
ვენეციის კომისიამ საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული ე.წ. „უცხოური გავლენის", „გრანტების შესახებ", „მაუწყებლობის" და „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონები მკაცრად გააკრიტიკა და მათი გაუქმება რეკომენდაციად დაასახელა. მმართველ გუნდში კომისიის დასკვნას პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებენ და აცხადებენ, რომ ვენეციის კომისიას „გამბედაობა არ ეყო", ამერიკის ფარა-ც გაეკრიტიკებინა. ოპოზიციის შეფასებით კი ასეთი კანონების შემთხვევაში განსხვავებული დასკვნის დაწერა უბრალოდ შეუძლებელი იყო.
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე აღნიშნავს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნას ძალიან დიდი წონა აქვს და მისი რეკომენდაციების შეუსრულებლობას სხვა ქვეყნების მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოჰყვება.
„თავის დროზე, როცა ეს კანონპროექტები იყო მომზადებული, მათი მიღების პროცესი მიმდინარეობდა, მაშინ ქართველმა ექსპერტებმა, სამართლის სპეციალისტებმა აღნიშნეს ამ კანონების მიღებით გამოწვეული ძალიან სერიოზული ზიანის საფრთხე. ვენეციის კომისიამ ყველაფერი ეს აღნიშნა. ეს არ არის ჩვენთვის ახალი. აქ მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნებს აქვთ ძალიან დიდი წონა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვენეციის კომისიის დასკვნა ევროკავშირის სტრუქტურებისთვის და ევროსაბჭოსთვის, ვინაიდან ვენეციის კომისია წარმოადგენს მათთვის სამართლებრივ ექსპერტს. ამიტომ რასაც ჩვენ ვამბობდით ამ კანონების თაობაზე, ვენეციის კომისიამ, ფაქტობრივად, დაადასტურა - ჩვენი შეფასებები."
ხმალაძე არ ფიქრობს, რომ "ოცნება" ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს შეასრულებს.
„მართალია, კანონით ვენეციის კომისიის დასკვნის შესრულება სავალდებულო არცერთი ქვეყნისთვის არ არის, მაგრამ ეს რეკომენდაციები, როგორც წესი, სრულდება, ვინაიდან ამ მათ შეუსრულებლობას მოჰყვება ხოლმე რეაქცია სხვა ქვეყნების მხრიდან. საქართველოსთვის ეს რეაქცია უდავოდ უარყოფითი იქნება. თუმცა ევროკავშირის ქვეყნებს თუ შეერთებულ შტატებს ისედაც საკმაოდ ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ ჩვენი დღევანდელი ფაქტობრივი ხელისუფლების მიმართ. მე ძალიან ეჭვი მეპარება, რომ „ოცნების" ხელისუფლებამ ანგარიში გაუწიოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. თუ მოხდა სასწაული და გაუწია ანგარიში და შეასრულა ეს რეკომენდაციები - იქნება კარგი, თუმცა მე ეჭვი მეპარება."
ხმალაძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მმართველი გუნდი ვენეციის კომისიის დასკვნას უფრო პოლიტიკურ შეფასებად მიიჩნევს, ვიდრე სამართლებრივ დოკუმენტად.
„საერთოდ, კანონი - ნებისმიერი კანონი - არ არის მხოლოდ სამართლებრივი შინაარსის დოკუმენტი. ნებისმიერი კანონი პოლიტიკური შინაარსის დოკუმენტიც არის, ვინაიდან კანონების მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმის თაობაზე, თუ რა პოლიტიკას ატარებს სახელმწიფო. განსაკუთრებით მაშინ, როცა საუბარია საშინაო პოლიტიკაზე.
როცა საუბარი იყო ფარა-ს კანონზე, „ქართული ოცნების" წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ეს არის სიტყვა-სიტყვითი თარგმანი ამერიკული კანონისა. აქ უნდა გავითვალისწინოთ, როგორია ამერიკის სამართლებრივი სისტემა და როგორია საქართველოსი - განსხვავებულია.მეორე - როგორი დემოკრატიის ხარისხია აშშ-ში და როგორი საქართველოში. მესამე - რამდენად დამოუკიდებელია აშშ-ში სასამართლო სისტემა პოლიტიკური ხელისუფლებისგან და რამდენად საქართველოში?"
რა წერია დასკვნაში?
დასკვნაში საუბარია უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონზე, გრანტების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებზე, მაუწყებლობის შესახებ კანონზე და პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანულ კანონზე.
ქართულ ფარა-ზე კომისია უთითებს, რომ სიცხადისა და სიზუსტის ნაკლებობა ძირს უთხრის განჭვრეტადობას და სამართლებრივ გარკვევადობას, და რომ კანონი მისი განურჩევლად გამოყენების საშუალებას იძლევა. შესაბამისად, კომისია მის გაუქმებას გვირჩევს.
