
ქართველი მძღოლებისა და სატრანსპორტო საშუალებებისთვის რუსეთში ახალი შეზღუდვა ამოქმედდა. კერძოდ, აქამდე მოქმედი 180 დღის ნაცვლად, მძღოლებს რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის ვადად 90 დღე განესაზღვრათ. სპეციალისტების მტკიცებით, ეს დრო მძღოლებისთვის საკმარისი არ არის. სავარაუდოდ, ახალი რეგულაციის შედეგად, ქართველი მძღოლები და სატრანსპორტო საშუალებები, რუსეთის მოქალაქე მძღოლებით, ასევე - რუსული სატრანსპორტო საშუალებებით ჩანაცვლდებიან. თავის მხრივ, ეს ექსპორტ-იმპორტსაც გააძვირებს და სურსათსაც.
ექვსი მძღოლი რუსეთიდან უკვე დაადეპორტეს და გუშინ მათ რიგებს კიდევ ათი მძღოლი მიემატა. ამ რთული სიტუაციიდან გამოსავალი ნამდვილად არსებობს: პირველი - აუცილებელია, საქართველოს ხელისუფლების მყისიერი რეაქცია და ამ პრობლემის მოგვარება ისე, რომ ქართველ მძღოლებს საშუალება ჰქონდეთ, რუსეთის ტერიტორიაზე 365 დღით დაყოვნდნენ და მეორე - ქართველი მძღოლები რუსეთის ნაცვლად, ევროპის ბაზარზე გადაერთონ.
„ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის, ვახტანგ ბეჟიტაშვილის განცხადებით, უკრაინასთან ომის გამო დაწესებული სანქციების პირობებში, როცა დასავლურ ქვეყნებში ვეღარ ახერხებს გადაზიდვების განხორციელებას, რუსეთი ამ რეგულაციით ცდილობს, საქართველოში მაინც შეძლოს სატრანსპორტო გააქტიურება, რაც მათ ეკონომიკას დაეხმარება.
„ქართველ მძღოლებს ჩვენს ეკონომიკაში შეაქვთ საკმაოდ დიდი წვლილი. ლოგისტიკის კუთხით, ექსპორტის მნიშვნელოვანი ნაწილია ტრანსპორტირება. ამასთან, ეს მანქანები როგორც გადიან ქვეყნიდან და ტვირთი გააქვთ, ასევე შემოაქვთ იმპორტირებული საქონელიც. პროფესიონალი კადრების დეფიციტი ისედაც შეინიშნებოდა და კიდევ უფრო გაუარესდება მდგომარეობა. შეიძლება ითქვას, რომ ბევრმა ადამიანმა, გარკვეული კუთხით, სამსახური დაკარგა“, - აღნიშნა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა.
სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორმა, პაატა ცაგარეიშვილმა „რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მძღოლების საინიციატივო ჯგუფის განცხადება შეიტანა:
„ჩვენ ნათლად ჩამოვაყალიბეთ, თუ რა იყო 90-დღიანი ვადის გადაცილების წინაპირობა და რატომ შეიქმნა ასეთი ვითარება; მეორე - რა სოციალურ-ეკონომიკური შედეგი დადგება, თუ ქართველ მძღოლს გამოდევნიან რუსეთის ბაზრიდან და მესამე საკითხი- რა სავარაუდო გზები არსებობს ამ პრობლემის გადასაწყვეტად. ეს დოკუმენტი მომზადდა, მას დაერთო ექვსი გამოძევებული მძღოლის დოკუმენტაცია. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, 16 ოქტომბერს, დამატებით ათი მძღოლიც გამოადეპორტეს და ეს დოკუმენტიც შევიდა საგარეო საქმეთა სამინისტროში. სამინისტრომ ცალსახად განგვიმარტა, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის მხარე არაპროგნოზირებადია და არ არსებობს დიპლომატიური კავშირები, ზუსტად ვერ გვეუბნებიან, შეძლებენ თუ არა ამ საკითხის დარეგულირებას“, - ამბობს პაატა ცაგარეიშვილი.
