მარიამ ვეკუა
16.10.2025

აშშ-ს მიერ უკრაინისთვის „ტომაჰავკების" გადაცემა ისევ მსოფლიო ყურადღების ეპიცენტრშია. კრემლის მოკავშირე ბელარუსის ლიდერი ბირთვული ომის საფრთხეზე საუბრობს და აშშ-ს მოუწოდებს, უკრაინას რაკეტები არ გადასცეს. ოფიციალური კიევი ამ ნაბიჯს ომის დასასრულის დასაწყისად მიიჩნევს, იმედოვნებს, რომ დამატებითი შეიარაღება კრემლზე ზეწოლას გაზრდის.

ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც პუტინის ერთგული მოკავშირეა, პრეზიდენტი ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ს მიერ უკრაინისთვის „ტომაჰავკის" ტიპის ფრთოსანი რაკეტების გადაცემა ბირთვულ ომს ნიშნავს.

მედიის ცნობით, ტრამპი განიხილავს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნას „ტომაჰავკის" რაკეტების გადაცემის შესახებ, რომლებსაც 2500-კილომეტეიანი მოქმედების რადიუსი აქვთ, რაც ფაქტობრივად კიევს საშუალებას მისცემს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე გაცილებით ღრმად შეიჭრას და სტრატეგიულ სამიზნეებზე, როგორიცაა ინფრასტრუქტურა, სამხედრო ბაზები და საბრძოლო მასალის ქარხნები, იერიში უფრო ნაყოფიერად მიიტანოს.

ზელენსკი ამტკიცებს, რომ მისი ქვეყნისთვის ხელმისაწვდომი შეიარაღების გაზრდა კრემლზე ზეწოლას გააძლიერებს, რათა ეს უკანასკნელი ბოლოსდაბოლოს სამშვიდობო შეთანხმებას დათანხმდეს.

თუმცა, მეორეს მხრივ, კრემლის რიტორიკა მკაცრდება, პუტინმა განაცხადა, რომ ასეთი ნაბიჯი აშშ-რუსეთის გაუმჯობესებულ ურთიერთობებს საფრთხეს შეუქმნის.

„ტომაჰავკები" პრობლემას ვერ გადაჭრის. ისინი სიტუაციას ბირთვულ ომამდე გადაიყვანენ", - განაცხადა ლუკაშენკომ სამშაბათს მინსკში გამართულ შეხვედრაზე.

„შესაძლოა, დონალდ ტრამპს ეს ყველაზე უკეთ ესმის, რადგან ის არ ჩქარობს ამ სასიკვდილო იარაღის გადაცემას რუსეთის ტერიტორიაზე ღრმა დარტყმების განსახორციელებლად, რაც პრეზიდენტ ზელენსკის ასე ძალიან სურს".

ლუკაშენკომ, რომელსაც ხშირად საბჭოთა კავშირის რელიქვიას და ევროპის „უკანასკნელ დიქტატორს" უწოდებენ, გასული წლის სექტემბერში ჩატარებული სავარჯიშო წვრთნების ზედამხედველობის შემდეგ, აშშ და ნატო გააფრთხილა: „ჩვენ ბირთვულ იარაღს გამოვიყენებთ როგორც კი ისინი თავს დაგვესხმებიან".

თუ ასეთი სცენარი ოდესმე განხორციელდება, კრემლი ამას საკუთარი ხალხის წინააღმდეგ თავდასხმად აღიქვამს.

„ამრიგად, რუსეთი მთელ თავის არსენალს განათავსებს", - თქვა ლუკაშენკომ. „და ეს მესამე მსოფლიო ომს ნიშნავს. რაც დასავლეთსაც არ სურს, ისინი ამისთვის მზად არ არიან.

„ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ ჩვენი წითელი ხაზი ეროვნული საზღვრებია. თუ ისინი მათ გადაკვეთენ, ჩვენი რეაგირება დაუყოვნებლივი იქნება. ჩვენ ამისთვის ვემზადებით. მე ამ საკითხთან დაკავშირებით გულწრფელი და გამჭვირვალე ვარ."

საინტერესოა, რომ ბელორუსიაში რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღი 2023 წლის მარტიდან არის განთავსებული, ორმა ქვეყანამ 2024 წლის სექტემბერში ერთობლივი სამხედრო წვრთნები ჩაატარა, რათა ივარჯიშონ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ოდესმე ექსპლუატაციაში ჩაერთვებიან.

„ვნახოთ"

ზელენსკი, რომელსაც ტრამპთან რთული ურთიერთობა ჰქონდა, პარასკევს ვაშინგტონში დაბრუნდება, რათა რაკეტების გადაცემის საკითხს ლობირება გაუწიოს. გარდა ამისა ზელენსკი სანქციების გამკაცრებას ითხოვს იმ სახელმწიფოების მიმართ, რომლებიც რუსეთს ომის დაფინასებაში ეხმარებიან და სანქციების ავლით მათთან სავაჭრო ურთიერთობებს აგრძელებენ.

ენერგეტიკული შემოსავალი კრემლისთვის საომარი მოქმედებების დასაფინანსებლად ნაღდი ფულის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროდ რჩება, რაც ნავთობისა და გაზის ექსპორტს დასავლეთის სანქციების ცენტრალურ სამიზნედ აქცევს.

„ახლა მნიშვნელოვანია სიგნალის გაგზავნა, რომ უკრაინა ყველა შესაძლო საშუალებით გაძლიერდება", - განაცხადა ზელენსკიმ გასულ კვირას გამართულ პრესკონფერენციაზე.

„და ეს არის ერთ-ერთი ასეთი საშუალება, რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანია - ტომაჰავკები. ყველა ასეთ რამეს შეუძლია გააძლიეროს უკრაინა და აიძულოს რუსები ცოტათი გამოფხიზლდნენ, მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ".

კვირას, ისრაელისკენ მიმავალ გზაზე საპრეზიდენტო ბორტზე ჟურნალისტებთან საუბრისას, ტრამპმა ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო ფრთხილი კომენტარი გააკეთა და კითხვაზე, აპირებდა თუ არა ამ ავიაციის უკრაინისთვის გადაცემას, განაცხადა „ვნახოთ",

შეგახსენებთ, აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა პარასკევს, 17 ოქტომბერს, თეთრ სახლში შედგება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრის მთავარი თემა აშშ-ის მიერ უკრაინისთვის "ტომაჰავკების" გადაცემა იქნება.

 

 

 

 

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×