
„ლეიბორისტული პარტიის" წევრი, ლაშა ჩხარტიშვილი, რომელიც დღეს დააკავეს, გათავისუფლდა. მისი სასამართლო პროცესი გადაიდო.
"დედაჩემის 40 გამატარებინეს სასაფლაოს ნაცვლად, სადაც მივდიოდი, ხელბორკილით სასამართლოში", - განაცხადა ჩხარტიშვილმა გათავისუფლების შემდეგ.
ლაშა ჩხარტიშვილი იმ 14 პირს შორის იყო, რომლებიც 18 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის ფარგლებში დღეს დააკავეს.
დაკავებამდე გავრცელდა ჩხარტიშვილის ვიდეო, სადაც მან სამართალდამცველებს განუმარტა, რომ შვილთან ერთად მიდიოდა დედამისის სასაფლაოზე.
"ხვალ ჩემი ფეხით მოვდივარ, პრობლემა არ მაქვს. ვიცი რაზეც მაწუხებთ - სავარაუდოდ, რუსთაველის გადაკეტვაზე. ოქმსაც ჩავიბარებ და ხვალ ჩემი ფეხით მოვდივარ. თუ მიმიშვებთ საფლავამდე ხომ კარგი, თუ არადა მაინც უღმერთოები და დიქტატურის მსახურები ხართ, რაზე გელაპარაკოთ. თუ დაკავებას აპირებთ, ადვოკატს უნდა დავურეკო", - აცხადებდა ვიდეოში ჩხარტიშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე 18 ოქტომბერს მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, 14 სამართალდამრღვევი პირი დააკავეს, ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს 13 პირის მიმართ.
შსს-ს თანახმად, რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, „დემონსტრანტების სიმცირის მიუხედავად, ხელოვნურად გადაკეტეს ტრანსპორტის სავალი ნაწილი და შეაფერხეს მოძრაობა", რითაც დაარღვიეს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა. ასევე, "დემონსტრანტების ნაწილს ჰქონდა შენიღბული სახე, რაც, ასევე, კანონდარღვევას წარმოადგენს".