ფაქტია, რომ რუსეთის ტერიტორიაზე დასაყოვნებლად, გადამზიდავებისთვის 90-დღიანი ვადა არასაკმარისია. პაატა ცაგარეიშვილმა ლოგისტრიკური ჯაჭვი დეტალურად ახსნა. ამ ჯაჭვში, 60%-ს წარმოადგენს 10-14-დღიანი დაყოვნება სასაზღვრო-გამშვებ პუნქზე, ამ შემთხვევაში, ლარსის საბაჟოზე, სადაც უზარმაზარი რიგია.
„ამას ემატება გადაზიდვის პროცედურა, ანუ ლოგისტიკური ჯაჭვი, რაც ჯამში გვაძლევს გადაზიდვის 20-25-დღიან პროცესს. ფაქტობრივად, ქართველი მძღოლი ოთხჯერ რომ შევიდეს რუსეთის ბაზაზე, ამოეწურება ლიმიტირებული 90 დღე და მეხუთედ შესვლა მისთვის უკვე რთული იქნება, შედეგად კი, დეპორტირების საფრთხის ქვეშ დადგება. თავისი შინაარსით, გადაზიდვა ისეთი პროცესია, რომელიც ზუსტად რეგლამენტირებული უნდა იყოს, ყოვლად წარმოუდგენელია შეცდომის დაშვება და გაურკვევლობა პროცესში, მძღოლი ასეთ პროცესში არ ჩაებმება. მას პასუხისმგებლობა აქვს ტვირთის გამგზავნთან, მიმღებთანაც და ამ პროცესში მან აუცილებლად უნდა შეასრულოს თავისი ფუნქცია. ამიტომ მძღოლს ურჩევნია, მოიცადოს და დაელოდოს სახელმწიფოს მიერ, ამ პრობლემის დარეგულირებას“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
ირკვევა, რომ ეს პრობლემა მხოლოდ საქართველოს კი არა, დსთ-ს სივრცეში, რუსეთის სხვა მოსაზღვრე ქვეყნებსაც შეექმანათ: ყირგიზეთს, ყაზახეთს და სომხეთს. ეს უკანასკნელი, სწორედ საქართველოს გავლით გადის რუსეთში:
„ყირგიზეთმა და ყაზახეთმა, ასე თუ ისე, პრობლემა უკვე დაარეგულირეს, თავიანთი ხელისუფლების ჩართვით. მათ რუსეთთან აქვთ ევრაზიული კავშირის ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულების ფარგლებში, შეძლეს პრობლემის გადაჭრა. მართალია, სომხეთიც ევრაზიის კავშირის წევრია, მაგრამ რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი - ეს საკითხი ჯერ არ მოგვარებულა.
მოკლედ, საქართველოს ხელისუფლებამ ეს საკითხი თუ არ მოაგვარა, მარტივად შესაძლებელია, რომ ექსპორტ-იმპორტში აქტიური პოზიციები დაიკავონ რუსმა გადამზიდავებმა - სატრასპორტო საშუალებებმაც და მძღოლებმაც. ამას აადვილებს ერთი გარემოება, რასაც ღვინის გადაზიდვის მაგალითზე აგიხსნით: რუსი ან რუსეთის მოქალაქეობის მქონე გადამზიდავი, რუსეთიდან წამოიღებს მინის ტარას, რადგან სწორედ რუსეთიდან მარაგდება საქართველო მინის ტარით, ჩამოიტანს, ჩამოცლის ღვინის ქარხანაში, იმავე ქარხანაში დაიტვირთება ღვინით და დაბრუნდება. ლოგისტიკურ ჯაჭვს მარტივად ააგებს, რადგან ქართული ღვინის ქარხნების მეწილეებს შორის არიან რუსეთის მოქალაქეები, ან ღვინის ქარხნის საკუთრებაში არსებული ვენახები არის რუსეთის მოქალაქეების ხელში. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ქართული ქარხნებისთვის უფრო მიმზიდველიც კი იყოს ასეთი კავშირი რუსეთთან“, - განუცხადა „რეზონანსს“ პაატა ცაგარეიშვილმა.
