
„ოცნება" აქცია-მანიფესტაციებთან დაკავშირებულ კანონებს ამკაცრებს და ახლა უკვე დადგენილი წესების დარღვევა სისხლის სამართლის წესითაც იქნება დასჯადი. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ დაგეგმილი ცვლილებები აქციის მონაწილეებში შიშის დანერგვას და პროტესტის ჩახშობას ისახავს მიზნად. მმართველ პარტიაში კი პირდაპირ ამბობენ, რომ გამკაცრებული ჯარიმები ბოლომდე ეფექტიანი არ იყო და თუ ადამიანების რაოდენობა არაა საკმარისი ქუჩის გადასაკეტად, ეს აღარ უნდა მოხდეს.
„ჯარიმები ბოლომდე ეფექტიანი არ იყო და სწორედ ამის გათვალისწინებით შედის ცვლილებები როგორც ადმინისტრაციულ, ისე სისხლის სამართლის კანონმდებლობაში, რათა უმცირესობამ არ იძალადოს უდიდეს უმრავლესობაზე - ეს არის დემოკრატიის პრინციპის გამოხატულება", - განაცხადა ამ თემაზე საუბრისას პრემიერმა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, კანონმდებლობის მიხედვით, „თუ ადამიანების რაოდენობა არაა საკმარისი ქუჩის გადასაკეტად, პატივი უნდა სცენ საზოგადოების სხვა წევრებს და არ უნდა გადაკეტონ ქუჩა".
ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძე აცხადებს, რომ „ამ ადამიანებს ვერ შეაშინებთ სისხლის სამართლის კოდექსით".
საკანონმდებლო ცვლილებებზე კანონპროექტი პარლამენტში უკვე დაინიცირებულია, დაჩაქრებული წესით მუშაობა კი ოთხშაბათიდან იწყება. პარლამენტის ბიურომ მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგი და განსახილველი საკითხები განსაზღვრა, პლენარული სხდომები 15 და 16 ოქტომბერს გაიმართება.
ანალიტიკოსთა ნაწილი ამბობს, რომ შეკრებაზე წესების გამკაცრება „თავად სიტუაციამ მოითხოვა". ნაწილი კი მიიჩნევს, რომ „ოცნება" „სრულფასოვანი ავტორიტარიზმისკენ მიდის".
რა მკაცრდება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსში რიგი ცვლილებები შევა. მათ შორის, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის, ცრემლსადენი ან/და მომწამვლელი ნივთიერების ქონის, გზის გადაკეტვის ან დროებით კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია, ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.
მონაწილეობა იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში, რომელიც, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით, შეწყვეტას ექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.
ასევე 60 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება პირს, რომელიც შეკრებისას იქონიებს იარაღს, პიროტექნიკას ან ისეთ საგანს, რომელიც გამოიყენება სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მისაყენებლად.
ამგვარი აკრძალული ქმედებები განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ერთ წლამდე ვადით, ხოლო მესამე და ყოველი შემდეგი იგივე კანონსაწინააღმდეგო ქმედება - ორ წლამდე ვადით.
ასევე, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი მუხლი, რომლითაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ პირს, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს მესამედ მიაყენებს შეურაცხყოფას, ან არ დაემორჩილება მის კანონიერ განკარგულებას.
რატომ მკაცრდება
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ კანონის გამკაცრება თავად შექმნილმა სიტუაციამ მოითხოვა.
„ახალი კანონების მიღება და არსებულ კანონებში შესწორებების შეტანა მაშინ ხდება, როდესაც ამას ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია ითხოვს. რომ არ ყოფილიყო ის 300-დღიანი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვები ძალიან მცირერიცხიოვანი ჯგუფის მიერ, რაც კანონით ისედაც აკრძალულია, მაშინ მკაცრი შესწორებების მიღების აუცილებლობა არ დადგებოდა.
„ვფიქრობ, ეს პრემიერის დაპირების შესრულებაა. მან თქვა, რომ ვეღარ შევეგუებით რამდენიმე ათეულმა ადამიანმა 4 მილიონ მოსახლეობაზე იძალადოსო. ეს მოქალაქეების ნაწილს დისკომფორტს უქმნის. ამასთან, ამით ეს ჯგუფები და მათ უკან მდგომი ძალები პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას ცდილობენ.
„ერთადერთი, რითიც ისინი დასავლეთს საკუთარ არსებობას ახსენებენ, სწორედ 320-დღიანი უწყვეტი პროტესტია, რომელიც ინტენსიურად შუქდება ოპოზიციურ მედიებში, როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის გარეთ და იქაც ისეთი აღქმები ექმნებათ, რომ თითქოს ეს მასობრივი სახალხო პროტესტია. არადა სინამდვილეში ასე არაა.
„ე.წ. მდოდარი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საკუთარ მისიას ივიწყებენ და თავით ფეხებამდე პოლიტიკაში არიან გადაშვებული, აცხადებენ, რომ თურმე ეს შეკრების და მანიფესტაციების თავისუფლებას კრძალავს. დავუსვამ კითხვას - რატომაა აუცილებელი აზრის გამოხატვა მაინცდამაინც ტრანსპორტის სავალ გზაზე და რატომ არ შეიძლება ეს ტროტუარზე? მით უმეტეს, როცა მონაწილეების საკმარისი რაოდენობა არ გყავს.
„ბევრი მონაწილე რომ იყოს, ქუჩის გადაკეტვის საშუალებასაც მოსცემდნენ და არავინ ხელს არ შეუშლიდა, როგორც აქამდე, მაგრამ ამ შემთხვევაში დისკომფორტის შექმნელი და კონკრეტული პოლიტიკური მიზნებით დატვირთული ქმედებაა. ხელისუფლებამ, რომელიც აქამდე ამას ტოლერანტულად უყურებდა, გადაწყვიტა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. თვითონ „ოცნების" მომხრეების დიდი რაოდენობაც მოითხოვდა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას. მათ საკუთარი ამომრჩევლის აზრიც ჰქონდათ გასათვალისწინებელი", - განაცხადა ანჯაფარიძემ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ოცნება" სრულფასოვანი ავტორიტარიზმისკენ მიდის.
„ოცნება" სრულფასოვანი ავტორიტარიზმისკენ მიდის და ავტორიტარიზმი იმასაც ნიშნავს, რომ ქუჩაში მანიფესტაციაც აღარ იქნას. დასჯადი იქნება ყველაფერი ის, რაც პირდაპირ დაკავშორებულია დემოკრატიასთან და ადამიანის უფლებებთან. რეჟიმი კანონებს იმისთვის ამკაცრებს, რომ საბოლოო ჯამში აღარავის მოუნდეს ქუჩაში გასვლა და პროტესტის გამოცხადება", - განაცხადა ძაბირაძემ.
რას გამოიწვევს
ზაალ ანჯაფარიძე ორ სცენარს ელოდება:
„ორი ვარიანტია - კანონს დაემორჩილონ და პროტესტი საფეხმავლო ადგილას გამოხატონ, რაც ნაკლებად მოსალოდნელია; და მეორე - გამწვავებაზე წავიდნენ. შეიძლება უფრო მეტი გამოვიდეს ხელისუფლებისთვის სამაგიეროს გადასახდელად, ან ძალის საჩვენებლად და შეხლა-შემოხლა და ექსცესები მოჰყვეს. უფრო ამ სცენარს ველოდები.
„აქციის მონაწილეები არ არიან მარტო, მათ უკან ისინი არიან, ვინც კოორდინაციას უწევს, აფინანსებს, მითითებებს გასცემს. ამასთან, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ დასავლეთიდან ცნობილი პიროვნებები ამაზე ხმაურს ატეხენ აქედან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. ვისურვებდი გამოქვეყნებულიყო ინფორმაცია ევროპაში ეს საკითხი როგორაა დარეგულირებიული, იქაც აძლევენ 40-50 კაცს ცენტრალური გამზირის ყოველდღე გადაკეტვის უფლებას?" - განაცხადა ანჯაფარიძემ.
ვახტანგ ძაბირაძე გვეუბნება, რომ კანონების გამკაცრებამ შესაძლოა უკუშდეგი გამოიღოს „ოცნებისთვის".
„არ მგონია, რომ ამან ვინმე შეაჩეროს. ეს „ოცნების" მხრიდან პირველი მცდელობა არაა. ამასთამავე ადრეც - კომუნისტები, მერე გამსახურდია და შემდგომი ხელისუფლებებიც ეცადნენ რაღაც მსგავსი მანიპულაციებით პროტესტი ჩაეხშოთ, მაგრამ, როგორც წესი, აქამდე არ იმუშავა ამან და არც ახლა მგონია, რომ იმუშაოს და რაიმე ქმედითი შედეგი მოუტანოს „ოცნებას". ვისაც გასაპროტესტებელი აქვს, მაინც გააპროტესტებს.
„თუ „ქართული ოცნება" ამ დაპატიმრებებს დაიწყებს, ეს საპროტესტო მუხტს კი არ შეამცირებს, უფრო გაზრდის და უფრო უკუშედეგს გამოიღებს, ვიდრე ხელისუფლებისთვისაა სასურველი", - განაცხადა ძაბირაძემ.