მარიამ ვეკუა
20.10.2025

გახარიას პარტიის მიერ მე-11 მოწვევის პარლამენტის ბოიკოტირების რეჟიმი დასრულებულია. პარტიამ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისი განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი შარაშიძემ ბრიფინგზე გააკეთა. ოპოზიციაში გახარიას გადაწყვეტილებას „ღალატს" უწოდებენ, მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ პარტიის შესვლა პარლამენტში არაფერს შეცვლის.

XI მოწვევის პარლამენტში პარტია "გახარია საქართველოსთვის" 12 უფლებამოსილება შეწყვეტილი დეპუტატის ადგილმონაცვლე შედის. ადგილმონაცვლე დეპუტატები არიან: გელა აბულაძე, ჯემალ ანანიძე, ქეთევან ბაკარაძე, რუსუდან თევზაძე, მალხაზ თორია, შალვა კერესელიძე, სალომე კობალაძე, გიგა ფარულავა, ვიკა ფილფანი, გიორგი შარაშიძე, თამარ ხვედელიანი და სოფიო ხორგუანი.

„ვიწყებთ ხალხისთვის განკუთვნილი ყველა პოლიტიკური ინსტრუმენტისა და პლატფორმის ხალხის სამსახურში დაბრუნებას, რადგან საქართველოს წარმომადგენლობითი ორგანოები - მუნიციპალურ დონეზე საკრებულოები და ეროვნულ დონეზე პარლამენტი არ ეკუთვნის "ოცნებას" და ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ ქართველ ხალხს!"-განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტში ამჟამად მხოლოდ ერთ ფრაქციაა - ეს უმრავლესობის ფრაქცია „ქართული ოცნებაა". „გახარია - საქართველოსთვის" დეპუტატებს კი, რომელთაც ჯამში, 12 საპარლამენტო მანდატი აქვთ, ფრაქციის შექმნა შეეძლებათ.

გარდა ამისა შვიდიდა სამი ვიცე-სპიკერის თანამდებობა ოპოზიციას ეკუთვნის. ოპოზიციის კვოტით ვიცე-სპიკერად უკვე არჩეული არიან ილია ინჯია და სოზარ სუბარი. ერთი ადგილი კი ვაკანტურად რჩება.ამ კონტექსტში უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ოპოზიციის მიერ საპარლამენტო თანამდებობების დაკავებას უმრავლესობის ხმები და მხარდაჭერა სჭირდება. პარლამენტი ვიცე-სპიკერს სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს.

რატომ შევიდა გახარიას გუნდი პარლამენტში

ანალიტიკოსი გია აბაშიძესთვის გახარიას გადაწყვეტილება მოულოდნელი არ აღმოჩნდა.

„დიდი ხნის წინ მოსალოდნელი იყო, რომ გახარიას პარტია ბოლომდე არ გააუქმებდა კუთვნილ მანდატებს, რაც შარშანდელ არჩევნებში მიიღო. ამას თვალთმაქცურად აგრძელებდა - აცდენდა საპარლამენტო საქმიანობას, არ განახორციელა პარლამენტში ე.წ. „ჩახსნა სიებისა", იღებდა სახელმწიფო პარტიულ დაფინანსებას. თუმცა, მოუწია პირველი თორმეტეულის გამორიცხვა და შემდეგი 12 პირი შედის პარლამენტში. ამას აქვს სხვადასხვა მიზეზი:

1.მას თავიდანვე არ სურდა ტოტალური ბოიკოტი და იმ უაზრობის გამეორება, რაც სხვა მათმა კოლეგებმა განახორციელეს.

2. აქ არის ის მომენტიც, რომ, როგორც ხელისუფლება აცხადებს, ეს არის გარე დაკვეთა - მოახდინონ არეულობის ინსცენირებები თვითონ პარლამენტის კედლებში.

კარგია მათთვის ის, რომ კანონიერად პარლამენტში ეკუთვნით თანამდებობები - დაწყებული ვიცე-სპიკერიდან დასრულებული კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეებამდე, რაც უდიდესი პოლიტიკური პლატფორმაა."-განაცხადა აბაშიძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი გახარიას პარლამენტში შესვლას თვითმმართველობის არჩევნებში მიღებულ დაბალ პროცენტებს უკავშირებს.

„მას შემდეგ, რაც გახარიას გუნდმა ადგილობრივ არჩევნებში საკმაოდ მოკრძალებული შედეგი აჩვენა, მაშინვე კეთდებოდა განცხადებები იმის თაობაზე, რომ მოსალოდნელი იყო - მათ შეეცვალათ გადაწყვეტილება და პარლამენტს დაბრუნებოდნენ. მე მაინც ამას ვუკავშირებ იმას, რომ გახარიას შედეგები არ იყო ისეთი, როგორსაც თავად ფიქრობდა. ამასთან, არის ერთი მომენტი: მე არ ვიცი, ვინ შედის პარლამენტში, თუმცა, თუ გახარია შეძლებს და აქტიური იქნება, ამით, ალბათ, ფიქრობს, რომ პარტიის რეიტინგს აწევს. წინააღმდეგობას როგორ გაუწევს გახარიას 12 კაცი „ოცნების" გუნდს - ეს ცხადზე უცხადესია."-განაცხადა ძაბირაძემ.

როგორ იმოქმედებს გადაწყვეტილება პოლიტიკურ პროცესებზე

ვახტანგ ძაბირაძეს აზრით გახარიას პარლამენეტში შესვლა არც საერთაშორისო და არც ლოკალურ დონეზე მნიშვნელოვან ძვრებს არ გამოიწვევს.

