
73 წლის რამზი ტაფეშმა ღაზა მაშინ დატოვა, როცა ქალაქში ისრაელელი სამხედროები გამოჩნდნენ. თითქმის ორი წლის შემდეგ, ის ოჯახთან ერთად მშობლიურ ქალაქში ახლა პირველად ბრუნდება. მშვიდობის დამყარებას იმედიანად უყურებს, თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ დამანგრეველი ომის შემდეგ, სახლის ადგილას ნასახლარი დახვდეს.
ღაზაში უკვე დაბრუნდა, თუმცა თავის სახლს ვერ მიაგნო სალვა შარაბმა. მან განუწყვეტლივი სამხედრო დაპირისპირების გამო, ქალაქი ხან იუნისი იძულებით არაერთხელ დატოვა, თუმცა, როგორც ამბობს, სურათი, რომელიც ამჯერად დახვდა, ყველაზე მძიმეა.
ვიდრე ომის გამო იძულებით გადაადგილებული პალესტინელები ღაზაში ბრუნდებიან, "ჰამასის" მიერ დატყვევებული ისრაელელების დაბრუნებას თელ-ავივში ისევ ელოდებიან. შეთანხმების თანახმად, რომელიც დაპირისპირებულ მხარეებს შორის ხუთშაბათს შედგა, ტყვეები სახლში მომდევნო კვირას უნდა დაბრუნდნენ. სანამ ეს მოხდება, მათი ოჯახის წევრები თელ-ავივის ქუჩებში იკრიბებიან და მილოცვებს იღებენ.
ტყვეების სახლში დაბრუნებაზე ისაუბრა მთავარმა შუამავლმა. დონალდ ტრამპის განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს ორშაბათს მძევლების დაბრუნების საკითხზე მუშაობა. თეთრი სახლის ლიდერმა აქცენტი გააკეთა შეთანხმების მნიშვნელობაზეც.
თუ რამე არ შეიცვალა, ომი ახლო აღმოსავლეთში სრულდება. 2 წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ღაზის სექტორიდან ჯავშანტექნიკისა და სამხედრო შეიარაღების გატანა ისრაელმა უკვე დაიწყო.