უკვე გამოძევებულ მძღოლებს და მათაც, რომლებიც დეპორტის რისკქვეშ არიან, ცხადია, 90-დღიანი ვადა დარღვეული აქვთ. სატრანსპორტო საშუალებებს გაფორმებული აქვთ ხელშეკრულებები, როგორც ღვინის ქარხნებთან, ასევე - სამაცივრე კომპლექსებთან. ეს ნიშნავს, რომ თუ ისინი დროულად ვერ განახორციელებენ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, სავსებით შესაძლებელია, სხვა შემოვიდეს და ჩაენაცვლოს მათ. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არაპროგნოზირებადია, შექმნილი რთული სიტუაციიდან გამოსავალი მაინც არსებობს:
„მძღოლების რაოდენობა, რომლებიც დეპორტის საფრთხის ქვეშ არიან, დაახლოებით, 4 000-დან 5 000-მდეა. ფაქტობრივად, სახელმწიფომ მათთვის გამონაკლისი უნდა დაუშვას და სარკისებრი გადაწყვეტილება მიიღოს. ეს ნიშნავს, რომ რამდენი დღეც აქვს რუს მძღოლს საქართველოში დაყოვნების ვადად განსაზღვრული, ზუსტად იმდენივე დღე უნდა განესაზღვროთ ამ კატეგორიის მძღოლებს რუსეთში, ანუ 365 დღე.
ალბათ, გაინტერესებთ, როგორ უნდა დადგინდეს ამ კატეგორიის მძღოლების ვინაობა? მარტივად დადგინდება, რადგან სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს გააჩნია მათი მონაცემები: 2025 წელს, ყველა ამ მძღოლმა შეიძინა სატვირთო გადამზიდავის ნებართვა, რაშიც გადაიხადა 500 ლარი. არსებობს გადამზიდავების ბაზა და შესაძლებელია ირიბი, დიპლომატიური არხებით, მათთვის ამ გადაწყვეტილების მიღება. ისინი გააკეთებენ განაცხადს, რომ სჭირდებათ ვადის გაგრძელება 90-დან 365 დღემდე და ამის შემდეგ, მათთვის გამონაკლისი უნდა დაიშვას. ძალიან მარტივად შეიძლება ამ საკითხის დარეგულირება, მაგრამ ბუნებრივია, ამას სჭირდება სახელმწიფოს ჩარევა“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
განსხვავებული პოზიცია აქვს გაეროს ექსპერტს ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში, გელა კვაშილავას, რომელმაც „რეზონანსთან“ საუბრისასპირდაპირ განაცხადა, რომ ქართველი მძღოლები ევროპის ბაზარზე უნდა გადაერთონ:
„ვფიქრობ, აქცენტი უნდა გაკეთდეს ევროპულ ბაზარზე, რადგან იქ უფრო დაცულები იქნებიან მძღოლები და უფრო მეტი შემოსავალიც ექნებათ. ღრმა და ყოვლისმომცველი ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ევროპაში დასაქმების კუთხით, ყველაზე დიდი მოთხოვნა მძღოლებზეა, განსაკუთრებით, სატვირთოს მძღოლებსა და ზოგადად, გადამზიდავებზე. ვფიქრობ, სწორედ ამ მიმართულებით უნდა გაკეთდეს აქცენტი, რომ მძღოლები ევროპაში დასაქმდნენ. გარდა იმისა, რომ რუსეთი არაპროგნოზირებადი ქვეყანაა, ანაზღაურებაც ბევრად მაღალია ევროპაში, ევროპული ბაზარიც ბევრად დიდია და მეტი შემოსავლის მიღებასაც შეძლებენ მძღოლები. რაც მთავარია, ევროპულ ბაზარზე მოთხოვნა დიდია და თანაც სტაბილურია“, - განუცხადა „რეზონანსს“ გელა კვაშილავამ.