
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების 20 ოქტომბრის შეხვედრაზე, სადაც საქართველოს საკითხზეც იყო მჯელობა, გაირკვა, რომ ნოემბერში ვიზებზე ახალი რეგულაციების ძალაში შესვლის შემდგომ, შესაძლოა, ევროკავშირმა უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება გარკვეულ ჯგუფებთან დაკავშირებით მიიღოს და არა მთლიანად საქართველოს მოსახლეობის.
ამასთან, როგორც საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კომისია უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესახებ ანგარიშს მიმდინარე წლის ბოლომდე წარადგენს.
ამასთანავე, კალასი საქართველოსთან დაკავშირებით ამბობს, რომ სანქციების სხვადასხვა რეჟიმის ფარგლებში რამდენიმე ზომა წამოაყენეს, თუმცა მიღება ვერ ხერხდება, რადგან ყველა წევრი მხარს არ უჭერს.
"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ "განსაკუთრებული არაფერი მომხდარა" და რომ ლუქსემბურგში საბჭოს სხდომა საქართველოზე კი არ იყო შეკრებილი, იქ განიხილეს "ლამის მთელ სამყაროსთან ურთიერთობები". ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ სამწუხაროა, როდესაც ევროკავშირში მსჯელობენ საქართველოსთან "ყველა ტიპის თანამშრომლობის გაჩერებაზე".
რას ამბობს კალასი
ამასთან, კაია კალასი ამბობს, რომ შეხვედრაზე მინისტრებმა მკაფიოდ დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში გაუარესებას განაგრძობს.
"მინისტრებმა მკაფიოდ დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში გაუარესებას განაგრძობს. ევროპელი ელჩების მიმართ პირადი თავდასხმები მიუღებელია და ამას დიპლომატიაში ადგილი არ აქვს.
"კომისია უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესახებ ანგარიშს მიმდინარე წლის ბოლომდე წარადგენს. ვიზებზე ახალი რეგულაციები, რომლებიც ნოემბერში შევა ძალაში, ჩვენ საშუალებას მოგვცემს, რომ ზოგიერთი ჯგუფებისთვის უვიზო რეჟიმი გავაუქმოთ", - განაცხადა კალასმა.
კალასის ცნობით, დღეს შავი ზღვის რეგიონისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მინისტრებს შეხვდება.
„რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმები ყველას გვეხება. შავ ზღვაში უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით კოლექტიური ძალისხმევის გამოჩენა გვჭირდება", - აღნიშნა კალასმა.
კერძოდ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა სანქციებთან დაკავშირებით „ევროსკოპის" რედაქტორის, თამარ ნუცუბიძის შეკითხვაზეც უპასუხა:
„ჩვენ სანქციების სხვადასხვა რეჟიმის ფარგლებში რამდენიმე ზომა წამოვაყენეთ. თუმცა, მათი მიღება ვერ ხერხდება, რადგან ყველა წევრი სახელმწიფო მათ მხარს არ უჭერს. რაც შეეხება ვიზებს, კომისია ვიზების შეჩერების მექანიზმს წლის ბოლომდე წარადგენს, ასევე რეგულაციებს გარკვეული ჯგუფებისთვის. ეს ჩემი კომპეტენციის ნაწილი არ არის, ამიტომ დეტალურად ვერ ვისაუბრებ", - აღნიშნა კალასმა.
ნუცუბიძის კითხვაზე, მიწვეული იყო თუ არა საქართველო უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის საკითხების შესახებ მინისტერიალზე, რომელშიც შავი ზღვისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობენ, კაია კალასმა უპასუხა, რომ: „საქართველო მინისტრების დონეზე მოწვეული არ ყოფილა".
„ფორმულას" ჟურნალისტის, ლუკა ხაჩიძის შეკითხვაზე "პოლიტიკური რეპრესიების, პოლიტიკური პატიმრების, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ არსებული რეპრესიების ფონზე კვლავ განიხილავს თუ არა ევროკავშირი საქართველოს, როგორც კანდიდატ ქვეყანას", კაია კალასმა უპასუხა, რომ „შეხვედრაზე აღნიშნული საკითხები წევრმა სახელმწიფოებმა წამოაყენეს".
