
თხევადი აირის იმპორტიორები ბარიერების მოხსნას და ტრანსპორტირებისთვის პირობების შემსუბუქებას ითხოვენ. საუბარია ლარსის გამშვებ პუნტზე დრო და დრო შექმნილი ვითარების შესახებ, როცა ავტომობილებს დიდხანს უწევთ რიგში დგომა, რაც უსაფრთხოების კუთხითაც ზრდის რისკებს. ამიტომ, როგორც სექტორში აცხადებენ, ზომები დროულად არის მისაღები.
სწორედ ამ მიზნით თხევადი აირის იმპორტიორი კომპანიები გეგმავენ მიმართონ საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროებს და მიიღონ მათგან გარანტირებული მხარდაჭერა, რაც იმპორტირების პროცესს უფრო შეუფერხებელს და უსაფრთხოს გახდის.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვახტანგ იობაშვილი მიიჩნევს, რომ ამ მხრივ საქართველოში მდგომარეობა საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით ზამთრის პირობებში, რის გამოც სამთავრობო უწყებებისგან დახმარებას ითხოვენ.
,,რუსეთის მიერ თხევადი გაზის იმპორტიორებისთვის ბარიერის გათვალისწინებით, მძღოლებს 90 დღის განმალობაში შეუძლიათ მხოლოდ სამი რეისი შეასრულონ, მერე ურტყამენ დეპორტს და სხვა დოკუმენტაციის აღება უწევთ, რაც ბიზნესს დიდ დისკომფორტს უქმნის. ის განყოფილება, რომელიც ემსახურებოდა შვეიცარიის საელჩოდან რუსეთს, გაუქმებულია, რამაც იმპორტიორებს დიდი თავსატეხი გაუჩინა. ახლა ერთადერთი გამოსავალია, შეიკრიბონ კომპანიების წარმომადგენლები და ერთობლივად მივმართოთ საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროებს, რათა თხევადი გაზის იმპორტისთვის შესაბამისი პროცედურები გამარტივდეს.
სექტორს ამ საკითხში სჭირდება დახმარება. ზამთარი კარს მოგვადგა. მოგეხსენებათ იქ რთული რელიეფური პირობებია, ჯვრის უღელტეხილზე მაღალი დატვირთულობაა, საცობები, პერეიოდულად სხვადასხვა სახის პრობლემები იჩენს თავს. გამორიცხული არ არის, თხევადი აირის მომარაგების მხრივ ქვეყანა რთულ სიტუაციაში ჩავარდეს. ბარიერი უნდა შემსუბუქდეს, დაგვეხმარონ, დაჩქარდეს პროცესი და კომპანიებმა შეუზღუდავად შეძლონ პროდუქტის შემოტანა", - განაცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" ვახტანგ იობაშვილმა.
რაც შეეხება ფასს, მისი ინფორმაციით, ბოლო პერიოდის განმავლობაში ღირებულებამ მცირედით იკლო. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც თხევადი აირის რეალზიაციას უკავშირდება, ხარისხისა და პროდუქტის ზომა-წონის საკითხია, რა მხრივაც მომხმარებლებს პრობლემა ხშირად აქვთ.
ამ დროისთვის თხევადი აირის შიდა საცალო ფასი 1,30-1,45-ის ფარგლებშია, საბითუმო ფასი ტონაზე 31 000 ლარს შეადგენს.
თხევადი გაზი (ელპიჯი) ბენზინთან შედარებით, რომელსაც დღეს არაერთი მძღოლი იყენებს აქტიურად, ერთ-ერთი ყველაზე ეკონომიური და პრაქტიკული ალტერნატივაა. მისი მთავარი უპირატესობა არის დაბალი ფასი და ეკონომიური მოხმარება, რაც საშუალებას აძლევს მძღოლებს მნიშვნელოვნად დაზოგონ საწვავის ხარჯები ავტომობილით გადაადგილების დროს.
