თამთა ჩაჩანიძე
16.10.2025

„ოცნება" ათამდე პარტიის აკრძალვას აპირებს, რისთვისაც სარჩელსაც ამზადებს და უახლოეს დღეებში სიის გასაჯაროებასაც აანონსებს. პარალელურად, პარლამენტში დაჩქარებული წესით მუშაობენ ცვლილებებზე, რომელიც ფაქტობრივად პოლიტიკურად უფუნქციოდ ტოვებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აკრძალულ პარტიების წევრებს და მათთან დაახლოებულ პირებს.

„ოცნებაში" ამას „პოლიტიკური ველის გაჯანსაღების" პროცესს ეძახიან, ოპოზიციაში კი ეს პროცესი იმათაც აშინებთ, ვინც აქამდე ნაკლებად აკრიტიკებდა მმართველ პარტიას.

„ბატონი კობახიძე იღებს კანონს, რომელიც მას ნებისმიერი ჩვენგანის (თქვენგანის) პოლიტიკიდან ჩამოშორებისა და დასჯის საშუალებას მისცემს...მოვუწოდებ საზოგადოებას: გამოვფხიზლდეთ! თავს ნუ დავამონებინებთ ხალხს, რომელიც მართლა ნაცებთან იყო", - წერს „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი.

პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „პრინციპი არის შემდეგი - პირველი, როდესაც პარტია შედგება იმ ადამიანებისგან, რომლებიც წარმოადგენდნენ სისხლიან რეჟიმს, რა თქმა უნდა, მათ შეეხება შესაბამისი სარჩელი. მარტივად რომ ვთქვათ, პირდაპირ, ვინ იყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც არიან დღეს კონკრეტული პარტიების ხელმძღვანელები, ეს არის „ნაცმოძრაობა", იგივე „ახალი", არის რამდენიმე სხვა მცირე პარტია. მეორე კრიტერიუმი არის, რომ ვინც ამ სისხლიან პარტიასთან, ძალასთან ერთად ჩართული იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟში წლების მანძილზე განგრძობითად, რა თქმა უნდა, მათაც შეეხება ეს სარჩელი. ზუსტი სია ცნობილი გახდება რამდენიმე დღეში, შეიძლება იყოს 10-მდე პარტია, ვნახოთ, მცირე პარტიების ჩათვლით".

საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კონკრეტული პარტია აიკრძალება, აკრძალული პარტიის წევრებს და მასთან დაკავშირებულ პირებს აღარ შეეძლებათ იყვნენ არჩეული პარლამენტსა და მუნიციპალიტეტებში. ამავდროულად, შეეზღუდებათ კონსტიტუციური ორგანოების ხელმძღვანელი თანამდებობების დაკავების უფლება, ვეღარ შეძლებენ გახდნენ სხვა პარტიის წევრები. ასევე ვერ გახდებიან სხვა პარტიების შემომწირველები.ამასთან, პარტიას, რომელიც ასეთ პირებს საკუთარ რიგებში გააწევრიანებს, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა - ჯარიმა დაეკისრება.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ხელისუფლება ავტორიტარიზმისკენ მიდის და ამას გარკვეულწილად თავად ოპოზიცია უწყობს ხელს თავისი რადიკალური, თუ არარადიკალური ნაბიჯებით.

„ხელისუფლება ავტორიტარიზმისკენ მიდის. ამას გარკვეულწილად ხელს უწყობს ოპოზიცია თავისი რადიკალური, თუ არარადიკალური ქმედებებით. ნელ-ნელა 90-იან წლებს ვუახლოვდებით, მაგრამ ამ ოპოზიციურ ამომრჩეველს რა უნდა უყონ, ეს თუ იციან და ამის წარმოდგენა თუ აქვთ? თუ პარტიები არ იქნება, იქნება ოპოზიციური არაფორმალური გაერთიანებები.

„გულწრფელად რომ გითხრათ, დღევანდელი ოპოზიციის ლიდერების აბსოლუტურ უმრავლესობას მორალური უფლებაც კი არ აქვთ ადამიანის უფლებებზე ილაპარაკონ, თუმცა, როგორ შეიძლება აუკრძალო პოლიტიკურ პირს საქმიანობა, თუ მას უშუალოდ არ აქვს დანაშაული ჩადენილი ქვეყნის წინაშე?

„ეს მთლიანად ოპოზიციის და საზოგადოების შეცდომაა, რადგან ჩვენი საზოგადოება 90-იან წლებთან შედარებით პოლიტიკურად დიდად ვერ გაიზარდა. ფაქტიურად იგივე საზოგადოება ვართ და ისევე ვმოქმედებთ, როგორც მაშინ. მაშინაც მუდმივად იყო ლაპარაკი ბოიკოტზე, ლეგალიზაციაზე და ა.შ. რამაც აქამდე მოგვიყვანა და დღესაც იგივეს ვლაპარაკობთ და ვაკეთებთ. ახლა, 4 ოქტომბრის შემდეგ მაინც, ადამიანი, რომელიც ლაპარაკობს, რომ თურმე ბოიკოტი სწორი ყოფილა, იმას პოლიტიკაში აბსოლუტურად არაფერი ესაქმება",- განაცხადა ძაბირაძემ.

