თამთა ჩაჩანიძე
13.10.2025

13-15 ოქტომბრის სამხრეთ კავკასიის ტურნეს ფარგლებში საქართველოს, სომხეთს და აზერბაიჯანს "ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის" მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი ეწვევა. ის შეხვედრებს გამართავს საქართველოს მთავრობის ოფიციალურ პირებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

"ეტყობა ევროპას და მითუმეტეს ეუთო-ს უნდა, რომ საბოლოოდ საქართველოსთან დიალოგის შანსი არ დაკარგოს",- აცხადებს "რეზონანსთან" ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე.

"საქართველოს ხელისუფლება ცდილობს იმის წარმოჩენას, რომ თითქოს იზოლაციაში არ არიან, თუმცა, ვიზიტი თავისთავად ვითარებას ვერ შეცვლის",- აცხადებს "რეზონანსთან" შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე.

„საქართველოში შეხვედრები ფოკუსირებული იქნება საქართველოს შიდა და გარე გამოწვევებზე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება 2008 წლის ომის შედეგების მოსაგვარებლად ეუთო-ს მიერ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მხარდაჭერის გაგრძელებაზე", - აღნიშნულია ეუთო-ს ინფორმაციაში.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ფინეთი, როგორც ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყანა, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სამოქალაქო სივრცის დაცვას და სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელსაყრელი გარემოს უზრუნველყოფას და რომ ეს პრიორიტეტი ხაზგასმული იქნება ვიზიტის განმავლობაში.

ვიზიტი და "ოცნება" - ევროპის დიალოგის დაწყების შანსი

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" არ გამორიცხავს, რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ხელისუფლების მისამართით შენიშვნებიც ჰქონდეს.

"ეს ჯერ ერთი ტურნეა და ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე მხოლოდ საქართველოს არ სტუმრობს. გარდა ამისა, თავმჯდომარე ანბანის მიხედვით 6 თვით ინიშნება კონკრეტული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ამიტომაც მისი ვალდებულება, რომ ეუთო-ს წევრ ქვეყნებს ეწვიოს.

"საქართველოს ხელისუფლება კი, იმის წარმოჩენას ცდილობს, რომ თითქოს იზოლაციაში არ არიან, თუმცა, ვიზიტი თავისთავად ვითარებას ვერ შეცვლის. მეორეა, რომ ჩამოდის, რა საკითხები განიხილება. ეუთო-ს პასუხისმგებლობისა და კომპეტენციის ორი ძირითადი სფეროა - კონფლიქტების დარეგულირება (ვენის ოფისი) და ადამიანის უფლებების დაცვა (ვარშავის ოფისი).

"საუბარი აუცილებლად იქნება ადამიანის უფლებებზე, მითუმეტეს დემოკრატიული ქვეყნის - ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის. ხელისუფლების მისამართით იქნება გაფრთხილება, ოღონდ ეს იქნება შენიშვნის სახით, რადგან მის კომპეტენციაში სანქციების ამოქმედება არ შედის. ამასთან, ევროკავშირისგან განსხვავებით ეუთო დემოკრატი ქვეყნების თანამეგობრობა არაა, მისი წევრია რუსეთი და რამდენიმე ავტორიტარული რეჟიმის მქონე ქვეყანა.

"ოცნება" პროპაგანდით საზრდოობს და შეეცდებიან ეს ვიზიტიც სათავისოდ გამოიყენონ. გვახსოვს ისიც იკადრეს, რომ ანბანის მიხედვით საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდებოდა და რუსთაველის გამზირზე დიდი დემონსტრაცია მოაწყვეს, რომ აი, საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს როგორ ენდო, ამ დროს, ანბანის მიხედვით საფრანგეთის მერე ჩვენ ვიდექით რიგში",- განაცხადა ჩიტაძემ.

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე კი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ "ოცნებას" სახვეწი არავისთან აქვს და აქეთ ევროპა ცდილობს დიალოგის შანსი არ დაკარგოს.

