
2025 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, 11%-ით გაიზარდა იმ პირების რაოდენობა, რომელთა თვიური ხელფასიც 100 ლარის ფარგლებში იყო. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, აგვისტოში 100 ლარამდე ხელფასი 10 815 ადამიანს ჰქონდა, ივლისში კი მათი რიცხვი 9 711-ს შეადგენდა.
ამასთან, მონაცემები აჩვენებს, რომ აგვისტოში, ივლისთან შედარებით 17%-ით შემცირდა 100 ათას ლარზე მეტი მოცულობის ხელფასის მიმღებთა რიცხვი. უფრო დეტალურად, ივლისში 100 ათას ლარზე მეტი ხელფასი 330-ს ჰქონდა, აგვისტოში კი რაოდენობა 273 პირამდე შემცირდა.
ამასთანავე, აგვისტოში 100-დან ათას ლარამდე ყოველთვიური ხელფასი 235 487 პირს ჰქონდა, რაც ივლისთან შედარებით მცირედით, 1.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. კერძოდ, ივლისში ამ კატეგორიის ხელფასი 231 635 ადამიანს ჰქონდა.
გარდა ამისა, 8.4%-ით არის შემცირებული იმ პირების რაოდენობა, რომელთა ხელფასიც თვეში 1000-ლარიდან 9600-ლარამდე იყო. მაგალითად, ივლისში აღნიშნული მოცულობის ხელფასი 729 479 დასაქმებულს ჰქონდა, აგვისტოში კი რაოდენობა 667 988-მდე შემცირდა.
9.4%-იან კლებას აჩვენებს იმ დასაქმებულების რაოდენობაც, რომლებიც თვეში 9600-ლარიდან 100 ათას ლარამდე ხელფასს იღებდნენ. უფრო კონკრეტულად, ივლისში ამ კატეგორიაში დასაქმებულების რაოდენობა 31 241 იყო, აგვისტოში კი 28 297-ს გაუტოლდა.
წყარო: „ბიზნესპრესნიუსი“