
„ჩვენ ვაშენებთ ქართულ, დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოს. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და ამის უკან დგას ქართველი ხალხი, რომელიც მხარს უჭერს ამ პროცესს“, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, დიპლომატმა ზურაბ აბაშიძემ.
წამყვანმა მას ჰკითხა, „თქვენ თქვით, რომ საქართველოს ხელისუფლება და „ქართული ოცნება“ რჩება [ევროკავშირთან] ცალმხრივი ურთიერთობის რეჟიმში. რამდენად გაამართლებს ასეთი მიდგომა?“
ზურაბ აბაშიძის თქმით, ეს არის გაცხადებული პოლიტიკური ამოცანა.
„დარწმუნებული ვარ, დრო ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს. ჩვენ ვაშენებთ ქართულ, დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოს. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და ამის უკან დგას ქართველი ხალხი, რომელიც მხარს უჭერს ამ პროცესს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, არჩევნებმა ეს აჩვენა. ყოველი არჩევნები ამას აჩვენებს.
შეიძლება ითქვას, რომ ყველა მიმართულებით ჩვენს მიერ გადადგმული ევროინტეგრაციისკენ მიმართული ნაბიჯები მკაფიო და ნათელია. ყველა საერთაშორისო კვლევით, რეიტინგებში, ქართული სახელმწიფო მოწინავეა კანდიდატ ქვეყნებს შორის - კორუფციასთან წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით. ამიტომ, ეს შეუქცევადი პროცესია“, - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
მისივე თქმით, საზოგადოება ამას ნათლად ხედავს და აფასებს, რის გამო აქვს ასეთი მაღალი მხარდაჭერა „ქართულ ოცნებას“.