რაც შეეხება გრანტების კანონს, მისი შესწორებები ითვალისწინებს უცხოური გრანტებისთვის მთავრობის წინასწარი თანხმობის შესახებ ზოგად მოთხოვნას, თუმცა მას არ გააჩნია აუცილებლობისა და პროპორციულობის თვალსაზრისით დადასტურებული გამართლება.
„ამ ნაკლოვანებების გათვალისწინებით, რეკომენდებულია შესწორებების გაუქმება., - ნათქვამია კომისიის მოსაზრებაში.
რაც შეეხება „მაუწყებლობის შესახებ" კანონს, ვენეციის კომისიის თანახმად, "ის ძირს უთხრის მედია პლურალიზმს და არ აკმაყოფილებს აუცილებლობისა და პროპორციულობის სტანდარტებს. ამიტომ, რეკომენდებულია აკრძალვის გაუქმება."
„რაც შეეხება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" ორგანულ კანონს, "ცვლილებები სრულად უკრძალავს პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ იურიდიული პირებისგან ან ასოციაციებისგან უფასო ლექციების ან სემინარების მიღებას."
„კომისია სინანულს გამოთქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ ისურვა ჩართულობა ამ დასკვნის მომზადებაში და კვლავ მზადაა, საკითხი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განიხილოს."
პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ობიექტური დასკვნა?
„ნაციონალური მოძრაობის" წევრებისთვის ვენეციის კომისიის დასკვნა მოულოდნელი არ აღმოჩნდა. მათი შეფასებით, აღნიშნულ კანონებზე კომისიას სხვა დასკვნის დადება უბრალოდ ვერ შეეძლო.
„ამ 4 კანონს შეიძლება ვუწოდოთ დიქტატურის 4 კანონი. მათი მიზანი არის არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების და კრიტიკული მედიასაშუალებების აკრძალვა და განადგურება საქართველოში. შეუძლებელია ვენეციის კომისიას ამ კანონებთან მიმართებით სხვანაირი დასკვნა დაედო. შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერი დასავლური ინსტიტუციის აზრი იქნება ერთი - თუ ქვეყანას დემოკრატიული მომავალი უწერია, ასეთი კანონპროექტები ამ ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს." - განაცხადა „ნაცმოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ფავლენიშვილმა.
ხატია დეკანოიძის თქმით კი, „ქართული ოცნება" აპირებს, მიიღოს კანონები, რომელიც „რუსეთშიც არ ყოფილა".„რუსეთშიც არ ყოფილა ასეთი კანონმდებლობა, როდესაც ადამიანებს ეკრძალებათ პოლიტიკური საქმიანობა, პრაქტიკულად „დაქენსელებულები" ხდებიან რეჟიმის მიერ. არ არსებობს ძალა, რომელიც ჩვენ გაგვაჩუმებს. „- განაცხადა ენმ-დან ხატია დეკანოიძემ.
რაცშეეხება მმართველი გუნდის შეფასებებს, „ოცნებაში" აღნიშნავენ, რომ ვენეციის კომისია უკანასკნელი წლების განმავლობაში არა სამართლებრივ, არამედ პოლიტიკურ დასკვნებს აქვეყნებს.
„ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ, სამწუხაროდ, ვენეციის კომისიამ აბსოლუტურად შეცვალა საკუთარი პრაქტიკა უკვე რამდენიმე წელია. მანამდე ვენეციის კომისიას ჰქონდა მკაფიოდ სამართლებრივი დასკვნები და ჩვენ უკვე რამდენიმე წელია ვხედავთ, რომ ეს არის პოლიტიკური დასკვნები და პოლიტიკური ანგარიში. ეს დასკვნა და ეს ანგარიში არის ყველაზე კარგი მაგალითი, რომ ვენეციის კომისია იქცა პოლიტიკური დასკვნების შემდგენლად და არა სამართლებრივი დასკვნების შემდგენლად. მაგალითად, როცა საუბრობენ FARA-ზე, რომელიც მოქმედებს ამერიკაში, იმასაც ვერ ბედავენ თქვან, რომ ის კანონის უზენაესობას ეწინააღმდეგებაო. ამერიკას ვერ უბედავს ვენეცია."-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
კომისიის დასკვნას თბილისის მერი კახა კალაძეც გამოეხმაურა-„ევროპულ ქვეყნებშიც, ამერიკაშიც აღნიშნული კანონი დიდი ხანია მუშაობს, მაგრამ საქართველოსთვის ეს არ შეიძლება. არ შეიძლება იმიტომ, რომ ისინი ვინც აფინანსებენ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებებს არ აქვთ სურვილი, რომ ამ ტიპის კანონები იქნეს მიღებული,"-განაცხადა კახა კალაძემ