შეხვედრაზე შეთანხმდა.
„შეერთებული შტატების საწყის შეხვედრებს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, სხვა დანიშნულ პირებთან ერთად, უხელმძღვანელებს", - დაწერა მან სოციალურ ქსელში.
თუმცა, სამშაბათს თეთრი სახლის წარმომადგენელმა „სი-ენ-ენს" განუცხადა, რომ რუბიოსა და მის რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს შორის მოსალოდნელი შეხვედრა დროებით გადაიდო. უცნობია, თუ რატომ აღარ იმართება შეხვედრა ამ კვირაში, თუმცა ერთ-ერთი წყაროს ცნობით, რუბიოს და ლავროვს რუსეთ- უკრაინის ომის შესაძლო დასრულების შესახებ განსხვავებული მოლოდინები ჰქონდათ. როგორც „სი-ენ-ენი" წერს, მოსკოვიდან სატელეფონო ზარის შემდეგ ოფიციალურმა პირებმა „იგრძნეს, რომ რუსეთის პოზიცია საკმარისად არ განვითარებულა".
უფრო კონკრეტულად, რუბიო-ლავროვის სატელეფონო საუბრის შემდეგ ოფიციალურ პირებს მიაჩნდათ, რომ რუსეთი ისევ მაქსიმალისტური პოზიციების შენარჩუნებაზეა ორიენტირებული.
„შეთანხმება არც ყოფილა"
მოსკოვში კი ამტკიცენებ, რომ ლავროვი-რუბიოს შეხვედრის დროისა და ადგილის შესახებ შეთანხმება არც ყოფილა.
„არ შეიძლება გადაიდოს ის, რის შესახებაც შეთანხმება არ ყოფილა. ის, რაც ზოგიერთმა დასავლურმა წყარომ დაწერა, ჩვენ არ დაგვიდასტურებია. მსგავსი კონტაქტის ვადებისა და ადგილმდებარეობის შესახებ შეთანხმება არ გვქონია", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა.
მისივე თქმით, შეხვედრის ორგანიზებას სათანადო მომზადება სჭირდება.
„როგორც იდეა, ეს არსებობს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია. ზუსტად იმიტომ, რომ ასეთი შეხვედრა მნიშვნელოვანია, ის მომზადებას მოითხოვს. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. გუშინ სერგეი ლავროვმა და მარკო რუბიომ ეს საკითხი განიხილეს", - აღნიშნა რიაბკოვმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი 20 ოქტომბერს გაიმართა. კრემლმა კი სატელეფონო ზარი შეაფასა, როგორც „კონსტრუქციული დისკუსია".
„ევროპაში ომის დამნაშავეების ადგილი არ არის"
ტრამპისა და პუტინის ბუდაპეშტში შეხვედრის იდეა ევროპისთვის მოსაწონი არ აღმოჩნდა.
ბუდაპეშტში შემოთავაზებულმა სამიტმა, რომელსაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა „მსოფლიოს მშვიდობისმოყვარე ხალხისთვის შესანიშნავი ამბავი" უწოდა, სხვა ევროპული დედაქალაქების რისხვა გამოიწვია, რომელთაგან ზოგიერთმა პუტინისთვის საჰაერო სივრცის დახურვის პირობაც კი დადო.
„ევროპაში ომის დამნაშავეების ადგილი არ არის. ომის დამნაშავეებისთვის ევროპაში გამავალი გზა არ არსებობს რაიმე ღონისძიებაზე დასასწრებად", - განუცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კესტუტის ბუდრიშმა ჟურნალისტებს.
პუტინს ამჟამად საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსგან (ICC) ომის დანაშაულებისთვის დაპატიმრების ორდერი აქვს გაცემული, თუმცა ბუდაპეშტმა პირობა დადო, რომ მას არ აღასრულებს და წლის დასაწყისში ICC-დან გავიდა.
გარდა ამისა, სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ ბულგარეთი თანახმა გახსნას თავისი საჰაერო სივრცე პუტინის თვითმფირნავისთვის, თუ კი ის საბოლოოდ ბუდაპეშტში ჩასვლასა და დონალდ ტრამპთან შეხვედრას დათანხმდება.