„არამგონია, ამ გადაწყვეტილებას რაიმე მნიშვნელოვანი ძვრები მოჰყვეს საერთაშორისო აღიარებასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ყველაფერი ისე დარჩება - გარეთაც და შიგნითაც, როგორც იყო. არა მგონია, რომ ბოიკოტის რეჟიმში გახარია შეძლებდა საკუთარი რეიტინგის გაზრდას, ამიტომაც მიიღო პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება.

კითხვაზე გაამართლებს თუ არა გახარიას „ახალი გზა", ძაბირაძე გვპასუხობს:

„ვერ გეტყვით - საკმაოდ რთულია პროგნოზის გაკეთება. გახარიას სხვა გზა არ ჰქონდა, მეტი არაფერი, ამიტომ ის იძულებული იყო, მიეღო ეს გადაწყვეტილება."-განაცხადა ძაბირაძემ.

აბაშიძე ამბობს, რომ ახლა სწორედ ის დროა, როცა პარლამენეტში კულუარული ამბების გამომზეურება დაიწყება.

„გახარიას ფლანგის ლანძღვა-გინება ადგილობრივ არჩევნებამდეც საკმაოდ ჭარბი იყო, რადგან ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტეს. შესაბამისად, ახლა პარლამენტში შესვლით დაიწყება იმ კულუარული ამბების გამომზეურება, რაც არის ნაცოპოზიციის წიაღში. ამიტომ ეს იქნება თვითლუსტრაცია - საკუთარი თავის წარმოჩენა ნეგატიური კუთხიდან, ნაცოპოზიციის მხრიდან.

...სამი წელი დიდი დროა პოლიტიკური გადათამაშებებისთვის. ვგულისხმობ ოპოზიციურ ფლანგს: ვინც კი მოწადინებულია, რომ იბრძოლოს პოლიტიკურად - ის, რა თქმა უნდა, გადალაგდება და მოემზადება 2028 წლის არჩევნებისთვის; ხოლო ვინც რადიკალია და შეუჩერებლად ლუზერია - ის ხან რუსთაველის ტროტუარზე სირბილს, ხან პარკებსა და სკვერებში რაღაცების წამოძახებას გააგრძელებს. თუმცა ეს პოლიტიკა კი არა, კლოუნადაა."-განაცხადა აბაშიძემ.

„ოპოზიციური ველიდან ჩამოიწერა"

ბოიკოტში მყოფი ოპოზციონერები გახარიას გუნდის გადაწყვეტილებამ აღაშფოთა, აცხადებენ, რომ „გახარიას პარტია აღარ არსებობს".

„გახარიას პარტია აღარ არსებობს. მას განაჩენი 4 ოქტომბერს გამოუტანა ხალხმა. მისი ნარჩენები თავს რას შეაფარებენ, უმნიშვნელოა. დავით ბაქრაძეც შევარდა 2020 წლის პარლამენტში - და რა? ბოლოს როდის ნახეთ?"- წერს პარტია „ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი,

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან სანიკიძის თქმით, „ევროქოცების" ოპოზიციისთვის შემოწებება იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რაც კი ოპოზიციას დაუშვია.

„გახარიას ლუზერთა რაზმი ოპოზიციური ველიდან სამუდამოდ ჩამოიწერა. „ნაცებმა" მათივე ამომრჩევლის ნახევარი გადავურწმუნეთ, ლიდერი ემიგრაციაში გაიხიზნა - ადგნენ და ბიძინას ბოსელში შეგოგმანდნენ. ჩვეულებრივი მეორე ტურის „ქოცები" არიან - გადამწყვეტ მომენტში ისევ ბიძინას ამბორი ურჩევნიათ ხალხთან ერთად დგომას. ამ „ევროქოცების" ოპოზიციისთვის შემოწებება იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რაც კი დაგვიშვია. პარლამენტის წევრების, ფრაქციის თანამშრომლების და პარლამენტის წევრის ასისტენტების ხელფასებზე ხართ დახურდავებულები ძვირფასო თანამოქალაქეებო"- განაცხადა სანიკიძემ.

„ამით არც არაფერი დააკლდება და არც მოემატება"

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გახარიას პარლამენტში შესვლა საქართველოს პარლამენტზე არ იმოქმედებს.

„უცხოელების დავალებით ჩახსნეს მანდატები, დაიწყეს მზადება ხელისუფლების დამხობისკენ და რევოლუციისკენ, ჩაეფუშათ ეს რევოლუცია და დარჩნენ ასე მიგდებულები გარეთ. გახარიას პარტიამ მანდატები შეინარჩუნა და რაც შეეხება შემოსვლას, 12 წევრი დღეს პარლამენტის წევრად ითვლება, უბრალოდ აცდენენ საპარლამენტო სხდომებს. ჩაიშალა რევოლუცია, დამხობა.

ღალატის გზაზე როდესაც დადგება ადამიანი და უცხოელების ჭკუაზე ივლის, საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ, ასე დამთავრებულა ყოველთვის საქართველოს ისტორიაში და ეს ჩვენს თვალწინ მოხდა. საქართველოს პარლამენტს ამით [გახარიას პარტიის შესვლით] არც არაფერი მოაკლდება, ან მოემატება, თუმცა საინტერესო იქნება მათი აქ ყოფნა, რადგან პირდაპირ შეგვეძლება მოვისმინოთ უცხოეთიდან მითითებული მესიჯები. ჩათვალეთ, რომ რასაც გაიგებთ ამ 12 ადამიანისგან, ეს არის ის, რაც გარედან მოდის დავალება. ამ მხრივ საინტერესო იქნება, რომ სასესიო დარბაზში დავინახავთ, რა დავალებები მოდის უცხოეთიდან საქართველოს წინააღმდეგ", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×