„სამოქალაქო საზოგადოებისთვის და ჟურნალისტებისთვის სივრცე მართლაც ვიწროვდება. ზომები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა თავისუფალი მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებს, ყველა იმ წესსა და პრინციპს ეწინააღმდეგება, რომელსაც ევროკავშირში ვაფასებთ. რაც შეეხება შეკითხვას საქართველოს კანდიდატის სტატუსის შესახებ, რომ ის ევროკავშირის წევრი გახდეს, მსგავსი ზომებით შეუძლებელი იქნება ასე ჩაითვალოს. ეს სრულიად საპირისპიროა იმ ყველაფრისგან, რასაც ევროპა წარმოადგენს", - განაცხადა კალასმა.
რას აცხადებენ "ოცნებასა" და ოპოზიციაში
ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი გამოეხმაურა ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომას, სადაც განიხილებოდა საქართველოს საკითხიც. მან სხდომის დასრულების შემდეგ, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადებაზეც გააკეთა კომენტარი.
"არც არაფერი მომხდარა განსაკუთრებული. ქალბატონმა კაია კალასმა აღწერა ის პროცედურები, რასაც გადის ხოლმე თითოეული საბჭო, რომელიც წელიწადში ოთხჯერ იკრიბება ხოლმე. წელიწადში ოთხჯერ ვხედავთ ერთი და იმავეს, ერთსა და იმავე მცდელობას ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს ზოგიერთი მინისტრის მხრიდან, რომ საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის გამოიყენონ.
საბედნიეროდ, დღემდე ევროკავშირში არიან წევრი სახელმწიფოები, რომლებიც საღად აფასებენ განვითარებულ მოვლენებს, საღად უყურებენ საქართველოს მნიშვნელობას, საქართველოსთან ურთიერთობებს და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ მოკლევადიან პოლიტიკურ კინკლაობას არ გადააყოლონ ორმხრივი ურთიერთობები.
"საზოგადოებამაც რომ იცოდეს, რეალურად ეს საბჭო საქართველოზე კი არ იყო შეკრებილი, იქ განიხილეს ლამის მთელ სამყაროსთან ურთიერთობები - ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები, რუსეთ-უკრაინის ომი, უამრავი მიმართულებით იყო საუბარი. ხანდახან ღიმილის მომგვრელია, რომ ამ ორომტრიალის დროს საქართველოც გაახსენდებათ ხოლმე მაშინ, როდესაც საქართველო არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს რეალურად ევროკავშირისთვის.
მაინცდამაინც ზოგიერთმა მინისტრმა გადაწყვიტა, რომ საქართველო უნდა აქციონ პრობლემად. ჩვენი ძალისხმევა წლების განმავლობაში სწორედ იმისკენაა მიმართული, რომ საქართველო პრობლემად არ აქციონ და ყველამ იცოდეს, რომ საქართველო პრობლემა ვერ იქნება", - აღნიშნა მახაშვილმა "იმედთან".
"ლელოს" ლიდერი გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ სამწუხაროა, როცა საგარეო მინისტრები მსჯელობენ არა ურთიერთობის გაღრმავებისთვის, არამედ ყველა ტიპის თანამშრომლობის შეჩერებაზე.
"ეს არის უაღრესად სამწუხარო მომენტი, როდესაც ევროპული კავშირის საგარეო მინისტრები მსჯელობენ არა იმაზე, თუ როგორ მისცენ საქართველოს შემდგომი პერსპექტივა, როგორ გააღრმაონ ურთიერთობები ჩვენს სახელმწიფოსთან, ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სოციალური კუთხით.
ამის მაგივრად, მსჯელობენ იმაზე, თუ როგორ უნდა გაჩერდეს ყველა ტიპის თანამშრომლობა ქართულ სახელმწიფოსთან, რადგანაც რეჟიმი სახელმწიფოს არის დაპატრონებული. ასევე, ნაცვლად დემოკრატიული მთავრობისა, რეალურად, დღეს, ამ სახელმწიფოს დე-ფაქტო რეჟიმით მართავს ტერორისტული, კრიმინალური ბანდფორმირება, სახელწოდებით „ქართული ოცნება". ის ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროპულ მომავალს",- განაცხადა გეგელიამ.