
ვინც გუშინ პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილ უმაღლესი განათლების რეფორმას უსმენდა, ალბათ, ჩვენსავით იტყოდა ერთ სიტყვას - „ვეღირსეთ!“. დიახ, ეს ნამდვილად არის საუკეთესო სიახლე უმაღლესი განათლების სისტემისთვის, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.
მისი აზრით, უმაღლესი განათლების რეფორმა პასუხობს როგორც განათლების, ასევე, დემოგრაფიულ გამოწვევებს.
„ყველა ის საკითხი, რაც წლების განმავლობაში პრობლემური იყო საუნივერსიტეტო სფეროში, გათვალისწინებულია ახალ რეფორმაში, თუმცა, შესაძლოა იყოს საკითხები, რომელიც მოითხოვს კიდევ უფრო მეტ დამუშავებას ამ სფეროს წარმომადგენლებთან ერთად. პრემიერის განცხადებით, ეს კომუნიკაცია აუცილებლად შედგება.
წარდგენისას ჩანდა, რომ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც ეხება რეფორმა, სიღრმისეულად იყო შესწავლილი. საუბარია უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების ხარისხზე, პროფესორების ანაზღაურებაზე, სწავლების ვადებზე, სამეცნიერო კვლევების ბიუჯეტის გაზრდაზე და მათ ჩართულობაზე დარგობრივი პოლიტიკების შემუშავებისას. ამ საკითხებზე მთავრობის მხრიდან მანამდეც ხდებოდა აპელირება, მაგრამ, საინტერესო იყო დემოგრაფიული პოლიტიკის გატარება განათლების რეფორმაში.
საქმე ეხება შიდა და გარე მიგრაციას, დემოგრაფიულად აქტიური თაობის გამოდინებას რეგიონებიდან და გადინებას უცხოეთში. ცნობილია, რომ მიგრაციული თაობის დიდი ნაწილი მიგრაციაში რჩება, განსაკუთრებით, ახალგაზრდები. სწორედ ამ უდიდესი პრობლემის მოგვარების საუკეთესო გზები შემოგვთავაზა მთავრობამ. სწავლების ხარისხის გაზრდა და რეგიონული გადანაწილება ახალგაზრდებს დაამაგრებს რეგიონებშიც და ქვეყანაშიც.
მაგალითისთვის, მსურს მოვიყვანო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. მის კურსდამთავრებულებზე ერთგვარი ნადირობაა გამოცხადებული საჯარო თუ კერძო ორგანიზაციებიდან. ამ ახალგაზრდებს არ სჭირდებათ ნეპოტიზმი და ვინმეს დახმარება, თავად ეძებენ დამსაქმებლები. ეს კი შედეგია იმ მაღალხარისხიანი სწავლებისა, რასაც ეს უნივერსიტეტი იძლევა.
როგორი განხილვებიც არ უნდა წარიმართოს უმაღლესი განათლების რეფორმაზე, მჯერა, დემოგრაფიული პოლიტიკის გათვალისწინებას არავინ შეეხება.
უმაღლესი განათლების რეფორმა პასუხობს როგორც განათლების, ასევე, დემოგრაფიულ გამოწვევებს. მადლობა პრემიერს და განათლების მინისტრს ამ საუკეთესო ცვლილებებისთვის. ველით ასეთივე რევოლუციურ ცვლილებებს სასკოლო განათლების სფეროშიც, რომელიც არის განათლების საძირკველი. სამწუხაროდ, უმაღლესი სასწავლებლების მსგავსად, ესეც გადაგვიგვარეს და გაგვინადგურეს.
არ გავიმეორებ ბანალურ სიტყვებს, რომელიც შეიძლება ვიღაცას ყურს სჭრიდეს. საქართველოს ექნება არა მხოლოდ ევროპული დონის განათლების სისტემა ყველა საფეხურზე, არამედ ქართული, რომელიც მოიცავს ჩვენს საუკუნოვან გამოცდილებას განათლებაში და ასევე მსოფლიოს საუკეთესო მაგალითებს“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.