
ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული რვა პირის საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.
„სუს-ის ანტიკორუფციულ და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტებში სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დღეს დილის 10:00 საათიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად, 22 ლოკაციაზე მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა. ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული სულ რვა პირის საცხოვრებელი ბინების, სახლების და პირადი ჩხრეკები.