
საქართველო რუსეთის წინააღმდეგ - ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია. სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და ოკუპანტ ქვეყანას ასეულობით მილიონის გადახდა საქართველოს 29 ათასი დაზარალებული მოქალაქის სასარგებლოდ დააკისრა. საუბარია, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ე.წ. საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მოქალაქეების შევიწროების, გატაცების მკვლელობებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, რომელიც ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის ფონზე მიმდინარეობს.
14 ოქტომბრის გადაწყვეტილება 2024 წლის 9 აპრილს გამოტანილი განაჩენის გაგრძელებაა. გასულ წელს, სტრასბურგმა, 2008 წლის აგვისტოს ომსა და მის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. იუსტიციის სამინისტროში განმარტავენ, რომ საერთაშორისო ინსტანციებში მოგებული პროცესები ქვეყნის დეოკუპაციისა და დევნილების დაბრუნების სამართლებრივ საფუძველს კიდევ უფრო ამყარებს.
სტრასბურგსა და ჰააგაში მოგებული საქმეების მიუხედავად, ხელისუფლების უმოქმედობაზე საუბრობს ოპოზიცია. ამტკიცებენ, რომ ოკუპანტის წინააღმდეგ მიღწეული წარმატების უკან, მხოლოდ სასამართლო ინსტანციებისა და საერთაშორისო საზოგადოების კეთილი ნება დგას.
"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი და მოქმედი წევრებისგან დაუსაბუთებელი კრიტიკა არ უკვირთ მმართველ გუნდში. სახელისუფლებო პარტიის ლიდერების თქმით, 2008 წლის ომის შემდეგ, როგორც ჰააგაში, ისე სტრასბურგში, სააკაშვილის მთავრობამ სახელმწიფოს წარმატების ყველა შანსი გაანადგურა. 2012 წლიდან დღემდე კი, იუსტიციის სამინისტრომ, ეროვნული ინტერესების შესაბამისად, საქართველოს სამართლებრივი პოზიცია მნიშვნელოვნად გაამყარა.
აგვისტოს ომიდან 17 წლის შემდეგ რუსეთის ფედერაციას საქართველოს მოქალაქეებისთვის 253 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, გადაწყვეტილების აღსრულებაზე კი ზედამხედველობას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი აიღებს.