
„ოცნება" პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას უახლოეს დღეებში აპირებს. კონკრეტული სია ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, საჯარო განცხადებებიდან გამომდინარე, სარჩელი მიმართული იქნება დაახლოებით 10-მდე ოპოზიციური პარტიისა და რამდენიმე ასეული პოლიტიკოსის წინააღმდეგ. სარჩელის ოფიციალურად აღძვრის წინ კი, საკონსტიტუციო სასამართლო ერთმა მოსამართლემ დატოვა.
მანამდე „მოქალაქეთა გაერთიანებების შესახებ" კანოში ისეთი ცვლილებები შევიდა, რაც აკრძალული პარტიების წევრებს და მასთან დაახლოებულ პირებს ფაქტიურად პოლიტიკურად უფუნქციოდ ტოვებს.
ახლა ჯერი იმაზეა, რა გადაწყვეტილებას გამოიტანს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელსაც სარჩელის განხილვისა და გადაწყვეტილებისთის 9-თვიანი ვადა აქვს. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ პროცესი შეიძლება გაიწელოს.
ყოველივე ამას ისიც დაემთხვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე ირინე იმერლიშვილი 20 ოქტომბერს ვადაზე ადრე ტოვებს თანამდებობას საკუთარი განცხადების საფუძველზე. მიზეზად ის ასახელებს შემოთავაზებას კერძო უნივერსიტეტიდან და კითხვაზე - ამ მიზეზის გარდა, მისი გადაწყვეტილება რაიმე ფორმით უკავშირდება თუ არა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების" დაანონსებულ საკონსტიტუციო სარჩელს - იმერლიშვილი პასუხობს:
„გააჩნია, როდის შეიტანენ სარჩელს და რამდენ ხანში დაიწყებს სასამართლო პროცედურებს. რადგან სასამართლოს მისი განხილვისთვის და გადაწყვეტილების მისაღებად არცთუ მცირე, 9-თვიანი ვადა აქვს, შეიძლება, ვერც კი მომესწრო უფლებამოსილების ამოწურვამდე", - ეუბნება იმერლიშვილი „რადიო თავისუფლებას".
წინასწარი განცხადებები
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა 18 ოქტომბერს განაცხადა, რომ „სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში შევა. შემდეგ უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობისა და გადაწყვეტილების საკითხი იქნება, თუ რა ვერდიქტს გამოიტანს".
16 ოქტომბერს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, აკრძალული პარტიის წევრები და მასთან დაკავშირებული პირები ვერ ისარგებლებენ პასიური საარჩევნო უფლებით, შეეზღუდებათ კონსტიტუციაში დასახელებული ორგანოების ხელმძღვანელი თანამდებობების დაკავების უფლება, ვეღარ შეძლებენ გახდნენ სხვა პარტიის წევრები. ასევე, ვერ გახდებიან სხვა პარტიების შემომწირველები.
კანონის 36-ე მუხლს მე-2 პუნქტი დაემატება, რომლის მიხედვით საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი და შემადგენლობა „არსებითად იმეორებს" სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს, საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას.
ამავე დღეს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ზუსტი სია რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი" და „შეიძლება იყოს 10-მდე პარტია, მცირე პარტიების ჩათვლით".
რას გადაწყვეტს სასამართლო
როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, სასამართლოს გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება პირველ რიგში იმაზე, თუ რამდენად გამართულია ყველა თვალსაზრისით თავად ეს სარჩელი.
„დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორაა ფორმულირებული სარჩელი და რამდენად დამაჯერებელი არგუმენტებია მოყვანილი წმინდა სამართლებრივი კუთხით. ვვარაუდობ, რომ სარჩელში ალბათ სათანადო დასაბუთება იქნება, რადგან, თუ სასამართლომ არასაკმარისად სცნო მმართველი პარტიის მიერ წარდგენილი არგუმენტები, ეს შიგნით და გარეთ ვნებათაღელვას გამოიწვევს.
„დოკუმენტის შინაარსს არ ვიცნობ, მაგრამ ვვარაუდობ, რომ თუ კონსტიტუციურად სათანადოდაა გამართული და ყველანაირად დასაბუთებული, მაშინ შესაძლოა მიღებულ იქნას გადაწყვეტილება პარტიების აკრძალვის თაობაზე. მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლომ შეიძლება გაითვალისწინოს არა მხოლოდ წმინდა სამართლებრივი მომენტები, არამედ ის, თუ როგორ იმოქმედებს ეს კონსტიტუციურ წყობილებაზე, ხომ არ დააზიანებს სახელმწიფო ინტერესებს შინ და გარეთ.
„მგძნობიარე საკითხია... „ქართული ოცნება" სარისკო ნაბიჯზე წავიდა, მაგრამ მიაჩნიათ, რომ ამის გარეშე პოლიტიკური სიტუაცია ვერ გაჯანსაღდება. ვერავინ შეედავება, რომ გარკვეული პოლიტიკური პარტიები უკვე მეხუთე წელია ქვეყანას მუდმივი დაძაბულობის რეჟიმში ამყოფებენ, რაც ბევრ რამზე ნეგატიურად მოქმედებს. ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის 4-5 მცდელობა ვნახეთ და ესეც ამ სარჩელის ერთ-ერთი მოტივატორია.
