
"ქართული ოცნება" იმედოვნებს, რომ გერმანიის საგარეო უწყების მიერ კონსულტაციებისთვის ელჩის გაწვევა, ესაა "გადატვირთვის სიგნალი". მათი შეფასებით, პეტერ ფიშერმა ნაცვლად იმისა, რომ "მთავრობებს შორის ხიდის როლს ასრულებდეს", "კედლის როლი აირჩია". მმართველი პარტია მას ვენის კონვენციის დარღვევაში ადანაშაულებს.
საკითხზე, არის თუ არა ეს მართლაც გადატვირთვის სიგნალი, ნაწილ ანალიტიკოსებს ამაზე საუბარი უჭირთ, თუმცა ამბობენ, რომ საქართველო არავისი ვასალი არ უნდა იყოს. ნაწილი კი აცხადებს, რომ ეს გერმანიასთან, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან გლობალურ მოთამაშესთან ურთიერთობების უკიდურესად გაფუჭებას ნიშნავს, რაც მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს.
ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ გაუარესებული ურთიერთობების ფონზე, გერმანიამ ელჩი დიდი ხნის განმავლობაში საერთოდაც არ გამოუშვას და მისი მოვალეობა დროებითმა რწუნებულმა შეასრულოს.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ფიშერი 19 ოქტომბერს გაიწვია, უწყება მიზეზად ასახელებს "ოცნების" მხრიდან "ფიშერის წინააღმდეგ აგიტაციას". რეალურად რა გზავნილია გერმანიიდან ეს და რას ნიშნავს ბერლინთან ურთიერთობების გაფუჭება. ფიშერი 24 სექტემბერს საქართველოს საგარეო უწყებაშიც დაიბარეს. „ოცნებაში" აცხადებენ, რომ ელჩის საქმიანობასა და სადავო აქტივობებზე კითხვები უკვე გერმანიაშიც გაუჩნდათ. საკითხს ქვეყნის ყველაზე პოპულარული და რეიტინგული პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის" იკვლევს და საგარეო საქმეთა სამინისტროსგან პასუხებს ითხოვს.
ელჩის გაწვევა, როგორც გერმანიასთან "გადატვირთვის სიგნალი"?
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ დიპლომატის გაწვევა კონსულტაციებისთვის არანაირად არაა გადატვირთვის სიგნალი და შესაძლოა ელჩი საერთოდაც არ გამოუშვან და დიდხანს დროებითი რწმუნებული იყოს. მისი თქმით, გერმანიასთან, როგორც ერთ-ერთ გლობალურ მოთამაშესთან ურთიერთობების ამ დონეზე გაფუჭება ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს.
"ბუნებრივია ეს არანაირად არ იქნება გადატვირთვის სიგნალი, "ქართულ ოცნებას" სურს, რომ იზოლაცია დაძლიოს, ამასთან მხარდამჭერებსაც იმედი დაუტოვოს. მათი სურვილია, რომ დასავლეთთან ურთიერთობა აღდგეს, მაგრამ იმ ფონზე, როცა დასავლეთი მათ ეუბნება, რომ ამ პირობებში ეს შეუძლებელია, "ოცნება" აქეთ აბრალებს რაღაცეებს. მაგალითად, პაპუაშვილი აბრალებს გერმანიას, რომ 30-წლიანი თანამშრომლობისთვის პრობლემის შექმნა, თითქოს გერმანიის ბრალია და არა მათი.
"გერმანიასთან ურთიერთობების გაფუჭება ნიშნავს, რომ საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან დიდი პრობლემები იქნება. ჯერ ერთი, საქართველო დიპლომატიურ იზოლაციაში აღმოჩნდება, მნიშვნელოვან საერთაშორისო შეხვედრებზე არსად აღარ მიიწვევენ,ოფიციალური ვიზიტით საქართველოს არც არავინ არ ეწვევა.
"არ გამოვრიცხავ, რომ ელჩი საერთოდაც არ გამოგზავნონ და დროებითი რწმუნებული იყოს დიდი ხნის განმავლობაში. ასევე საინტერესო საკითხია საქართველოს ახლადდანიშნული ელჩი კარტოზია აგრემანს რამდენად მიიღებს, შესაძლოა ვერ მიიღოს. გერმანიის მხრიდან დახმარება უკვე შეწყვეტილია, მაგრამ საქართველოში გერმანიის სერიოზული კომპანიების მიერ ინვესტიცია აღარ ჩაიდება. ასევე დიდია ალბათობა, რომ გერმანიამ სავიზო შეზღუდვები შემოიღოს ქართველი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, არაა გამორიცხული ისიც, რომ მათ შენგენის ზონაში საერთოდაც აეკრძალოთ შესვლა",- განაცხადა ჩიტაძემ.
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე კი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ "ოცნება" მეგობრობისთვის მზადაა და აქეთ "ბერლინისთვისაა შანსი", რომ მიეცეს გადატვირთვოს საშუალება საქართველოს ხელისუფლებასთან.
"ესაა განსაკუთრებული შემთხვევა. მე მისი (ელჩის) კოლეგებისგან მქონდა ინფორმაცია, გერმანიის საელჩოში რომ მუშაობენ გერმანელები, პირდაპირ მე არ მითხრეს, მაგრამ ამბობენ, რომ სხვანაირი კაცია, თავისი ფსიქიკით, ხასიათით და ქცევით დიპლომატის სტატუსს არანაირად არ შეესაბამება, თვითინ გერმანელებმაც იცოდნენ.
