
სასწავლო პროცესის დიდი ნაწილი გავა თბილისიდან, რაც უზარმაზარი დანაკარგი იქნება დედაქალაქისთვისაც და განათლების პროცესისთვისაც - უნივერსიტეტი, ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, არის ქალაქური და ქალაქის ინსტიტუცია; პროფესორებისა და სტუდენტების რაოდენობა სახელმწიფო უნივერსიტეტებში დრამატულად შემცირდება", - ილიაუნის რექტორი, გიგა ზედანია საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ დაგეგმილი განათლების სისტემის რეფორმის კრიტიკით გამოდის:
„უდავოა, რომ ქვეყანაში უმაღლესი განათლების ხარისხი ბევრად და ბევრჯერ აღემატება ზოგადი განათლების ხარისხს. საქართველოს უნივერსიტეტებში ნამდვილად არის პროგრამები, რომლებიც ტოლს არ უდებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უნივერსიტეტების პროგრამებს, გინდა სწავლებაში და გინდა - კვლევაში. ევროპულმა ინტეგრაციამ უმაღლეს განათლების გაუმჯობესებაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და დადებითი როლი ითამაშა, რაც, ბუნებრივია, აკლდა ზოგადი განათლების სფეროს. ამიტომ, თუ რეფორმა იყო გასაკეთებელი, ზოგადით უნდა დაწყებულიყო.
ხოლო თუ ეს დაგეგმილი გეგმა, რამდენადაც გავიგე, განხორციელდა, უაღრესად ცუდი შედეგები დადგება: სასწავლო პროცესის დიდი ნაწილი გავა თბილისიდან, რაც უზარმაზარი დანაკარგი იქნება დედაქალაქისთვისაც და განათლების პროცესისთვისაც - უნივერსიტეტი, ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, არის ქალაქური და ქალაქის ინსტიტუცია; პროფესორებისა და სტუდენტების რაოდენობა სახელმწიფო უნივერსიტეტებში დრამატულად შემცირდება (სტრუქტურული, ფინანსური, პოლიტიკური ფაქტორების გამო). სფერო დაკარგავს მაღალკვალიფიციურ კადრებს, ხოლო მომავალი სტუდენტებისთვის არ იქნება საკმარისი ადგილები; დარჩენილი უნივერსიტეტები დიდწილად ჩამოშორდება ევროპულ სივრცეს; ახალი სისტემა იქნება იზოლაციონისტური და ღრმად პროვინციული. განვითარების მთავარი მუხტი, რომელიც ბოლო ოცი-ოცდაათი წლის განმავლობაში დასავლეთიდან მოდიოდა, საბოლოოდ მოკვდება.
შეიძლება, ზოგიერთი ჩემი „წინასწარმეტყველების“ საფუძველი ნათელი არ იყოს, მაგრამ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდილება სწორედ ამას მკარნახობს. ზოგადად, თვით-სკეპტიკური ადამიანი ვარ, მაგრამ კონკრეტულად ამ საკითხში ეჭვი, სამწუხაროდ, არ მეპარებ“, - წერს სოციალურ ქსელში, გიგა ზედანია.