მარიამ ვეკუა
15.10.2025

შეცვლილი ტონი და ახალი სტრატეგია - აშშ-ის პრეზიდენტი კრემლის მოქმედებებით აშკარად იმედგაცრუებულია. ამას ტრამპის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებებიც ადასტურებს. თავდაცვის მდივნის თქმით, ტრამპმა მსოფლიოს „ძალის მეშვეობით მშვიდობის" პრინციპის გამოყენება ასწავლა. როგორია ტრამპის ახალი სტრატეგია რუსეთ-უკრაინის ომში და რატომ შეიცვალა პრეზიდენტის დამოკიდებულება ვლადიმირ პუტინისადმი - იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც ერთ დროს მეგობარს უწოდებდა?

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ უკრაინაში „ცეცხლის ძალა" ევროპული ქვეყნების მიერ ამერიკული იარაღის შესყიდვის გზით შემოდის, თუმცა ჯერ კიდევ გაურკვეველია, მოიცავს თუ არა ეს ამერიკული წარმოების „ტომაჰავკის" რაკეტების გადაცემას.

იარაღის შესყიდვები უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სიის ახალი ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობისთვის უკვე ორი მილიარდი დოლარია გათვალისწინებული, ხოლო ოთხშაბათს ნატოს ქვეყნები, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტ რესურსს გამოყოფენ.

არ არის გამორიცხული, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარასკევს თეთრ სახლში ტრამპთან შეხვედრისას ამერიკულ „ტომაჰავკებზე" წვდომა კიდევ ერთხელ საჯაროდ მოითხოვოს, რაც მას საშუალებას მისცემს, რუსეთის სიღრმეში დარტყმები განახორციელოს და პოტენციურად მოსკოვიც მისი მოქმედების რადიუსში მოაქციოს.

ტრამპმა ადრე მიანიშნა, რომ შესაძლოა უკრაინას „ტომაჰავკები"გადასცეს, რადგან ბოლო პერიოდში მისი რიტორიკა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიმართ საგრძნობლად შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ რაკეტები უკრაინის თავდაცვის გაძლიერების ერთ-ერთი მთავარი საკითხია, ეს თემა ოთხშაბათს ბრიუსელში განსახილველ დღის წესრიგში არ შესულა.

ნატოს ქვეყნების დიდი ნაწილი უკრაინისთვის მეტი დრონის მიწოდებას დათანხმდა, დიდი ბრიტანეთი უკრაინას 100 000 დრონის მიწოდებას დაჰპირდა, ხოლო ნიდერლანდები საკუთარი დრონების ასაწყობად 90 მილიონ ევროს (104 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფს

„თუ ნატოს საფრთხე დაემუქრება, ჩვენ ვიმოქმედებთ და მის (პუტინის) ესკალაციას ჩვენი ძალით უნდა შევხვდეთ", - განაცხადა ოთხშაბათს ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ

შეცვლილი რიტორიკა და სტრატეგია?

„ვიმედოვნებთ, რომ ნატო-ს ქვეყნები უკრაინისთვის გადასაცემად აშშ-სგან უფრო მეტ იარაღს შეიძენენ, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„თუ პრეზიდენტ ტრამპის პრეზიდენტობიდან რაიმე ვისწავლეთ, ეს ძალის მეშვეობით მშვიდობის პრინციპის აქტიური გამოყენებაა. მშვიდობა მაშინ მიიღწევა, როდესაც ძლიერი ხარ და არა მაშინ, როდესაც უბრალოდ ხმამაღლა საუბრობ, არამედ მაშინ, როდესაც რეალური შესაძლებლობები გაქვს. სწორედ ამას აკეთებს ნატო და სწორედ ეს არის PURL-ის ინიციატივა", - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

აშშ- სპრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ შეუძლია ქვეყნებზე სამშვიდობო შეთანხმებების მიღწევა, მას შემდეგ, რაც მან ღაზაში ომის დასრულების მიზნით შეთანხმების დადების გამოცდილება მიიღო. ტრამპის მუქარა უკრაინისთვის რაკეტების მიწოდების შესახებ - მიუხედავად იმისა, შეასრულებს თუ არა მათ - პუტინის მიმართ მისი მზარდი იმედგაცრუების ნიშანია, რომელიც უარს ამბობს დათმობაზე ან კომპრომისზე წასვლაზე.

ბოლო დღეებში ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში „ტომაჰავკების" გაგზავნის მუქარამ შესაძლოა პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან მიიყვანოს. მან თქვა, რომ ამ თემაზე რუსეთის პრეზიდენტთან პირდაპირ საუბარს გეგმავს.

„თუ ეს ომი არ შეწყდება ა, შესაძლოა „ტომაჰავკები" გავგზავნო", - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს. „ტომაჰავკი" წარმოუდგენელი იარაღია. რუსეთს ეს არ სჭირდება. თუ ომი არ შეწყდება, შეიძლება ეს გავაკეთოთ. შეიძლება არა."

სამშაბათს აშშ-ს პრეზიდენტმა , რომელიც პუტინს „მეგობარს" უწოდებდა, კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ რუსეთის პრეზიდენტი არასწორი გზით მიდიოდა.

„მან ეს ომი ნამდვილად უნდა დაასრულოს. და იცით, ახლა რუსეთში, ბენზინის მოლოდინში გრძელი რიგებია", - თქვა მან და დასძინა: „მისი ეკონომიკა კოლაფსს განიცდის და მინდა, რომ ის კარგად იყოს. ვგულისხმობ, რომ ვლადიმერ პუტინთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ მას უბრალოდ არ სურს ამ ომის დასრულება და ვფიქრობ, რომ ეს მას ძალიან ცუდად წარმოაჩენს".

კონფრონტაცია დაჩქარდება თუ...

თავდაცვის დეპარტამენტმა ტომაჰავკების გაყიდვის ან გადაცემის გეგმები შეიმუშავა, თუ ტრამპი ამის ბრძანებას გასცემს. თუმცა, იარაღის მიწოდებას უზარმაზარი სირთულეები მოჰყვება, მათ შორის ის ფაქტი, რომ უკრაინას არ გააჩნია რაკეტების გასაშვებად საჭირო საზღვაო ან სახმელეთო გამშვები დანადგარები.

უკრაინას დასჭირდება აშშ-ის არმიის გამშვები დანადგარი სახელწოდებით „ტაიფონი", რომელიც სამხედრო ოფიციალური პირების თქმით, შეერთებულ შტატებს რუსეთთან პირდაპირ კონფრონტაციასთან დააახლოებს. გაურკვეველია, რამდენი ტომაჰავკის მიწოდება შეუძლია შეერთებულ შტატებს.

ასევე არსებობს რეალური შეშფოთება რუსეთთან დაძაბულობის ესკალაციის შესახებ, რასაც ხაზს უსვამს კრემლის ბოლო დროინდელი გაფრთხილებები ვაშინგტონის მიმართ, სადაც პირდაპირ ამბობენ, რომ უკრაინას შორი მოქმედების იარაღი არ გადასცენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×