რეზონანსი
11.10.2025

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 4 ოქტომბრის აქციის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხებიან.

ბურჭულაძის გამოკითხვა 18:00 საათზეა ჩანიშნული, ხოლო ზედელავას - 18:30 საათზე.

მათი გამოკითხვა თავდაპირველად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ რუსთავის ციხეში, გუშინ იგეგმებოდა, თუმცა როგორც ბურჭულაძემ, ისე ზოდელავამ სუს-ის მხრიდან გამოკითხვაზე უარი განაცხადეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ბურჭულაძე და ზოდელავა იმავე საქმეზე იკითხებიან, რაზეც ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილია დაბარებული.

აღნიშნულთან დაკავშირებით ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განმარტა, რომ „საქმე ეხებოდა სადღაც ჩამარხული იარაღის ფაქტს".

„როგორც აგვიხსნეს, საქმე ეხებოდა სადღაც ჩამარხული იარაღის ფაქტს, რასთან დაკავშირებითაც ბუნებრივია, არავითარი ინფორმაცია პაატა ბურჭულაძეს არ აქვს. გამოკითხვის ოქმში დავაფიქსირეთ ის, რომ ის არის პოლიტიკური ტყვე, პოლიტიკური პატიმარი და მის მიმართ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა. მის მიერ გაკეთებული განცხადებები უკვე არის გამოყენებული მის წინააღმდეგ, შესაბამისად, არსებობს რისკი, რომ ნებისმიერი ინფორმაცია ან ჩვენება, რომელსაც მისცემს მით უმეტეს ასე დაუგეგმავად, შეიძლება იქნას გამოყენებული პოლიტიკური მართლმსაჯულების პირობებში მის წინააღმდეგ, შესაბამისად ამ ეტაპზე ბურჭულაძემ ჩვენების მიცემაზე, მათ შორის სუს-ისთვის, უარი განაცხადა",- განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×