ნატალია ჯვარიძე
16.10.2025

პოლიტილოგ იგორ კვესელავას მიჩნია, რომ ოპოზიციის წამყვან ფიგურებს ყავლი გაუვიდათ და უკვე არ ძალუძთ პოლიტიკური ბრძოლის სათანადო რეჟიმში წარმართვა. ფიქრობს, რომ ახალი ლიდერები აუცილებლად გამოჩნდებიან და ერთ-ერთ ასეთად ბიძინა ივანიშვილის ყოფილ ადვოკატ ვიქტორ ყიფიანს თვლის. „შეიძლება ეს იყოს სწორედ ის ახალი ძალა, რომელსაც ველოდით - ცეცხლი უკვე დანთებულია და მთავარია ხანძარში არ გადაიზარდოს," - აცხადებს პოლიტოლოგი.

იგორ კვესელავა: სამწუხაროდ, ამ ხელისუფლებამ დიპლომატია არ იცის. დიპლომატია მარტო ის კი არ არის, რომ ვიღაცას რაღაც წაართვა. ჩვენ თუ ევროპა არ გვინდა, ეს უნდა ითქვას. ევროპიდან ადამიანი ჩამოვიდა, ეუთო-ს თავმჯდომარე და რომ დაბრუნდება, ღმერთმა იცის, რას იტყვის, მით უმეტეს არაოფიციალურ ფორმატში. ასეა სხვებთანაც - ვინც ჩამოდის, ყველას უარყოფითი მიაქვს. ამერიკისა და ევროპის საზოგადოება საქართველოს ხელისუფლებას ლანძღავს, დიქტატორულ რეჟიმად მიიჩნევს. ასე არ შეიძლება გაგრძელდეს. ამიტომ ვამბობ, ცეცხლი ანთებულია - ეს არ ნიშნავს, რომ ხანძარია, მაგრამ ალი არის და ის ცეცხლად გადაიქცა, ბოლოს კი ხანძარიც გაჩნდება. ეს პოლიტიკაში ჩვეულებრივი ამბავია. ასე რომ, ამ სიტუაციაში ცოტა დიპლომატიაც არის საჭირო. როდემდე უნდა ვიყოთ ასეთ ჩხუბში და ქაოსში?

ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რაც რეალურად ხდება. მე არც ერთის მხარეს არ ვარ, მათ შორის არც ოპოზიციის, რადგან მას ლიდერი არ ჰყავს. თუმცა უნდა გითხრათ, რომ მოდის ვიქტორ ყიფიანი. ამაზე ადრეც ვისაუბრე, რომ ახალი ძალა მოვიდოდა. ის ივანიშვილთან მუშაობდა. ახლა აყალიბებს პარტიას. უნდა აღვნიშნო, რომ ის განათლებული და ზომიერი კაცია. ივანიშვილის ადვოკატი იყო წლების განმავლობაში და რომ დაინახა სიტუაცია, იქაურობას მოშორდა. ბევრი საიდუმლო იცის. როცა ჩვენ ვსვამთ კითხას, ვინ არის ლიდერი? შესაძლოა ეს კაცი აღმოჩნდეს. ლიდერები აუცილებლად გამოჩნდებინ და იმ ლიდერებს, რომლებიც ციხეში სხედან, თავი უნდა დავანებოთ.

ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ეს ბოიკოტის ტაქტიკა შეიძლება არ იყო მართებული. ხომ ვნახეთ, ვინც იქ მივიდა, უმცირესობას წარმოადგენს. ეს სიმართლეა, ტყუილს ხომ არ ვამბობ?"

იგორ კვესელავამ ქვეყანაში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნება" დასჯის არასწორ ფორმებს იყენებს.

„ქვეყანაში სიტუაცია გართულებულია, მათ შორის ეკონომიკურადაც. ამ მხრივ წინ წავედითო იძახიან, მაგრამ თუ ასეა, რატომ ძვირდება ყველაფერი? რატომ არის ხალხი მშიერი? ჯერ ხომ ძალიან სასაცილოა ლიდერების გამოსვლები, ეს რა არის?

მთელ მსოფლიოში არ მინახავს, რომ ჯარიმებს ადებენ, მერე ხალხი ვერ იხდის, ციხეში სვამენ და სახელმწიფოს კმაყოფაზე არიან. ეს არის დასჯის ფორმა?! ახლა საერთოდ პარტიების აკრძალვაზე საუბრობენ. ეს დაკავშირებულია საერთაშორისო ურთიერთობებთან. ეს უკიდურესი შემთხვევაა, რაც ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიოში არ მომხდარა, თუ რაღაც განსაკუთრებულ ქვეყანას არ ავიღებთ. პარტიის აკრძალვა, როგორც ასეთი, ჩვენი კონსტიტუციითაც არ შეიძლება. ბუნებრივია, კონსტიტუციის მიხედვით ყველას აქვს უფლება საკუთარი აზრი გამოხატოს.

ყველაფერი შედარებითია -არსებობს ნაკლები და დიდი ბოროტება. ეს ხელისუფლება ნაკლები ბოროტებიდან დიდში გადადის. მე არ მინდა ასე მოხდეს, მაგრამ ვატყობ, რომ ამას ვუახლოვდებით. ეს ეხება ოპოზიციასაც. მათ სხვა, უკანონო ბოროტებაში გადასვლა დაიწყეს. ხელისუფლების უსამართლობას ოპოზიციის უსამართლობა ემატება და ქვეყანა იღუპება", - განაცხადა იგორ კვესელავამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×