,,რეალურად როგორი ხარისხის საწვავი იყიდება, ვერ გეტყვით, ჩვენ ლაბორატორია არ გვაქვს. მოკლებული ვართ შესაძლებლობას, რომ ხარისხი შევამოწმოთ, არც ზომა-წონა მოწმდება. თუკი სხვა საწვავზე ტარდება ლაბორატორიული კვლევები, აუცილებელია ეს მიმართულებაც გაკონტროლდეს. ამიტომ გვინდა ჩავაყენოთ საქმის კურსში სამთავრობო ორგანოები, მივმართავთ თხოვნით და გამოსავალი ერთობლივად მოიძებნოს.
თხევადი გაზის საწვავი, ფაქტობრივად, ჩვენ მოგვეწოდება მხოლოდ რუსეთიდან და მოგვიწევს სხვა ბაზრებზეც გადართვა. ცუდი მუშაობით შეიძლება დივერსიფიცირების შესაძლებლობა დავკარგოთ. კონტროლი, ფაქტობრივად, არ ხორციელდება და არც ლაბორატორიაა, სადაც შეიძლება შემოტანილი პროდუქტის ხარისხის შემოწმება ხდებოდეს", - დასძინა ვახტანგ იობაშვილმა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.
მისი განცხადებით, თხევადი საავტომობილო აირის ხარისხის კონტროლი აუცილებელია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ამ ტიპის საწვავზე მოთხოვნა მატულობს, ხოლო უსაფრთხოების მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები არ იდგმება.
,,თხევად გაზზე მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალებები ეკოლოგიის ერთ-ერთ დამბიძნურებლებს წარმოადგენენ, ამიტომ ხარისხზე მათი შემოწმება ინტენსიურად უნდა ხდებოდეს. მოხმარების ზრდის კუთხით ანალოგიური ტენდენციაა მთელ ევროპაში, ამ პროდუქტზე გადადის.
უკვე საზღვაო ტრანსპორტიც თხევადი აირის გამოყენებას იწყებს. მაგალითად, ევროპულ პორტებში, გემი ვეღარ შევა მაზუთით და დიზელით. ასევე, სამგზავრო ტრანსპორტი და ავტომობილებიც მასობრივად გადადიან თხევად გაზზე. ანალოგიური ვითარებაა რეგიონშიც, მარტო თურქეთში ავტომობილების 85% თხევად აირზეა. შესაბამისად, ჩვენთანაც ძალიან ინტენსიურად იზრდება მისი მოხმარება. ყველა თანხმდება, რომ დღესღეობით საქართველოში დარგის ანალიზს არავინ აკეთებს, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უნდა აეღო თავის თავზე, მაგრამ დღემდე რატომღაც ვერ მოხერხდა. ეს კი ძალიან ცუდია, არ შეიძლება სფერო თვითდინებაზე იყოს მიშვებული, გაზმზიდები მაქვს მხედველობაში.
ასე თუ გაგრძელდება, ავტომობილების ტრანზიტად გატარდებაც გაძნელდება. თადარიგი უნდა დავიჭიროთ, ვის იმედზეა ქვეყანაში თხევადი აირის შიდა მოხმარება თუ ტრანზიტი? მხოლოდ ტექდათვალიერების დონეზე გვაქვს ეს მიშვებული. ამიტომ აუცილებელია, რომ მიმდინარეობდეს გაზის სისტემების კვლევა და მონიტორინგი. მით უმეტეს, რომ ეს არის ცეცხლსაშიში პროდუქტი. ამიტომ, აუცილებელია შემოწმება. უნდა იყოს შესაბამისი სამსახური, რომელიც გააკონტროლებს და ამ მიმართულებით ნებართვები უნდა გაიცემოდეს", - აღნიშნა ვახტანგ იობაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში თხევადი აირი არ იწარმოება და ბაზარი თითქმის მთლიანად რუსეთიდან მარაგდება. სხვათა შორის, რუსეთიდან თხევადი გაზი ამჟამად მიეწოდება ისეთ ქვეყნებსაც როგორიცაა საფრანგეთი, ბელგია, ნიდერლანდები და ესპანეთი.