
რუსეთის ვიცე-პრემიერი, ალექსანდრ ნოვაკი უარყოფს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბენზინის დეფიციტი მიანიშნებს, რომ რუსეთის ეკონომიკა კოლაფსს უახლოვდება. ნოვაკის მტკიცებით, რუსეთში ბენზინის შიდა ბაზარზე სტაბილური მიწოდებაა.
„ჩვენ გვაქვს შიდა ბაზრის სტაბილური მიწოდება, ამ მხრივ პრობლემებს ვერ ვხედავთ. ბალანსი წარმოებასა და მოხმარებას შორის შენარჩუნებულია და ჩვენი, მთავრობისა და შესაბამისი სამინისტროების მხრიდან, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ასე დარჩეს", - აღნიშნა რუსეთის ვიცე-პრემიერმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ბენზინის დეფიციტმა აჩვენა, რომ რუსეთის ეკონომიკა კოლაფსის პირასაა.
პოლოტოლოგი, პეტრე მამრაძე ამბობს, რომ რუსეთში ეკონომიკის მხრივ პრობლემები მართლაც არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, კოლაფსი მოხდება.
„თუ დავუჯერებთ ექსპერტებს, მათ შორის რუსებს, პრობლემები მართლაც გაჩნდა. პრობლემები მას შემდეგ გაჩნდა, რაც უკრაინული დარტყმების შედეგად განადგურდა რუსეთის ნავთობგადამუშავების ინფრასტრუქტურის ნაწილი, ზოგი ამბობს 30%-ზე მეტი. ეს ძალიან დიდი მაჩვენებელია.
აღსანიშნავია ისიც, რომ მათ შორის განადგურდა ნავთობგადამუშავების ისეთი პუნქტები, რომლებიც დაშორებულია უკრაინის საზღვრებს 1600 კილომეტრით. სწორედ ამას უკავშირებენ იმას, რომ რუსეთში დიდი რიგები გაჩნდა.
ამის მიუხედავად, მოგეხსენებათ რუსეთში ხალხის მოთმინების უნარი რამდენად დიდია. ასე რომ, ეს არ ნიშნავს, რომ მაინც და მაინც რაღაც კოლაფსი მოხდება უახლოეს მომავალში",- განაცხადა პეტრე მამრაძემ „რეზონანსთან".
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი, ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ რუსეთში კრიზისი ნამდვილად არის.
„სხვადასხვა ვიდეო კადრები ადასტურებს, რომ რუსეთში ბენზინგასამართ სადგურებთან ძალიან დიდი რიგებია, რადგან სხვადასხვა მონაცემების მიხედვით, უკრაინამ გაანადგურა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების დაახლოებით 30%. ფაქტია, რომ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებს ძალიან დიდი ზიანი მიადგა.
სოციალურ ქსელებში მუდმივად ვრცელდება კადრები, თუ როგორ ფეთქდება საწარმოები. ამას ემატება ის, რომ რუსები აპირებს სხვა ქვეყნებიდან განახორციელოს ნავთოპროდუქტების იმპორტი. ეს იმ პირობებში, როცა რუსეთი თავად მოიპოვებს ნავთობს და ამუშავებს. რა თქმა უნდა, რუსეთს არ უნდა შეიმჩნიოს, რომ კრიზისი არის, მაგრამ შესაძლოა კიდევ უფრო გაღრმავდეს",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".