
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე 4 ოქტომბრის მოვლენებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აქციის ორგანიზატორების გეგმა, გამოეწვიათ არეულობა, ჩავარდა. მან ეუთოს თავმჯდომარე მკვეთრად გააკრიტიკა და ახალ რეგულაციებზეც გაამახვილა ყურადღება.
პაპუაშვილის თქმით, ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ დაგვანახა, რომ მისთვის არაფერს ნიშნავს ქართული სახელმწიფო, 39-წამიან ვიდეოს ანაცვალა საკუთარი რეპუტაცია.
„კანონსაწინააღმდეგო შეკრებაში მონაწილეობით, ფაქტობრივად დაგვანახა, რომ არაფერს ნიშნავსქართული სახელმწიფო, არაფერს ნიშნავს მერაბკოსტავას მიერ გავლილი გზა ჩვენიდამოუკიდებლობისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი კანონებისთვის. ყველაფერი ეს ნულიაფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თვალში დაჩვენც მისთვის არაფერს ვნიშნავთ. 39-წამიან ვიდეოსანაცვალა საკუთარი რეპუტაცია, როგორც ეუთო-სმოქმედმა თავმჯდომარემ", - განაცხადა შალვაპაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილმა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით განაცხადა, რომ გეგმა იყო მასობრივი ქაოსის და არეულობის მოწყობა, ის, რაც მოხდა ნეპალში.
„დღეს ვხედავთ უკვე ჩირგვებში შემალულ რადიკალებს, ყველა ემიჯნება - არ ვიცოდი, არ მეგონა, უი, ეს რა დაგვემართა, გეგმა არ გამაცნეს, გეგმის პირველი გვერდი წავიკითხე, მეორეზე ვეღარ გადავედი, ვერ მოვასწარი, გეგმა არ არსებობდა და ა.შ. სინამდვილეში, იყო ძალიან გამართული გეგმა და აბსოლუტურად ცივსისხლიანად დაგეგმილი სახელმწიფო გადატრიალება. შემთხვევით არ იყო გამოყენებული სიტყვა ნეპალი და შემთხვევით არ იყო აწყობილი პროპაგანდა ნეპალთან დაკავშირებით. გეგმა არსებობდა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით. გეგმა იყო მასობრივი ქაოსის და არეულობის მოწყობა, ის, რაც მოხდა ნეპალში და ამ ამღვრეულ წყალში შემდეგ ძალაუფლების თევზის დაჭერა. გეგმა არ იყო რაღაც ნახაზების გაკეთება, გადმობირება რაღაც ჯგუფების, ბატალიონების და ა.შ. ვინაიდან ასეთი გეგმები ადვილად იშიფრება და პრევენციაც ხდება. გეგმა აწყობილი იყო სწორედ იმაზე, რომ უნდა ყოფილიყო ქაოსი, მასობრივი არეულობა, რომლის წინასწარი, ასე ვთქვათ, ტალღების განჭვრეტა რთულია, ორგანიზატორისთვისაც და, რა თქმა უნდა, სახელმწიფოსთვისაც, გეგმა იყო, ამ ამღვრეულ წყალში შემდეგ დაეჭირათ თავისი ძალაუფლების თევზი. ჩვენ ვნახეთ, რომ ეს გეგმა იყო აბსოლუტურად სინქრონიზებული უცხოელებთან და მათგან ორგანიზებული",- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, პაპუაშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებით ცვილებებზე დაუსვეს კითხვა.
„არანაირი რეგულაცია არ იცვლება, როგორც აქამდე, ათწლეულები მოქმედებდა წესი, რომ პროტესტი შეგიძლია გამოხატო, სადაც გინდა, ისევე მოქმედებს. როგორც აქამდე მოქმედებდა წესი, რომ პროტესტში მონაწილე ადამიანების რაოდენობიდან გამომდინარე, თუ არ არის საჭირო გზის გადაკეტვა და ადამიანები ეტევიან მოედანზე ან სხვა მიმდებარე ტერიტორიაზე, არ უნდა გადაკეტო გზა. ეს წესი ჩვენთან წლებია, მოქმედებს და ეს წესი მოქმედებს ყველგან სამყაროში. ასე რომ, ამაში სიახლე არაფერი არ არის. სინამდვილეში, რასაც უცხოეთიდან დაქირავებული ორგანიზაციები ამბობენ, არის ის, რომ აქამდე მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, თავი დაეძვრინათ კანონის დარღვევის გამო პასუხისმგებლობისგან. ახლა წუხან, რომ შეიძლება, ისე დაარღვიონ კანონი, რომ თავი ვერ დაიძვრინონ პასუხისმგებლობისგან. ასე არ არის აწყობილი სამართლებრივი სახელმწიფო. სამართლებრივი სახელმწიფო და ქართველი ხალხის ნება, რომელიც გამოხატულია ამ კანონებში, გულისხმობს, რომ კანონს ვინც დაარღვევს, შესაბამისი სანქცია უნდა დაეკისროს. ისეთი უნდა იყოს სანქცია, რომ პრევენციული ფუნქცია ჰქონდეს. ანუ ადამიანს არ უღირდეს მისი დარღვევა. ვნახეთ, რომ შექმნეს შესაბამისი ყულაბები, რომლითაც წინმსწრებით აფინანსებენ კანონდარღვევას, გამოწერილი აქვთ, ასე ვთქვათ, თავისუფალი თუ ღია ჩეკი ადამიანებისთვის, რომ მიდი, დაარღვიე, 20-მა კაცმა გადაკეტე რუსთაველის გამზირი, პრობლემა შეუქმენი მილიონნახევრიან ქალაქს და ყველაფერი გადახდილია. ყველაფერი გადახდილიაზე რომ იყვნენ, ამის გამო იყვნენ პასუხისმგებლობის მიღმა. შესაბამისად, მიზანი არის, რომ ყველა დაბრუნდეს კანონმდებლობის ჩარჩოში", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.