
„რეპრესიულ კანონებს აუცილებლად გადავტეხავთ“ - ასე პასუხობენ სამოქალაქო აქტივისტები ხელისუფლებას. მოქალაქეები დღეს რუსთაველის გამზირზე მისვლას და ივანიშვილის გუნდის მმართველობის გაპროტესტებას გეგმავენ.
„ადამიანები ერთმანეთს მოუწოდებენ, გავიდნენ დედაქალაქის მთავარ გამზირზე და საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირონ. მათი თქმით, დღეს პროტესტის ეპიცენტრში ყოფნა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
მიუხედავად დრაკონული კანონებისა, დღეს ისევ და ისევ მე პირადად ვიდგები რუსთაველზე ჩემს თანამებრძოლებთან ერთად, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი ვერ აშინებს ამ საზოგადოებას, მართალ საზოგადოებას. რაც არ უნდა მოიგონონ, მოიფიქრონ, ციხეებით ვერ შეგვაშინებენ. ყველაზე დიდი უბედურება, რაც თვითონ უკვე შეეშალათ, ეს არის ბავშვისთვის იარაღის მიშვერა. ამას არ აპატირებს თავისივე ამომრჩეველი. ეს კარგად დაიმახსოვროს“, - ამბობს აქტივისტი.
კიდევ ერთი აქტივისტი ამბობს, რომ ბრძოლას არ შეწყვეტენ, რადგან სწორედ ახლა წყდება ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი.
„ახლა ჩვენ ვდგავართ ისეთ გარდამავალ პერიოდში, რომ დღეს წყდება საქართველოს ბედი - ყოფნა-არყოფნის საკითხი ჩვენ დამოუკიდებლობის. ერთ მხარეს რუსული ხელისუფლება გვყავს, რომელიც ყველანაირად ცდილბს, თავისი კანონებით, რეპრესიული მექანიზმებით გაგვაჩეროს, გაგვაჩუმოს, ქვეყნიდან გაგვიშვას და ა.შ., მაგრამ მოერე მხარეს ვართ ადმაიანები, და მე მეგულება ჩემს გვერდით ბევრი ადამიანი, რომელიც, უბრალოდ, არ შეწყვეტს ბრძოლას. ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს, რის წინაშე ვდგავართ“, - ამბობს აქტივისტი.
შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა ყველა ის შემზღუდავი კანონი, რომელიც ერთპარტიულმა პარლამენტმა მიიღო. კანონებს მიხეილ ყაველაშვილის ხელმოწერა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალაში შესულია.
იმ შემთვევაში, თუ რუსთაველის გამზირი დღეს ისევ გადაიკეტება, აქტივისტებს ეკეთებათ ნიღბები ან მოაწყობენ კონსტრუქციას, მათ 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა დაემუქრებათ. აღნიშნული კანონი ვრცელდება არასრუწლოვნებზეც.