"ეტყობა ევროპას და მითუმეტეს ეუთო-ს უნდა, რომ საბოლოოდ საქართველოსთან დიალოგის შანსი არ დაკარგოს. სამწუხაროდ, რაც ეუთო-მ ჩაიდინა, რომ რამდენიმე თვის წინ სხდომაზე სკანდალი მოხდა, სადაც ჩვენი დელეგაცია ესწრებოდა ნიკოლოზ სამხარაძის მეთაურობით, გამოვიდა შვეიცარიელი და თქვა, რომ დამკვირვებელი ვიყავი, იდეალური არჩევნები იყო და არავითარი გაყალბება არ ყოფილა.

ისიც თქვა, რომ არ მოეწონათ ევროპაში ზოგიერთებს, რომ იმ პარტიამ კი არ გაიმარჯვა ამათ რომ უნდოდათ და ფსონს დებდნენ, არამედ სხვამ, ამიტომ ხდება ყველაფერი და ვერავინ ვერ გაბედა მისთვის რამე ეთქვათ, რომ მართალი არ ხარო.

"ვხედავ, რომ ეუთო ასე დიდხანს ვერ გააგრძელებს და უნდათ საქართველოს მთავრობასთან შანსი არ დაკარგონ, მით უმეტეს იმ ფონზე, როგორც 2024 წლის არჩევნების მერე განვითარდა მოვლენები.

"ევროპიდან დიალოგის გზებს ასე ერთბაშად ვერ გამოძებნიან, ხომ ვერ აღიარებენ, რომ ჩვენ არასწორს ვამბობდითო, ეს რომ მოხდეს ბევრი რამ უნდა შეიცვალოს. ახლა შეიძლება უფრო პასიურ რეჟიმში, მაგრამ მაინც რომ იყოს კონტაქტები და არ გაწყდეს, ამაზეა ლაპარაკი, თორემ ისე, რომ ერთბაშად რაღაცა შეტრიალდეს, არა.

„ეს ვიზიტი ნიშნავს იმას, რომ იზოლაციას ვეღარ ბედავენ, მემგონი ამას წინათ ევროკომისარი იყო, აზერბაიჯანსა და სომხეთში ჩავიდა და საქართველოში არა. ორივე ქვეყანას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ამ დროს ჩვენი მონაცემები ევროპაში ბევრად უკეთესია, ვიდრე აზერბაიჯანსა და სომხეთში, მაშ რატომ არ ჩამოდიხარ? ახლა არაფერი არ გამოუვიდათ და სახის შენარჩუნების პოლიტიკას აგრძელებენ",- განაცხადა მამრაძემ.

რას ამბობენ მმართველ პარტიაში

„ქართული ოცნების" დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება მიესალმება, ასევე, ნებისმიერი ევროპული ქვეყნის ლიდერს, რომელიც ფაქტებზე სასაუბროდ ჩამოვა და არა აღქმებზე.

„მივესალმები, რა თქმა უნდა, თუ ის ჩამოვა საქართველოში და მივესალმებით ნებისმიერ ევრობიუროკრატს, ნებისმიერი ევროპული ქვეყნის ლიდერს, რომლებიც აქ ჩამოვლენ ფაქტებზე და არა აღქმებზე სასაუბროდ. ფაქტებზე სასაუბროდ ჩვენ დიდი ხანია მზად ვართ და ამას არასდროს გავურბივართ.

არჩევნები რომ მორჩა და რევოლუციამ რომ ვერ გაიმარჯვა, მეორედ მოსვლა დაიწყო?! არ დაწყებულა, რა თქმა უნდა. ცხოვრება გრძელდება და ჩამოვიდეს. მომავალშიც ჩამოვა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც ჩამოვლენ," - განაცხადა შარმანაშვილმა.

აღნიშნა, რომ სრულად ეთანხმება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ "ვიდრე ბრიუსელი არ დაგმობს და გაემიჯნება მისგან მხარდაჭერილი ჯგუფების მიერ საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ძალადობრივ შტურმს, ის დარჩება ექსტრემიზმის მხარდამჭერად".

„ერთ სიტყვასაც კი არ გადავანაცვლებდი, ისე მოვაწერდი ხელს ამ ფრაზას. 100%-ით ვეთანხმები, იმიტომ, რომ მართლაც ასეა. ვიდრე ევროპული ქვეყნების ხელმძღვანელები არ გაემიჯნებიან, ისინი ირიბად და პირდაპირ, თანამონაწილე არიან სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობის", - აღნიშნა შარმანაშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×