
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, ევროპა რუსეთის მხრიდან რეგიონის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმებისთვის მზად უნდა იყოს. სიკორსკიმ ევროპულ ქვეყნებს მოუწოდა, შეინარჩუნონ კურსი უკრაინის მხარდაჭერის საკითხში და იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ Tomahawk-ის რაკეტებს გადასცემს რუსეთის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების გასაძლიერებლად.
„დრონების კედლის" ინიციატივის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, სიკორსკიმ აღნიშნა რომ რუსეთს, სამწუხაროდ, შეუძლია „ევროპაში ღრმად შეაღწიოს". „მზად უნდა ვიყოთ ამის წინააღმდეგ საბრძოლველად და ამიტომ ვფიქრობ, რომ დრონებისა და დრონების საწინააღმდეგო შესაძლებლობების არშექმნა უპასუხისმგებლო იქნება", - აღნიშნა სიკორსკიმ.
მან ევროპას მოუწოდა, რომ უკრაინის მხარდაჭერა კიდევ სამი წლის განმავლობაში დაგეგმოს.
„უკრაინელები ამ ომს სამ წელზე გეგმავენ, რაც გონივრულია. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ პუტინი, რომ მზად ვართ, ეს კურსი სულ მცირე სამი წლის განმავლობაში შევინარჩუნოთ", - აღნიშნა სიკორსკიმ.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია სიკორსკის განცხადებას აფასებს და ამბობს, რომ სავარაუდოდ, რუსეთი ჰიბრიდული ომიდან, სამხედროზე გადადის. როგორც მან აღნიშნა, თავად იყო პოლონეთ-ბელორუსიის საზღვარზე და ნახა იქ არსებული ვითარება.
„მე პირადად ვიყავი ბელორუსიისა და პოლონეთის საზღვარზე, დღეს ჩამოვედი და ვნახე, რომ სიტუაცია მართლაც საგანგაშოა. ფაქტობრივად, რუსეთი პირდაპირ ახორციელებს ჰიბრიდულ ომს პოლონეთისა და ლიტვის წინააღმდეგ. როგორც ჩანს, საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა რუსებმა გამოიყენონ შემტევი დრონები.
ამ ეტაპზე რუსეთმა გამოიყენა სადაზვერვო დრონები, რომლის მეშვეობითაც ისინი ახორციელებდნენ აღმოსავლეთ-ცენტრალური ევროპის, ნატოს წევრი სახელმწიფოების სივრცეების შებღალვას - დანია, პოლონეთი, რუმინეთი, ლიეტუვა და ლატვია. ესტონეთში საერთოდ თანამედროვე ავიაგამანადგურებლებით შეიჭრნენ და ესტონეთის თავზე ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ნებივრობდნენ.
აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, რუსეთი ჰიბრიდული და ფსიქოლოგიური ომიდან, სამხედროზე გადადის. სავარაუდოდ, ამას გულისხმობდა სიკორსკი სამწუხაროდ, ამას მეც ვიზიარებ, რადგან ჩემი თვალით ვნახე. სხვათაშორის, აღნიშნულ საზღვარზე ჩანან რუსი სამხედრო ვაგნერის ჯგუფის წარმომადგენლები და როცა ვცადე მათი გადაღება, იარაღი მომიშვირეს და ჰაერში გაისროლეს. ჩემს თვალწინ დავაფიქსირე ვაგნერის სამი სამხედრო, რომლებიც საკმაოდ აგრესიულად იყვნენ განწყობილები",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".