
ევროკავშირი შეთანხმდა, 2028 წლის პირველი იანვრისთვის ეტაპობრივად შეამციროს რუსული გაზის იმპორტი. ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრებმა ამ წინადადებას დღევანდელი მინისტერიალზე დაუჭირეს მხარი. მინისტერიალზე დაამტკიცეს გეგმა, რომლის თანახმადაც, რუსულ ნედლეულზე ეტაპობრივად უარის თქმა ახალი კონტრაქტებისთვის - 2026 წლის იანვრიდან, უკვე არსებული მოკლევადიანი კონტრაქტებისთვის - 2026 წლის ივნისიდან, ხოლო გრძელვადიანი კონტრაქტებისთვის 2028 წლის იანვრიდან დაიწყება.
კანონი ჯერ საბოლოო არ არის. ევროკავშირის ქვეყნებმა საბოლოო წესებზე ევროპარლამენტთან მოლაპარაკება უნდა აწარმოონ. ამჟამად რუსეთი ევროკავშირის გაზის იმპორტის 12%-ს შეადგენს, რაც 2022 წელს უკრაინაში შეჭრამდე 45%-თან შედარებით ნაკლებია, ხოლო უნგრეთი, საფრანგეთი და ბელგია იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც რუსული გაზის მიმღებნი არიან.
თსუ-ს ასოცირებული პროფესორი და საგარეო ექსპერტი, კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ ევროკავშირი ცდილობს რუსეთი ამ კუთხით რაღაცნაირად იზოლაციაში მოაქციოს.
„ნელ-ნელა ყველა ხვდება, რომ რუსეთი არის არა მხოლოდ ამ ომის გამჩაღებელი, არამედ, აგრესიული სახელმწიფო, რომელიც ამ აგრესიას მხოლოდ უკრაინასთან ომით არ შეწყვეტს. მითუმეტეს, რომ ევროპის სახელმწიფოებს ემუქრება. აქედან გამომდინარე, ცდილობენ, თუნდაც ამ ომის დამთავრების შემდეგ, ეკონომიკური შემოსავალი, რომელსაც იღებს რუსეთი მათ შორის ნავთობიდან და გაზიდან, არ გამოიყენოს თავისი სამხედრო და აგრესიული მიზნებისთვის.
პირველ რიგში, ეს ცვლილება მიმართულია იმისკენ, რომ თანხები შემოაკლდეს, რადგან უკრაინაში ომი ვერ გააგრძელოს. მიზანი სწორედ ის არის, რომ გამომდინარე იქიდან, რუსეთზე დამოკიდებულება სერიოზულ რისკებს წარმოშობს დასავლეთისთვის და პირველ რიგში ევროკავშირისთვის, ალტერნატიული გზები იშოვონ.
ეს რუსეთის შემოსავლებზე გარკვეულ ზეგავლენას მოახდენს, რადგან დასავლეთში გაზის გაყიდვით ძალიან დიდ თანხებს ღებულობდა. შესაბამისად, ეს სწორედ იმაზეა გათვლილი, რომ რუსეთი ამ კუთხით რაღაცნაირად იზოლაციაში მოექცეს",- განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".პ