„სავარაუდოდ, ეს პროცესი გაიწელება. ასეთი პრეცედენტი დამუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა. ძალიან მგრძნობიარე გადაწყვეტილებაა არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ საზოგადოებრივი განზომილებითაც. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას ასე სწრაფად, ჩემი აზრით, ვერ გამოიტანს", - განაცხადა ანჯაფარიძემ.
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ვერ ხედავს რომელიმე პარტიის აკრძალვის რაიმე საფუძველს.
„ვერ ვხედავ რაიმე საფუძველს პარტიების აკრძალვისთვის. კონსტიტუცია ისეთ პარტიას კრძალავს, რომლის მიზანი კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ან ძალადობით შეცვლაა - წყობილების და არა ხელისუფლების. წყობილება სხვა რამაა და ხელისუფლება - სხვა. წყობილება რჩება უცვლელი მანამ, სანამ კანონიერად არ შეიცვლება კონსტიტიუცია და ხელისუფლებები ერთსა და იმავე წყობილების დროს პერიდულად იცვლებიან.
„რადგან არ მსმენია და არ დამინახავს არანაირი მოქმედება, რომელიც მოითხოვდა მთელი კონსტიტუციური წყობილების მთლიანად ჩამოშლას, იქ პარლამენტის გაუქმებას, ან სამხედრო საბჭოს შექმნას; ასევე არ მსმენია რომელიმე პარტია ითხოვდა შეეცვალა არსებული საპარლამენტო რესპუბლიკა მონარქიით და ამას ძალადობით აკეთებდა, ამიტომ ვერ ვხედავ პარტიის აკრძალვის რაიმე სამართლებრივ საფუძველს.
„დიდი იმედი არ მაქვს, რომ სასამართლო სამართლებრივად სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. ამ სასამართლომ ბოლოდროინდელი რამდენიმე გადაწყვეტილებით საკუთარი რეპუტაცია საკმაოდ შეილახა, მაგრამ ვნახოთ", - განაცხადა ხმალაძემ „რეზონანსთან".
იქნება თუ არა სიაში „ლელო" და „გახარია საქართველოსთვის"
ზაალ ანჯაფარიძე გვეუბნება, რომ შანსი 50/50-ზეა:
„აქაც ალბათობა 50/50-ზეა. „ოცნების" არცერთი ლიდერისგან არ მომისმენია, რომ ეს პარტიები ამ სიაში არ იქნებიან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არჩევნებში მონაწილეობდნენ და სხვა პარტიებისგან განსხვავებით, მეტ-ნაკლებად კონსტრუქციული პოზიცია დაიკავეს. ისეთ ტურბულენტურ სიტუაციაში ვართ, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება".
ვახტანგ ხმალაძის აზრით კი, „როდესაც ვინმე თავს უფლებას აძლევს, რომ იმოქმედოს არასამართლებრივად, მაშინ შეუძლია ეს არასამართლებრივი მოქმედება ყველას მიმართ გამოიყენოს".
რა მოჰყვება პარტიების აკრძალვას
ზაალ ანჯაფარიძე ქვეყნის გარეთ უკიდურესაც უარყოფით რეაქციას ელოდება, შიგნით კი -ენმ-ისა და „მისი განშტოებების" ელექტორატის პროტესტს.
„ქვეყნის გარეთ ცალსახად ამას უკიდირესად უარყოფითი რეაქცია მოჰყვება. ჯერ სარჩელი შესული არაა და უკვე ყველა ევროსტრუქტურამ და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ გააკეთა განცხადება, რომ პარტიების აკრძალვა ანტიდემოკრატიულია. გასაგებია, მათ აქედან შესაბამისმა წყაროებმა ცალმხრივი ინფორმაცია მიაწოდეს, რასაც ეყრდნობიან. ნეგატიური ფონი უკვე შემზადებულია და თუ პარტიები აკრძალეს, კრიტიკა მოიმატებს და ეს შესაძლოა გახდეს კიდეც როგორც ხელისუფლების, ისე ქვეყნის წინააღმდეგ, კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების მიზეზი.
„არ გამოვრიცხავ, რომ ამას შიგნითაც გარკვეული მღელვარება მოჰყვეს, უპირველეს ყოვლისა ენმ-ისა და მის განშტოებების ელეტორატს ვგულისხმობ, მათ არჩევნებში ჯამურად 500-600 ათასი ხმა მიიღეს. მათი ამომრჩევლებისთვის ეს გადაწყვეტილება ადვილად მისაღები და გადასახარში არ იქნება. თუ ვინმე გამოჩნდა, ვინც მათ ორგანიზებას და აქციებზე გამოყვანას შეძლებს, არ ვიცი, მაგრამ არც ამ ვარიანტს გამოვრიცხავ", - განაცხადა ანჯაფარიძემ.
ვახტანგ ხმალაძე კი გვეუბნება, რომ „ეს იქნება კიდევ ერთი არგუმენტი იმისათვის, რომ საქართველოს ფაქტობრივ ხელისუფლებასთან არცერთ დემოკრატიულ სახელმწიფოს წარმომადგენლებს არ ექნება ურთიერთობის სურვილი. შინგითაც უკმაყოფილება გაიზრდება ხელისუფლების მიმართ. ამის მასშტაბი კი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ამტანები არიან ჩვენი მოქალაქეები და როცა მოთმინების ზღვარი ამოიწურება, მაშინ ალბათ დამთავრდება კიდეც ეს ხელისუფლება".