რეზონანსი
20.10.2025

რამდენიმე დღეა, ოპოზიცია და მათთან დაკავშირებული პირები აჟღერებენ სრულიად უსაფუძვლო, აბსურდულ ბრალდებებს უმაღლესი განათლების რეფორმის ახალ კონცეფციასთან დაკავშირებით, რაც სრულიად მიუღებელია იმ ადამიანების მხრიდან, რომლებსაც თავის დროზე განათლების სისტემის გაუმჯობესებისთვის არაფერი გაუკეთებიათ, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მინისტრის შეფასებით, ამ ადამიანებს არ აქვთ არანაირი არგუმენტაცია და მათი განცხადებები წარმოადგენს პროვოკაციას, რომელიც საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

,,ფაქტი არის ერთი – კონცეფცია წარმოადგენს კონკრეტულ ხედვას, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ იმ პრობლემებს, რომელთა წინაშეც დღეს ვდგავართ. ეს არის გზა, თუ როგორ უნდა დარეგულირდეს ყველაფერი ისე, რომ სისტემა პირველ რიგში მოვარგოთ ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს. მზად ვართ, შესაბამის ფოკუს ჯგუფებთან განვიხილოთ ეს საკითხები. ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დავიწყეთ. უახლოეს დღეებში დავაორგანიზებთ შეხვედრებს, მოვისმენთ ნებისმიერი ჯანსაღ პოზიციას, კრიტიკულ აზრს. მთავარია, ეს იყოს კონსტრუქციული ხასიათის და შესაბამისი არგუმენტებით გამყარებული. ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული მანიპულაციური, აზრს მოკლებული განცხადებები, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ამ ადამიანებს არაფერი აქვთ სათქმელი და მათ მიზანს მხოლოდ სისტემის განვითარების ხელშეშლა წარმოადგენს. განხილვების საფუძველზე მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებებს. ამის შემდეგ მთავრობა დაამტკიცებს კონცეფციას, რომელიც საფუძვლად დაედება რეფორმის განხორციელებას,” – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

მინისტრის თქმით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ წარმოდგენილი უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია მოიცავს სისტემაში არსებულ მთავარ გამოწვევებს, რომელიც შვიდ ძირითად მიმართულებას მოიცავს.

„შვიდივე მიმართულებით შევუმუშავეთ საპასუხო ნაბიჯები, რაც ვთვლით, რომ სისტემაში არსებული გამოწვევების დაძლევაში დაგვეხმარება. დასახული ამოცანების შესრულება მოგვცემს შესაძლებლობას, საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხი და საერთაშორისო სტანდარტს დაუახლოვდეს,” – განაცხადა გივი მიქანაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×