
სამხრეთ კავკასიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ლუის გრაჩამ შეშფოთება გამოთქვა საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო.
კერძოდ, ის გამოეხმაურა 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, რომელიც ხელისუფლების დამხობის მცდელობას უკავშირდება.
„ღრმად შეშფოთებული ვარ მზარდი დაძაბულობითა და ძალადობით, რომელიც მოჰყვა საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს“-აღნიშნა გრაჩამ.
მან თავის განცხადებაში მოუწოდა მხარეებს, თავი შეიკავონ ძალადობისგან, მათ შორის, მოუწოდა ყველა პოლიტიკურ პარტიას, საკუთარ თავზე აიღოს ვალდებულება, რომ არსებული პოლიტიკური უთანხმოებები არაკანონიერი საშუალებების ნაცვლად დემოკრატიული გზით გადაიჭრას, როგორიცაა არჩევნები, მოლაპარაკებები და სხვა.
„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ დემოკრატიული მმართველობა უნდა ეფუძნებოდეს კანონს, ანგარიშვალდებულებასა და მშვიდობიან პოლიტიკურ დიალოგს. ამ დაძაბულ მომენტში მოვუწოდებ ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავონ ძალადობის ნებისმიერი ფორმისგან, ასევე, მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, აიღოს ვალდებულება, პასუხისმგებლობა და იმოქმედოს კანონიერი პოლიტიკური პროცესების შესაბამისად“, - აღნიშნა გრაჩამ.