"ახლა, როდესაც პარტიამ "ალტერნატივა გერმანიისთვის" საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალიან მკვეთრი კითხვები წაუყენა, რომ გამეცი პასუხი ელჩის მოქმედებასთან დაკავშირებით საქართველოში. რა თქმა უნდა, რეაგირების გარეშე ვერ დატოვებდნენ, მაგრამ დიდი ალბათობით, იხტიბარს არ გაიტეხენ და სახის შენარჩუნებისთვის მაინც იტყვიან, რომ მაშინ, როდესაც ხელისუფლება ევროკავსირის მიმართ განცხადებებს აკეთებდა, ელჩი ქართველი ხალხის გვერდში იდგა და ხალხს დემოკრატიისა და დასავლური გზის გაკვალვაში ეხმარებოდა და ა.შ. - არც ამას გამოვრიცხავ, ვიცი როგორი კრიზისია ევროპაში და გერმანიაში განსაკუთრებით.
"თუმცაღა, ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, მათ განცხადებას ფასი არ აქვს, რამდენი ხმაურიანი განცხადება გააკეთეს, რომ უკრაინას ვეხმარებით, წელს როგორ შეამცირეს დახმარება და მოატყუეს გაჭირვებაში მყოფი ქვეყანა და ხალხი",- ამბობს მამრაძე.
ამბობს, რომ ბერლინთან ურთიერთობები უფრო მეტად ვეღარ გაფუჭდება.
"იმაზე უფრო გაფუჭებული, ვიდრე ახლაა, რა უნდა იყოს, არ მგონია. გაფუჭება რამდენიმე განცხადებით შემოიფარგლება, რა დახმარებას ვიღებდით ბოლო წლებში გერმანიისგან? რა შემოვიდა, ინვესტიციები არაა და რა შეიძლება გადაკეტონ?
"ამას სულ სხვა ინფორმაციის მოპოვება სჭირდება, რომ ზუსტად თქვა ეს იქნება გადატვირთვა, თუ არა. გინდა მეგობრობა? მზად ვართ, ოღონდ როგორც მხარე და არა როგორც მორჩილი ვასალი და დაბალი ღობე. ახლა ბერლინისთვისაა შანსი, თუ ობიექტურობა გამოიჩინეს და ელჩის მოქმედებაში ჩაიხედეს, ან საერთოდ შეცვალონ ელჩი, ან ისეთი ინსტრუქცია მისცენ, რომ მოქმედი ელჩი პრობლემას არ შექმნის.
"შესაძლოა ელჩის გამოგზავნაზე რაღაც პაუზა იყოს, ეს თვეების განმავლობაში ყოფილა, მაგრამ საერთოდ საელჩოს ხომ არ დახურავენ?"- განაცხადა მამრაძემ.
რას ამბობენ მმართველ პარტიაში
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ ეს არის გადატვირთვის სიგნალი.
„როგორც ჩანს, გერმანიის ხელისუფლებაში დაფიქრდნენ იმაზე, რომ მოქმედმა ელჩმა სამწუხაროდ, ნაცვლად იმისა, რომ მთავრობებს შორის ხიდის როლს ასრულებდეს, ჩვენს ქვეყნებსა და მთავრობებს შორის კედლის როლი აირჩია. მისი მხრიდან ვხედავდით საქართველოს ხელისუფლებაზე თავდასხმებს, მხარდაჭერას რადიკალური ჯგუფების მიმართ, რაც სამწუხარო იყო. 30-წლიანი განსაკუთრებული პარტნიორობა, სამწუხაროდ, გერმანიის ელჩის ხელში ძალიან დაბალ ნიშნულზე დავიდა. ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ ეს არის გადატვირთვის სიგნალი. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, რომ ჩვენი ურთიერთობები გერმანიასთან იქ დაბრუნდეს, სადაც იმსახურებს, რომ იყოს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, ეს ყველა ელჩისთვის კარგი მაგალითი უნდა იყოს იმისთვის, რომ „დარჩნენ საკუთარი დიპლომატიის ფარგლებში, იზრუნონ იმაზე, რომ მათ ქვეყანასა და საქართველოს შორის ურთიერთობისთვის იყვნენ ხიდი და არა კედელი."
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია თავად ფაქტი, რომ გერმანიის ელჩი გაწვეული იქნა. დანარჩენი სიღრმეებში აღარ შევალ. ჩვენი პოზიციები, მათ შორის გერმანიის ელჩის საქმიანობასთან დაკავშირებით, ცნობილია, რაც არაერთხელ გვითქვამს. ჩვენ ამ პოზიციაზე ვრჩებით, გვაქვს ამ პოზიციის არგუმენტები. განცხადებებს უკვე დიდად არ ჩავუღრმავდებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს გადააზრება. მნიშვნელოვანია, რომ ელჩი ასრულებდეს არა კედლის, არამედ ხიდის როლს. ვფიქრობ ეს ყველა ელჩისთვის კარგი მაგალითი უნდა იყოს იმისთვის, რომ დარჩნენ საკუთარი დიპლომატიის ფარგლებში, იზრუნონ იმაზე, რომ მათ ქვეყანასა და საქართველოს შორის ურთიერთობისთვის იყვნენ ხიდი და არა კედელი.
„იმედი გვაქვს, რომ ეს არის სიგნალი იმისა, რომ გერმანიის მთავრობაში დაფიქრდნენ და გაანალიზეს, რომ მოქმედი ელჩის საქმიანობით მხოლოდ სირთულეები იქმნებოდა ხელისუფლებებს შორის ურთიერთობებში", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.