რეზონანსი
16.10.2025

ვენეციის კომისიის ანგარიში არის ყველაზე კარგი მაგალითი, რომ კომისია იქცა პოლიტიკური დასკვნების შემდგენილად და არა სამართლებრივი დასკვნებისა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

შარმანაშვილი გამოეხმაურა ვენეციის კომისიის მიერ უცხოელი აგენტების რეგისტრაციისა და გრანტების შესახებ კანონებთან დაკავშირებით მოსაზრების გამოქვეყნებას.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი დიდი ხანია, საუბრობს, რომ სამწუხაროდ, ვენეციის კომისიამ უკვე რამდენიმე წელია, აბსოლუტურად შეცვალა საკუთარი პრაქტიკა.

„მანამდე ვენეციის კომისიას ჰქონდა მკაფიოდ სამართლებრივი დასკვნები და ჩვენ უკვე რამდენიმე წელია, ვხედავთ, რომ ეს არის პოლიტიკური დასკვნები, პოლიტიკური ანგარიში. ეს ანგარიში არის ყველაზე კარგი მაგალითი, რომ ვენეციის კომისია იქცა პოლიტიკური დასკვნების შემდგენილად და არა სამართლებრივი დასკვნებისა. მაგალითად, როცა საუბრობენ „ფარაზე“, რომელიც მოქმედებს ამერიკაში, იმასაც ვერ ბედავენ, თქვან, რომ ამერიკაში რომ მოქმედებს, კანონის უზენაესობას ეწინააღმდეგებაო. ამერიკას ვერ უბედავს ვენეცია, მაგრამ ამბობენ, რომ იქ კი არის, მაგრამ საქართველოში რომ მოქმედებს, იმაზე ვამბობთო. იმდენი სითამამე მაინც ეყოთ, თქვან, რომ ამერიკაში რაც მოქმედებს, ის ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ნებისმიერი იურისტისთვის ცალსახაა, რომ ეს არის პოლიტიკური დასკვნა და არანაირი კავშირი არ აქვს იმ ძირეულ ამოცანასთან, რომელიც ვენეციის კომისიას ჰქონდა სამართლებრივ დასკვნებთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება სტიგმატიზებას, სტიგმატიზება რაში მდგომარეობს? თუ ამერიკაში არ სტიგმატიზდება, როგორ შეიძლება, ის სტიგმატიზდეს საქართველოში? რამე სხვადასხვა ჯიშის ხალხი ვართ ამერიკასა და საქართველოში, თუ რა ხდება? აბსურდია აბსოლუტურად ეს დასკვნა, რომ ის, რაც ამერიკაში მისაღებია, არ არის ქართველებისთვის მისაღები. თუ ასე სეგრეგაციულად უნდა შემოგხედოს ვენეციის კომისიამ, ეს კიდევ ცალკე საკითხია“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×