
სომხეთის სიდიდით მეორე ქალაქ გიუმრიში, ოპოზიციონერი მერის ვარდან ღუკასიანის დაკავების შემდეგ, პოლიციასა და მერის მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაკავებული მერი ერევანში გადაიყვანეს. სომხური მედიის ინფორმაციით, ღუკასიანი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს, ხოლო მისი მხარდამჭერები საპროტესტო აქციებს მართავენ.
გიუმრის ოპოზიციონერი მერი ორშაბათს ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს, გიუმრის მერი ვარდან ღუკასიანი პრორუსი ოპოზიციონერი ლიდერის, რობერტ ქოჩარიანის მოკავშირეა, რომელიც სომხეთის პრეზიდენტის თანამდებობას 1998 წლიდან 2008 წლამდე იკავებდა. სომხური მედიის ცნობით, დაკავებულია კიდევ შვიდი ადამიანი.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით, რომელიც ხელისუფლებაში 2018 წელს ქუჩის საპროტესტო აქციების შემდეგ მოვიდა, სომხეთი დასავლეთს დაუახლოვდა და რუსეთისგან დისტანცირების გზა აირჩია, სხვადასხვა გავლენიანი გამოცემები კი წერენ, რომ ამ ფონზე, ოპოზიციონერი მერის დაკავება, საყურადღებო დეტალია, რომელიც ბევრ კითხვას ბადებს.
„დარბევა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური ფიგურების გაძლიერებული კონტროლის ფონზე ხორციელდება,
ფაშინიანის ადმინისტრაციას, რომელიც სომხეთს დასავლეთთან უფრო მჭიდრო კავშირებისკენ უბიძგებს, როგორც ჩანს, პრორუსული ელემენტების წინააღმდეგ გამოსვლა გადაწყვეტილი აქვს. ღუკასიანის დაპატიმრება არა მხოლოდ პოლიტიკურ უთანხმოებას უსვამს ხაზს, არამედ კითხვებს ბადებს საარჩევნო საკითხზე, რომელზეც პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ამ თვის დასაწყისში ისაუბრა."-საერთშორისო ონლაინ გამოცემა Devdiscourse-ის სტატიაში.
Facebook-ზე პირდაპირ ეთერში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ოპოზიციური ფრაქციის, „ჰაიასტანიდან", პარლამენტის წევრმა მჰერ მელკონიანმა ხელისუფლება ოპოზიციური ფიგურების წინააღმდეგ რეპრესიებში დაადანაშაულა.
„ჩვენ აშკარა უკანონობის მოწმენი ვართ. ანტიეროვნული რეჟიმი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გაანეიტრალოს პოლიტიკოსები და საზოგადოების ლიდერები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან მას და იბრძვიან სომხეთის თურქიზაციისკენ სწრაფვის თავიდან ასაცილებლად", - განაცხადა მან.
როგორც მედია წერს, ფართომასშტაბიანი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რომლებიც სომხეთის ანტიკორუფციულმა კომიტეტმა ჩაატარა, მიღებულია ფაქტობრივი მონაცემები, რომ გიუმრის მერმა და მთავარმა არქიტექტორმა, წინასწარი შეთანხმებით, ქრთამი აიღეს, საუბარია - 10 000 აშშ დოლარზე.
საგამოძიებო სამსახურში ასევე აცხადებენ, რომ დაკავებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები კონსპირაციული და კორუფციული სქემებით მოქმედების გასაგრძელებლად ქალაქ გიუმრის საზოგადოებრივი საბჭოს წევრებს უთვალთვალებდნენ, რათა მოეპოვებინათ მათ შესახებ ინფორმაიცა, რითიც მათ აშანტაჟებდნენ.
გიუმრის მერის ადმინისტრაციამ ოფიციალური კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.
ათვლის წერტილი
ღუკასიანის დაპატიმრება მას შემდეგ მოხდა, რაც ფაშინიანმა ამ თვის დასაწყისში პირობა დადო, რომ გიუმრის მერს „გააგდებდა" და მისი გამარჯვება გაზაფხულზე ჩატარებულ არჩევნებში ეჭვქვეშ დააყენა.
„ვფიქრობ, ჩვენც გვაქვს პრობლემა არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით", - განუცხადა ფაშინიანმა პარლამენტს 1 ოქტომბერს.
„ჩვენ ვიცით, რომ იქ საარჩევნო ქრთამი დარიგდა და გვჭირდება მექანიზმები, რათა მომავალში ასეთი შემთხვევები გამოვრიცხოთ".
შეგახსენებთ, სომხეთის სიდიდით მეორე ქალაქში, გიუმრიში, - რომლის მოსახლეობაც 120 000 ადამიანია, - ოპოზიციონერი მერი 2025 წლის აპრილში აირჩიეს ადგილობრივი თვითმმართველობის რიგგარეშე არჩევნების შედეგად.
არჩევნებში პირველ ადგილზე პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშიანიანის მმართველი პარტია, „სამოქალაქო კონტრაქტი", გავიდა ხმების 36,8 პროცენტით. თუმცა მმართველმა გუნდმა 33-წევრიან საკრებულოში მხოლოდ 14 ადგილის მოპოვება მოახერხა. დანარჩენი 19 ადგილი ოპოზიციურმა პარტიებმა გადაინაწილეს და შეთანხმდნენ ღუკასიანის კანდიდატურაზე.ღუკასიანი მერის პოსტზე სომხეთის კომუნისტური პარტიის სიით იყრიდა კენჭს.
ღუკასიანის საქმე მხოლო ქრთამის აღების ბრალდებით არ შემოიფარგლება, მას კიდევ რამდენიმე სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენეს, რომლებიც 1999 წლიდან 2012 წლამდე გიუმრის მერის თანამდებობაზე მუშაობას უკავშირდება. მის შვილს, სპარტაკს, გასულ კვირას შინაპატიმრობა მიესაჯა გამოძალვის ბრალდებების საფუძველზე, რომლებიც უფროსმა ღუკასიანმა პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნია.