
ხელისუფლება არა მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური პარტიების აკრძალვას გეგმავს, არამედ პოლიტიკური საქმიანობა ასევე აეკრძალება ამ პარტიების ყოფილ და მოქმედ წევრებს, რომლებიც ამ პარტიების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში იყვნენ ჩართული. ამის შესახებ მცხეთაში სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე მყოფმა ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა განაცხადეს. მათი ცნობით, მზადდება შესაბამისი სია, სადაც რამდენიმე ასეული ადამიანი იქნება შეყვანილი.
ამის გამო მმართველი პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებებს ამზადებს, რომლებიც კონსტიტუციის პრინციპების დამრღვევ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ პირებს პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას აუკრძალავს.
ცვლილებებზე მუშაობა, სავარაუდოდ, უკვე ოთხშაბათს დაიწყება. უკვე გაიმართა პარლამენტის ბიუროს სხდომა, სადაც შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები ოფიციალურად დარეგისტრირდა. პარლამენტის პლენარული სხდომა კი 15 და 16 ოქტომბერსაა დაგეგმილი.
როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, ასაკრძალი პარტიებისა და პოლიტიკოსების სია მას შემდეგ გახდება საჯარო, როცა შესაბამისი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შევა.
ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე ახსნა, რას გულისხმობს ახალი ცვლილებები:
„ისინი ვეღარ იყრიან კენჭს საპარლამენტო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში; ვერ დაიკავებენ უმაღლეს თანამდებობას, იქნება ეს სახელმწიფო თუ პოლიტიკური; ვერ გახდებიან კონსტიტუციით გათვალისწინებული ორგანოს ხელმძღვანელები. ამგვარი პირები არა მხოლოდ ქვეყნის მართვაში ვერ მიიღებენ მონაწილეობას, არამედ ჩამოშორდებიან პარტიულ საქმიანობასაც. მათ აეკრძალებათ ნებისმიერი პარტიის წევრობა, შიდა პარტიულ სტრუქტურებში ნებისმიერი თანამდებობის დაკავება და დაუშვებელი იქნება ასეთი პირების მიერ ახალი პარტიის შექმნა. კონსტიტუციის დაცვით მოქმედ პარტიებს მოუწევთ თავი შეიკავონ ამგვარ პირებთან რაიმე პოლიტიკურ-სამართლებრივ ურთიერთობაში შესვლისგან. მოქმედმა პარტიებმა არ უნდა გააწევრიანონ პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორებული პირები მათ რიგებში და არ უნდა წარადგინონ ისინი პარტიულ სიებში; წინააღმდეგ შემთხვევაში მათი რეგისტრაციის გაუქმების საკითხიც დადგება. ასევე პარტიები ამგვარი პირებისგან ვერ მიიღებენ შემოწირულებებს".
„იქნება რამდენიმე ასეული ადამიანი"
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მზადდება სარჩელი, რომელშიც ასაკრძალი პარტიების ჩამონათვალთან ერთად, ამ პარტიების რამდენიმე ასეული წევრის სახელი და გვარი იქნება.
„რა თქმა უნდა, აქ ყველა პარტიის წევრი არ იგულისხმება. „ნაციონალურ მოძრაობას" არ ვიცი რამდენი წევრი ჰყავს, მაგრამ ვგულისხმობთ, რომ რამდენიმე ასეული წევრი იქნება. აქ მნიშვნელოვანია, რომ იყვნენ ადამიანები, რომელთაც გადამწყვეტი გავლენა ჰქონდათ, ან აქვთ დღესაც კონკრეტული პარტიის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე და საქმიანობაზე.
„ჩვენ სასარჩელო მოთხოვნა პოლიტიკურ აკრძალვასთან დაკავშირებით მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებით არ იქნება. „ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთი წევრი - გუშინწინდელი - დღეს სხვა პარტიაშია, მაგრამ გუშინწინდელი დანაშაულის გამო, მას პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა მოეთხოვოს. ჩვენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" არ ვგულსიხმობთ, ჩვენ ვგულისხმობთ ჩვენს სასარჩელო მოთხოვნაში, ვინც არიან მათი ფიზიკური დანაყოფები, ნაწილი, თუ ქოლგის ქვეშ მყოფი და ა.შ. თუ კონკრეტულად რომელი პარტიები იქნება სასარჩელო მოთხოვნაში, ნახავთ", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
„ნაბიჯი ავტორიტარიზმისკენ"
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორის, ნიკა ჩიტაძის, აზრით, ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ავტორიტარიზმისკენ გადადგმული ნაბიჯია.
„ეს არის ავტორიტარიზმისკენ გადადგმული ნაბიჯი. თითქოს საქართველოს წინა ხელისუფლების ქმედებამ გამოიწვია, რომ რუსეთმა მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. აქ საუბარი არაა მარტო „ნაცმოძრაობაზე", საუბარია მასთან ასოცირებულ პარტიებზე. „ოცნებას" სურს აკრძალოს პროდასავლური პარტიების საქმიანობა, რაც, ერთის მხრივ, ბოლშევიკური, ხოლო მეორეს მხრივ, ნაცისტური მეთოდია. როცა რუსეთში მოხდა ბოლშევიკური გადატრიალება, პირველი დეკრეტი, რაც ლენინმა გამოსცა, ეს იყო დეკრეტი საბჭოთა რუსეთში პოლიტიკურ პარტიების საქმიანობის დროებითი აკრძალვის შესახებ", -განაცხადა ჩიტაძემ.
განსხვავებულად ფიქრობს, ანალიტიკოსი გია აბაშიძე. მისი აზრით, მმართველი გუნდის ახალი ინიციატივა ოდნავ დაგვიანებულიც კია.
„მე ვიტყოდი, რომ, საზოგადოების დაკვეთიდან გამომდინარე, ეს ინიციატივა ოდნავ დაგვიანებულია, მაგრამ დროულია. საუბარი იმაზე, რომ ეს არის ავტორიტარიზმისკენ გადადგმული ნაბიჯია, წმინდა წყლის სპეკულაციაა. ეს დაახლოებით მაგონებს იმ უადგილო სიმულაციებს, რაც იყო თავის დროზე გამჭვირვალობის კანონის დროს - რომ თურმე ეს იყო რუსული, როცა მსგავსი კანონმდებლობა ამერიკაში რამდენიმე ათწლეულია არის", - განაცხადა აბაშიძემ.
რა პროცესი დაიწყება „ასაკრძალ" პარტიებში
ნიკა ჩიტაძე ვარაუდობს, რომ იმ პარტიებში, რომლებიც მმართველი პარტიის საკონსტიტუციო სარჩელშ მოხვდებიან, წევრების მასობრივი გადინების პროცესი არ დაიწყება.
„მგონია, რომ პარტიის წევრები პარტიებს არ დატოვებენ. მაგალითად, ნაციონალურ მოძრაობაში დარჩენილი ადამიანები, ჩემი აზრით, ერთგულები არიან. ამიტომაც არ ვფიქრობ, რომ შეიძლება პარტია დატოვონ. ვინც გასასვლელი იყო, უკვე გავიდა, ამიტომ პარტიის მასობრივად დატოვების პროცესი, ჩემი აზრით, არ იქნება", - განაცხადა ჩიტაძემ.
გია აბაშიძე კი ამბობს, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც „ნაცრეჟიმის" ხელისუფლებასთან კავშირი არ ჰქონიათ, სანერვიულოც არაფერი აქვთ.
„მემგონი უადგილოა პანიკის თესვა იმ ადამიანების მხრიდან, რომელთაც არანაირი შეხება ჰქონიათ „ნაცრეჟიმის" ხელისუფლებასთან, არცერთ თანამდებობაზე ან სტრუქტურაში; ან შემდეგ ვინც გაწევრიანდა „ნაცმოძრაობასა" და სატელიტებში (თუ, რა თქმა უნდა, ეს სატელიტებიც აიკრძალებიან). საქართველოში 200-ზე მეტი პარტიაა. ახალი პარტია რომ დააფუძნოს იმ ადამიანმა, რომელსაც აქვს მკვეთრად ოპოზიციური პოლიტიკური მრწამსი და შეხება არ ჰქონია სააკაშვილის რეჟიმის ხელმძღვანელობასთან, რა პრობლემაა მისთვის შემდგომი პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელება?" - განაცხადა აბაშიძემ.
რა შეიცვლება პოლიტკურ ველზე
როგორც პროფესორი ნიკა ჩიტაძე ამბობს, „ოცნებას" ეს გადაწყვეტილება პრაქტიკულად ოპოზიციის აკრძალვას ნიშნავს, რადგან პოლიტიკურ ველზე დარჩენილ პარტიებს მხოლოდ ფორმალურად ექნებათ ოპოზიციურის სტატუსი.
„აქ იქნება რამდენიმე პარტია, რომელიც ფორმალურად იარსებებს. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები იქნებიან რეგისტრირებული იმისთვის, რომ „ოცნებამ" განაცხადოს - საქართველოში არსებობს მრავალპარტიული სისტემა და ყველა პარტიას აქვს უფლება მონაწილეობის მიღების პოლიტიკურ პროცესში, გარდა იმ პარტიებისა, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალებაში არიან შემჩნეულნი, ან ქვეყნის ღალატში. ასე რომ, პარტიები ფორმალურად იარსებებენ", -განაცხადა ჩიტაძემ.
გია აბაშიძე კი მიიჩნევს, რომ ამით პოლიტიკური ველი გაჯანსაღდება და გამოჩნდებიან ახალი პარტიები.
„პოლიტიკური ველი დიდი ხანია გასაჯანსაღებელია და როცა დომინანტი „ნაცმოძრაობა" მოსცილდება თავის საქმიანობასა და მედია სივრცეს, იქ, რასაკვირველია, გაჩნდებიან მემარჯვენე და მემარცხენე მოაზროვნე აქტიური მოქალაქეები, რომლებიც შექმნიან პარტიებსა და დაჯგუფებებს და ეს კარგია. ასე რომ, აქ დრამატული არაფერი არ არის. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არანაირად არ შეიზღუდება, თუმცა „ნაცრეჟიმის" მსახურთა საქმიანობა ნამდვილად შეიზღუდება", - განაცხადა აბაშიძემ.