
სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში „ჰამასმა" საერთო ჯამში 20 ცოცხალი მძევალი გაათავისუფლა - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ღაზაში რჩება 28 მძევლის ცხედარი და მათი ნაწილის ისრაელში გადასვენება იგეგმება.
ისრაელელი მძევლების დაბრუნება ნამდვილი სიხარულის მომენტია ოჯახებისთვის და შვების მომენტი მთელი მსოფლიოსთვის, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ეს ნიშნავს, რომ შეიძლება ახალი ფურცლის გადაშლა. შეიძლება ახალი თავის დაწყება. ევროპა სრულად უჭერს მხარს შეერთებული შტატების, კატარის, ეგვიპტისა და თურქეთის მიერ შემუშავებულ სამშვიდობო გეგმას", - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.
მისი თქმით, დღეს შარმ ელ-შეიხში ომის დასრულების შეთანხმების დასრულება ისტორიული ეტაპი იქნება.
„მზად ვართ, წვლილი შევიტანოთ მის წარმატებაში ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტით. კერძოდ, მმართველობისა და პალესტინის ხელისუფლების რეფორმის მხარდაჭერის უზრუნველყოფით. ჩვენ ვიქნებით აქტიური ძალა პალესტინის დონორთა ჯგუფში. ასევე, ჩვენ გამოვყოფთ ევროკავშირის დაფინანსებას ღაზას რეკონსტრუქციისთვის", - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
თსუ-ს ასოცირებული პროფესორი და საგარეო ექსპერტი, კორნელი კაკაჩია ფიქრობს, პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარების პროცესი დაწყებულია, რაც იძლევა იმის ფიქრის საშუალებას, რომ პროცესი გაგრძელდება.
„მთავარი არის, რამდენად შეძლებენ მხარეები ამ შეთანხმების დაცვას იმიტომ, რომ წლების განმავლობაში ბევრი მოლაპარაკება ყოფილა, მაგრამ შემდეგ გაჭირვებულა საბოლოო შეთანხმება. ეს იმიტომ, რომ ორივე მხარე თავიანთი საზოგადოებიდან განიცდის ზეწოლებს.
რაც შეეხება პალესტინის აღიარების პროცესის გაგრძელებას, ეს დამოკიდებული იქნება, თუ როგორ წავა შეთანხმების დეტალები და რამდენად სერიოზულად შეხედავს ისრაელი ამ თემას. ასევე იმაზე, თუ რამდენად მიიღებს ისრაელი პალესტინის სახელმწიფოებრიობას და რაც მთავარია, როგორ შეამზადებს საკუთარ მოსახლეობას, რადგან აშკარაა, ამ ეტაპზე ხალხი მზად არ არის და განსხვავებული მოსაზრებებია.
ბუნებრივია, თუ ისრაელის მხრიდან რაღაც კომპრომისები იქნება, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დააჩქარებს პროცესს. თუ ასე არ მოხდება, მაშინ, რაღაცნაირად რეგულარულად სცნობენ ქვეყნები პალესტინის სახელმწიფოებრიობას. თუმცაღა ფაქტია, წამყვანმა ქვეყნებმა დაიწყეს უკვე ეს პროცესი და გამორიცხული არ არის უახლოეს მომავალში გაგრძელდეს",- განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია კი ამბობს: „ტრამპმა კი დაანონსა, რომ ყველაფერი წესრიგშიაო, მაგრამ არამგონია ამან რაღაც შეთანხმება მოიტანოს. მხარეებმა ისე შეტოპეს ერთმანეთთან, რომ საეჭვოა დადებითი შედეგი ჰქონდეს. შეიძლება დროებით შეთანხმდნენ, მაგრამ ხანგრძლივ ვარიანტში, არარეალისტურია".