ანალიტიკოსსმა ისაუბრა იმაზეც, თუ რა პროცესებს ელოდება პარტიების აკრძალვის შემდეგ, ქვეყანაში და საგარეო ფლანგზე.

„საგარეო ფლანგიდან რეაქცია რა თქმა უნდა მოჰყვება, მაგრამ საგარეო ფლანგი მაშინაა ძლიერი, როცა ქვეყანაში ძლიერი ოპოზიციაა. ამიტომ განცხადებების დონეზე რაც არ უნდა გააკეთონ, „ქართულმა ოცნებამ" ეს წითელი ხაზები უკვე გადაკვეთა. აგერ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ძალიან ჩვეულებრივად გამოლანძღეს, ასე, რომ ლაპარაკი იმაზე, რომ დასავლეთი რაღაცას გააკეთებს და ამათ შერცხვებათ, ეს ტყუილია, არაფრის არ შერცხვებათ, სირცხვილის ზონიდან გასულები არიან.

„რაც შეეხება შიდა ვითარებას, მთელი წლის განმავლობაში პროტესტი მიდიოდა და პოლიტიკიურ პარტიებს უფლებაც კი არ ჰქონდათ ეთქვათ, რომ პოლიტიკური პარტიები არიან, საზოგადოებაში მათი მხარდაჭერა მინიმალურზე მინიმალურია. რაღაც აქტივი შეიძლება გამოვიდეს ერთხელ, ორჯერ და ამით დასრულდება ყველაფერი.

„უფრო ველოდები იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პერსონებზე გადაწყვეტილებას არ მიიიღებს, რადგან ამ პერსონათა გარკვეული ნაწილი ხელისუფლებასაც სჭირდება, რომ აამუშაოს და აამოქმედოს. არც ის მგონია, რომ 10-ივე პარტია იქნება, რა თქმა უნდა არა, ყველაზე მოსალოდნელია, რომ ენმ აკრძალონ, იმ შემთხვევაში, თუ მათ მოახერხეს და მოასწრეს ენმ-2-ის შექმნა და ჩამოყალიბება", - განაცხადა ძაბირაძემ "რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი პარტიების აკრძალვას ემხრობა.

„სამართალი უნდა აღსრულდეს და დასრულდეს ის ვაკხანალია - ქაოსისა და უბედურებების მცდელობა, რომელსაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა" აპირებდა. სწორედ ის ათი პარტია შედის ამ კოლექტივში, რომელიც 4 ოქტომბერს ქვეყნის სისხლში და უბედურებაში ჩახშობას აპირებდა, ამას პირდაპირ ტელევიზიებით ლაპარაკობდნენ და ფაქტიურად ჩვენებებს იძლეოდნენ.

„მეტიც, ბურჭულაძემ პირდაპირ დასაჭერების სია წაიკითხა. ირაკლი ტაბლიაშვილი ჰყავთ ერთი იდეოლოგი, რომელმაც ილაპარაკა, რომ 6-ზე კი არ შევჩერდებოდი, არამედ 41-ზეო და მე დავუმატებდი, 41-ზე კი არა 41 ათასს მაინც ჩაახშობდნენ სისხლში. ამიტომ ამათ პოლიტიკური მოღვაწეობა უნდა აეკრძალოთ, როგორც ეს ნაცისტურ გერმანიაში მოხდა. საქართველომ ნიურბერგის პროცესის მეორე მაგალითი უნდა აჩვენოს, რომ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში ლიბერალური ფაშიზმი აღიგაოს პირისაგან მიწისა",- განაცხადა მან.

კითზვაზე, რამდენად შეიძლება ენმ-სთან დაახლოებულად ჩაითვალოს "ლელო" და გახარიას პარტია, გვენეტაძემ გვითხრა:

„ლელოს" წარმომადგენლები არ იძახდნენ, დილით არჩევნებზე, საღამოს მიტინგზეო? ამდენად, მათ ერთი იდეოლოგია აქვთ. გახარიას პარტიის წარმომადგენლებმა ადგილობრივ თვითმმართველობაში ნაცებთან შეკრეს ალიანსი, ისინიც თანამონაწილენი არიან იმ უბედურებისა, რომელსაც „ნაცმოძრაობა" ადრეც და ახლაც უპირებს საქართველოს.

„საგარეო ფლანგიდან კრიტიკა იქნება ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან, ისინი ამათ აფინანსებენ, დიდი ფული აქვთ დახარჯული და პოლიტიკურ სამარეში მათი ჩაწვენა არ უნდათ. ქვეყნის შიგნით კი არავითარი პროტესტი არ იქნება, შეიძლება იმის მეასედი გამოვიდეს, ვინც 4 ოქტომბერს იყო. გამოვიდნენ, იყვირონ და იბღავლონ, დემოკრატიული ქვეყანა ვართ. ვინც ნამეტანს გადააჭარბებს და კანონს დაარღვევს, ვირის აბანოში უკრავენ თავს",- განაცხადა გვენეტაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×