რეზონანსი
12.10.2025

მეორე დღეა, შეფასებების თემაა "ნეიტრალური საქართველოს" მოთხოვნა, რომელიც ხელისუფლებას მოუწოდებს, ევროინტეგრაციის გეგმას გადახედოს და ამ საკითხზე რეფერენდუმი ჩაატაროს. მოძრაობამ ვრცელი განცხადება გუშინ გაავრცელა და ისაუბრა ევროკომისიის მიერ შემუშავებულ "ლგბტქ ახალ სტრატეგიაზე".

2026-2030 წლის დოკუმენტში ევროკომისია სხვადასხვა ზომას ადგენს, მათ შორისაა არასრულწლოვანებისთვის სქესის შეცვლის გამარტივებული პროცედურები. დოკუმენტის თანახმად, გაუქმებულია სქესის განსაზღვრის ასაკობრივი შეზღუდვები და გენდერის არჩევისას აღარ არის საჭირო არასრულწლოვანის სამედიცინო შეფასება. ასევე, არასრულწლოვანი, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს, თავად აირჩევს, გოგოა თუ ბიჭი.

ახალი სტრატეგია ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს ეკუთვნის. საუბარია იმაზეც, რომ იმ წევრ სახელმწიფოებს, რომლებიც სტრატეგიას არ გაითვალისწინებენ, შესაძლოა, ევროკავშირის დაფინანსება შეუწყვიტონ.

"ქართულ ოცნებაში" ევროპისთვის გარედან თავს მოხვეულ მიზანმიმართულ პროცესზე საუბრობენ და აქცენტს აკეთებენ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანების დაცვის შესახებ კანონზე, რომელიც საქართველოში მოქმედებს და რომელიც, მათი განმარტებით, ლგბტქ პროპაგანდის მიმართულებით არსებული საფრთხეების პრევენციისთვის მიიღეს.

"ევროკავშირს დღეს, როდესაც უდიდესი გამოწვევები აქვს, მათ შორის ამერიკის პრეზიდენტის მხრიდან ევროკავშირს აქვს გამოწვევები, როდესაც პრეზიდენტი ეუბნება ევროკავშირს, რომ ის უსამართლოდ ექცევა ამერიკას, უწესებს ტარიფებს, თვითონ ევროკავშირში არის უამრავი პრობლემები, ევროკომისიის პრეზიდენტს უკვე რამდენჯერმე მოუწყვეს იმპიჩმენტი, ეკონომიკური კოლაფსებია და ა.შ. სცალია იმისთვის, რომ კაცი კაცთან დააქორწინოს და ამაზე იდეოლოგია ააგოს და მერე დანარჩენებს დაავალოს. ჩვენ ასეთი ევრო ლგბტ კავშირებისგან ვერ მივიღებთ ვერანაირ განცხადებას. ამაზე ხალხმა უკვე ბოლო 1 წელიწადში ორჯერ მოგვცა სათანადო მანდატი“, - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×